Home » საზოგადოება » ლაშა პაპაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნას უარყოფს – რა ხდება ბიზნეს ასოციაციაში
ლაშა პაპაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნას უარყოფს - რა ხდება ბიზნეს ასოციაციაში

ლაშა პაპაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნას უარყოფს – რა ხდება ბიზნეს ასოციაციაში

ლაშა პაპაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნას უარყოფს – ამის თაობაზე პაპაშვილმა მედიასთან საუბრისას განმარტა, როცა აღნიშნა შემდეგი: „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლის საკითხს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა, განვმარტავ შემდეგს:

ა) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წესდების შესაბამისად, ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს სრულად ახორციელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ესაა სოსო ფხაკაძე, რომელიც ასევე არჩეულია წევრთა საერთო ყრილობის მიერ 4 წლის ვადით, 2017 წელს.

ბ) რაც შეეხება სხვა ნებისმიერ საკითხს, როგორც ყოველთვის, გადაწყდება ასოციაციის შიგნით, ასოციაციის წევრებთან ერთად“, – აცხადებს პაპაშვილი.

პაპაშვილი, ისევე როგორც ფხაკაძე, უდავოდ ითვლება ქართული ბიზნესის გავლენიან ფიგურანტად. მისი ეს განმარტება შესაძლოა აღქმული იქნას ისე, რომ მისი და მისი გავლენების გამზიარებლების სურვილია ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, ვადის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლამდე, ბოლომდე დარჩეს სოსო ფხაკაძე. რაც შეეხება, „ასოციაციის შიგნით, ასოციაციის წევრებთან ერთად“ სხვა ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, ამ განმარტების „გადათარგმნა“ რამდენიმეგვარად შეიძლება. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ წესდების თანახმად, ასოციაციის ყრილობის მოწვევა შესაძლებელია სამეთვალყურეო საბჭოს  წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით, საბჭოში 17 წევრია. ყრილობა კი გადაწყვეტილებას, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის შესახებ, იღებს ასევე უმრავლესობით. ასოციაციაში სულ 72 წევრია.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტიდან 10-წლიანი მუშაობის შემდეგ გიორგი ჭირაქაძის საკუთარი სურვილით გადადგომას ქართველ ბიზნესმენთა ყველაზე მსხვილ გაერთიანებაში მოვლენების საინტერესოდ განვითარება მოჰყვა.

გიორგი ჭირაქაძემ თავის უფლებამემკვიდრედ, სწორედ რომ მემკვიდრეობითობის მნიშვნელობაზე აპელირებით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე დაასახელა. ვიცე-პრეზიდენტ პაპაშვილის განცხადებიდან აშკარად იკვეთება, რომ ამ სურვილს ისიც უერთდება. სავარაუდოდ, იგივე პოზიციას გაიზიარებს კიდევ რამდენიმე ტრადიციულად ცნობილი ბიზნესმენი.

ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმე წევრმა ჭირაქაძის განცხადების შემდეგ, მალევე დააფიქსირა, რომ ფორმალურადაც და სამართლებრივადაც მართებული და სამართლიანი იქნება, გაერთიანების ახალი პრეზიდენტი ყრილობამ   რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიოს.

კერძოდ, ნიკოლოზ გამყრელიძემ („საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“) და გიორგი კვარაცხელიამ (კომპანია „ლილო მოლი“) მედიასთან საუბრისას დააფიქსირეს, რომ მოხდება ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არა დანიშვნა, არამედ რიგგარეშე არჩვნებზე მისი არჩევა.

გამყრელიძე რიგგარეშე არჩევნების მოლოდინშია, – „ასოციაციის წევრები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ველოდებით. ამის შესახებ, ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსაც მივწერე. ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ასოციაციის ყველა წევრის აზრი სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული“, – ამბობს გამყრელიძე.

