Home » საზოგადოება » ლადო პაპავა – ჩვენ დღეს გვაქვს გადარჩენაზე ორიენტირებული ეკონომიკა
ლადო პაპავა - ჩვენ დღეს გვაქვს გადარჩენაზე ორიენტირებული ეკონომიკა

ლადო პაპავა – ჩვენ დღეს გვაქვს გადარჩენაზე ორიენტირებული ეკონომიკა

“გამოსავალი ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობაა”

ეკონომიკაში არსებულ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე “ბანკები და ფინანსები” აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა:

– 2019 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5%-ით უნდა გაიზარდოს. მომავალი წლების ზრდის პროგნოზებიც არ არის შთამბეჭდავი, საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში ვიზრდებით. რამდენად არის საკმარისი ეს ზრდა იმისთვის, რომ რიგითმა მოქალაქემ ის საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს?

– პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, რომ დავანებოთ თავი ტერმინ “მთლიან შიდა პროდუქტს”, რომელიც არის რუსული ზეგავლენით და რუსულიდან პირდაპირ ნათარგმნი, თანაც სინამდვილეში უნდა იყოს “შიგა” და არა “შიდა”. მე და ჩემი მეგობარი აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე შევთანხმდით, რომ ამ ტერმინის სწორ ფორმულირებას დავამკვიდრებდით, რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება როგორც “მთლიანი სამამულო პროდუქტი”, შემოკლებით GDP.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მსოფლიოში ეკონომისტები ბოლომდე არ ენდობიან ამ მაჩვენებელს და თვლიან, რომ ის ობიექტურად არ ასახავს ეკონომიკის მდგომარეობას. ამ თემაზე ბევრი კვლევა ჩატარდა, ერთ-ერთს გამოვარჩევ, რომლის ავტორიც არის ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი. მას მოჰყავს ძალიან მარტივი მაგალითები. წარმოიდგინეთ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ავტომობილი და მასში მყოფი ადამიანიც. სამივე შემთხვევაში აღდგენის პროცესი დაკავშირებულია მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდასთან, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ შესაძლოა GDP-ს ზრდა ისეთმა ფაქტორებმა განაპირობოს, რაც კავშირში არ არის ადამიანების კეთილდღეობის ზრდასთან.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას. თქვენ თუ ნახავთ ჩვენი მთლიანი სამამულო პროდუქტის სტრუქტურას, განსაკუთრებული ტემპებით იზრდება ფინანსური სექტორი, ანუ ფინანსურ სექტორში რაც მეტი სესხი იქნება გაცემული, მით მეტად გაიზრდება ეკონომიკა, თან ხშირ შემთხვევაში ვერც აბრუნებენ უკან ამ სესხებს უსახსრობის გამო. შესაბამისად, GDP კეთილდღეობის შესაფასებლად საკმაოდ სუსტი მაჩვენებელია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მასზე უფრო განზოგადებული მაჩვენებელი ჯერ შექმნილი არ არის და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ამით გავზომოთ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას საკუთარ თავზე, პასუხი არის მარტივი – იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინკლუზიური ზრდა, ჩვენი ეკონომიკის რეალური სექტორები განუვითარებელია, ისეთი მნიშვნელოვანი დარგები როგორიცაა მაგალითად სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, ბევრად უფრო მცირე ტემპებით იზრდება, ვიდრე საფინანსო სექტორი, ან სასტუმროები და რესტორნები, შესაბამისად მოსახლეობა ვერ გრძნობს საკუთარ თავზე მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდას.

– ამ შემთხვევაში მთავრობამ რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს, ხელოვნური ჩარევებით გაზარდოს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სექტორი?

– ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის 48% ცხოვრობს სოფლად, ხოლო სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მთლიან სამამულო პროდუქტში არის 8%, ეს ნიშნავს კრიზისს. თანაც ეს 8% იმ ფონზე, რომ აბსოლუტურად განუვითარებელია მრეწველობა, რაც არის კატასტროფა. ამიტომ, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს პროაქტიული პოლიტიკა. მაგალითად, ავიღოთ ~საპარტნიორო ფონდი”, რომელსაც თავიდან ჰქონდა ბევრი საეჭვო პროექტი, მათ შორის სასტუმროები, მეღორეობის ფერმა, რასაც კერძო ბიზნესიც გააკეთებდა, რა საჭირო იყო საპარტნიორო ფონდი, მაგრამ ბოლო პერიოდში მან საგრძნობლად გააუმჯობესა მუშაობა და საინტერესო პროექტებს დაუჭირა მხარი. მაგალითად, თბილისის შემოგარენში ახალი საავიაციო ქარხნის აშენება, რომელიც საფრენი აპარატების დეტალებს დაამზადებს, აი ეს უკვე სწორი და მისასალმებელია.

