Home » ბიზნესი » „ლიბერთი ბანკმა“ თანამშრომლები შეამცირა?! – შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემის აკრძალვის პირველი შედეგი
„ლიბერთი ბანკმა“ თანამშრომლები შეამცირა?! - შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემის აკრძალვის პირველი შედეგი

„ლიბერთი ბანკმა“ თანამშრომლები შეამცირა?! – შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემის აკრძალვის პირველი შედეგი

რამდენიმე დღის წინ ამოქმედებულმა ეროვნული ბანკის რეგულაციამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. საუბარია, 7 მაისს  ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციაზე, რომლის ფარგლებში ბანკებიდან სესხების გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე აიკრძალა.

 „კომერსანტის“ ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკი“  განვადების მიმართულებით არსებული კადრების ნაწილს (200 ადამიანს) სამსახურიდან ათავისუფლებს და ამას  7 მაისს  ამოქმედებულ რეგულაციას უკავშირებს. რამდენად შექმნა აღნიშნულმა რეგულაციამ პრობლემა, დაითხოვა თუ არა საფინანსო ინსტიტუტმა  თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან, ამაზე პასუხს „კომერსანტი“ თავად „ლიბერთი ბანკისგან“ ელოდება.

მანამდე კი ვითარების შეფასება „კომერსანტმა“ „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძეს სთხოვა. მისი განცხადებით,   მსგავსი შედეგი მოსალოდნელი იყო.

როგორც კეპულაძე განმარტავს,  არ არის გამორიცხული, რომ ახალმა რეგულაციებმა საბანკო სექტორში კადრების  შემცირება გამოიწვიოს.

„როგორც წესი, როდესაც ბანკს ან ზოგადად,  ბიზნესს ნაკლები რესურსი სჭირდება გარკვეული პროდუქტის გასაყიდად, ცდილობს ზედმეტი ხარჯისგან გათავისუფლდეს. მოსალოდნელია, რომ შემცირდეს განვადებების რაოდენობა და ბანკს ელემენტარულად ამდენი თანამშრომელი აღარ დასჭირდეს“- აცხადებს კეპულაძე.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემის წინაშე შესაძლოა ტექნიკის მაღაზიებიც დადგნენ, რადგან მათი გაყიდვების 60-70 პროცენტზე მეტი სწორედ განვადებაზე მოდის.

„იმის გამო, რომ მათ შემოსავალი შეუმცირდებაც, შესაძლოა თანამშრომლები დაითხოვონ. ეს რეგულაცია ჩეულებრივი მოქალაქეების ზურგზე გადაივლის“- აცხადებს კეპულაძე.მისივე განცხადებით, ანალოგიური პრობლემის წინაშე არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომლებიც ძირითადად ინტერნეტ განვადებებზე  მუშაობდნენ.

„კომერსანტის“ ინფორმაციითვე, რითეილერები და ტექნიკის მსხვილი ქსელების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს  საფინანსო სექტორთან მართავენ.

commersant.ge

Share