არჩევნებს ელოდება ასევე კომპანია “ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია. მისი თქმით, არჩევნები დაინიშნება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალ პრეზიდენტს მასში შემავალი მსხვილი ბიზნესები ყრილობის საშუალებით აირჩევენ.

„ამ ეტაპზე ფხაკაძე პირველი ვიცე-პრეზიდენტია და ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობასაც ის შეასრულებს. ჩვენ არჩევნების მოლოდინში ვართ. ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა არჩევითია და არა – დანიშვნითი“, – განმარტავს კვარაცხელია.

ფაქტია, ქართველ ბიზნესმენთა ყველაზე მსხვილი გაერთიანება სიახლის მოლოდინშია. ზოგადად, ბიზნეს გაერთიანება, იმის ბიზნეს გაერთიანებაა, რომ ბიზნესის ხედვები და საჭიროებები ხელისუფლებამდე ეფექტიანად მიიტანოს და ამ კომუნიკაციაში მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ახერხებდა ამას თუ ვერა ასოციაცია ჭირაქაძის ხელმძღვანელობის 10 წლიან პერიოდში, სხვა კვლევის საგანია. რაც ზედაპირზე დევს, არის ის, რომ საზოგადოებას უფრო ის განცდა აქვს, რომ ბიზნეს გაერთიანება, როგორც წესი და უფრო მთავრობის ინიციატივების კვერის და ტაშის დამკვრელი იყო, ვიდრე საკუთარი, ახალი ინიციატივების შემთავაზებელი და მათი დამცველი.

შესაძლოა ეს ერთგვარი გზა და ხერხია – თავი უქნიო, საქმე კი მაინც შენებურად აკეთო. მაგრამ რამდენად მისაღებია ეს ხერხი, ამაზე საზოგადოების დამოკიდებულება უკეთ მეტყველებს, როგორც „ტრადიციული ბიზნესმენების“, ისე როგორც „ამ“, ისე „იმ“ მთავრობის მიმართ.

ახლა შანსია და ახლა მთავარი ის იქნება, თუ რას გადაწყვეტს ამქარი – რა სჭირდება ბიზნესს, მიიღებენ თუ არა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის „ანდერძს“ და  გააფორმებენ თუ არა უაპელაციოდ  ჭირაქაძის  მემკვიდრეობითობას, თუ თავიანთ ორგანიზაციულ განვითარებაში ახალ ფურცელს გადაშლიან.

თავისთავად, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის სოსო ფხაკაძისთვისაც, იდეაში, მოსალოდნელ არჩევნებზე წარდგომა, კონკურენტულ ბრძოლაში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში გაერთიანების ხელმძღვანელად ამგვარი მაღალი ლეგიტიმაციით მოსვლა, გაცილებით მისაღები უნდა იყოს, ვიდრე პირველი ვიცე-პრეზიდენტობის ეგიდით პრეზიდენტის მოვალეობის ვადის ბოლომდე შესრულება.

თუმცა, ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მეორეხარისხოვანია იმის ფონზე, რომ დღეს, პრინციპულად ახალი ვითარებაა. საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმა, ხელისუფლება საკმაოდ გაზარდა საიმისოდ, რომ გადაწყვეტილებები კონსულტაციების, შეთანხმებების, მოლაპარაკებების, კონსენსუსის გზით მიიღებოდეს და არა იმპერატიულად. ამ ვითარებაში ბიზნეს გაერთიანებას სჭირდება მინიმუმ „ორენოვანი“ თავკაცი, რაც გულისხმობს იმას, რომ მას, თანაბრად და კარგად უნდა ესმოდეს როგორც ბიზნესის ენა და საჭიროებები, ისე ხელისუფლების ხედვები და საერთო საქვეყნო ინტერესების სასარგებლოდ უნდა მოახერხოს მათი შეჯერება.

ის, რითაც დღემდე იყო ბიზნეს ასოციაცია დაკავებული, იყო ის, რაც იყო, მაგრამ საზოგადოებას მეტის მოლოდინი აქვს და მეტი სჭირდება.

commersant.ge

Share