Home » საზოგადოება » ლადო პაპავა – სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა
ლადო პაპავა - სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა

ლადო პაპავა – სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ლადო პაპავას განცხადებით, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაც შესაცვლელია, რადგან ინფლაციის არსებული მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამომხმარებლო კალათაა, რომელიც ხელოვნურად ამცირებს მიზნობრივ მაჩვენებელს. ამის შესახებ პაპავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ინფლაციის განსაზღვრისათვის სამომხმარებლო კალათის სტრუქტურის გადახედვა აუცილებელია. თუ ჩვენნაირი დონის ქვეყნებში სასურსათო კომპონენტი 50%-ზეა, ჩვენთან კი, 30%-ია, ეს ხელოვნურად ამსუბუქებს კალათას და ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა. საქმე ისაა, რომ ღარიბი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ტელევიზორი ან სასტუმროს ხარჯი გაიაფდება თუ გაძვირდება, რადგან ეს ის საქონელი და მომსახურებაა, რომელზეც მას ისედაც არ მიუწვდება ხელი, ამიტომ ეს აუცილებლად შესაცვლელია“, – განმარტა პაპავამ.

მისი აზრით, საქართველოში მიზნობრივი ინფლაციის ფიქსირებული მაჩვენებლის ნაცვლად, შესაძლებელია, ერთ-ერთ ვარიანტად ინფლაციის ზედა და ქვედა ზღვარის დაწესების საკითხიც განიხილებოდეს.

„რაც შეეხება ინფლაციის არსებულ მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 3%-ია, არის ქვეყნები, სადაც ზედა და ქვედა ზღვრებია დაწესებული. ასეთი ინფლაციური მიზნობრივი მაჩვენებელი უფრო მისაღებია, რომ როგორც ბიზნესს, ისე რიგით მოქალაქეს არსებულ ვითარებაზე წარმოდგენა შეექმნას. როცა გაქვს ერთი მაჩვენებელი და მასზე 1.5-ჯერ გადამეტება არაფერს ნიშნავს ცენტრალური ბანკისთვის, გაუგებარია, ეს რა მიზნობრივი მაჩვენებელია. არიან ქვეყნები, სადაც ინფლაციის მაჩვენებლის დიაპაზონი ძალიან დიდია და ესეც კითხვებს ბადებს, მაგრამ ამ დიაპაზონში სხვა თუ არაფერი, მოქმედება ლეგიტიმურია, ხოლო როცა მიზნობრივი მაჩვენებელი გაქვს 3% და ბოლო მონაცემით 4.7% ფიქსირდება, მიზნობრიობა თავისთავად აზრს კარგავს“, – განაცხადა პაპავამ.

Share