საერთოდ მე ვთვლი, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი მოდელის საფუძველზე და ამ მოდელს ჰქვია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ნებისმიერი სხვა მოდელი ქვეყნისთვის არის დამღუპველი. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, მაგრამ არა იმდენი, რომ მათი ექსპლუატაციით ვიყოთ მდიდრები ან თვითკმარი. შესაბამისად წინა პლანზე გამოდის ინტელექტუალური რესურსის გამოყენება. ხშირად მომყავს ხოლმე “სკაიპის” მაგალითი, რომლის სამშობლო არის ესტონეთი, თუ ესტონეთმა მოახერხა სკაიპის შექმნა, რატომ არ შეიძლება, რომ ასეთივე ინტელექტუალური პროდუქტი იქმნებოდეს საქართველოშიც? ძალიან კარგია რომ მაგალითად ღვინის ექსპორტი იზრდება, თუმცა ეს არ არის ქვეყნის განვითარების პერსპექტივა, ბოლო ბოლო რამდენი ღვინო შეიძლება დავამზადოთ საქართველოში, რამდენი ყურძენი შეიძლება მოვიყვანოთ? დამატებული ღირებულება ღვინოში არის მცირე, რაც, შესაბამისად, მცირე შემოსავალს იძლევა, ხოლო ინტელექტუალურ პროდუქტს, რომელსაც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა მოგვცემს, ძალიან მაღალი დამატებული ღირებულება ახასიათებს და სწორედ ასეთი პროდუქტების ექსპორტით ქვეყანა დადგება განვითარების გზაზე.

– თქვენ პრაქტიკულად განათლების სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე მიუთითეთ. ამ კუთხით როგორ აფასებთ პროცესების მიმდინარეობას, მოგეხსენებათ საკმაოდ მნიშვნელოვნად იზრდება განათლების სექტორის დაფინანსება, რამდენ ხანში გვექნება შედეგი?

– თუ განათლებისა და მეცნიერების სისტემა არ გარდაიქმნა, ვერ შევქმნით ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. ამბობენ, რომ განათლებაში რეფორმა უნდა დავიწყოთ სკოლამდელი განათლებით, რაც არის დამღუპველი, იმიტომ, რომ თუ სკოლამდელი განათლებიდან დაიწყებ, სანამ ბოლოში გახვალ დაკარგავ რამდენიმე ათეულ წელიწადს. ჩვენ უნდა დავიწყოთ პირიქით, ანუ მეცნიერებით. როგორი მეცნიერებაც გვჭირდება, იმისი შესაბამისი უნივერსიტეტები უნდა შევქნათ, შესაბამისი პროფესიული განათლებით, შესაბამისი სკოლებით და დავალთ ბოლო რგოლამდე.

ბევრი პრობლემა არსებობს. მაგალითად, უნივერსიტეტების დაფინანსება. შეიძლება დოქტორანტი თავისით იხდიდეს სწავლის საფასურს? ეს დანაშაულია ერის და ახალგაზრდობის წინაშე. თუ ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა დოქტორანტი, ის არ უნდა იხდიდეს სწავლის საფასურს, ეს არის ის საზოგადოებრივი დოვლათი, რომელსაც სჭირდება სუბსიდირება. არ შეიძლება დოქტორანტი თან მუშაობდეს და თან სწავლობდეს, არ გამოუვა მას ხარისხიანი დისერტაცია. აუცილებელია აგრეთვე შეიქმნას პოს-დოქტორანტურის სისტემა, ანუ სანამ ის რამე სამსახურს ნახავს, უნივერსიტეტმა მას ხელი უნდა შეუწყოს, რომ გააგრძელოს კვლევითი საქმიანობა.

რა თქმა უნდა, მისახედია მეცნიერება, რომელიც დღეს არის ძალზედ რთულ მდგომარეობაში. დღეს მეცნიერის შრომა არის არაპრესტიჟული. ამიტომ ახალგაზრდები, ვინც წარმატებით იცავენ დისერტაციებს, თითქმის არ რჩებიან მეცნიერებაში, რატომ უნდა დარჩნენ? ხელფასი მიზერულია, ოჯახს ვერ შეინახავენ, კარიერული წინსვლის შესაძლებლობა არაა. სწორედ ამიტომ შესაცვლელია მეცნიერების დაფინანსების სისტემა, პრესტიჟული უნდა გავხადოთ მეცნიერის პროფესია, თუმცა ამის მიღწევა მხოლოდ დაფინანსების ზრდით ვერ მოხდება, არამედ სამუშაო ადგილი უნდა შეიცვალოს. წარმოიდგინეთ რო ფიზიკოსს მიეცით მეტი ხელფასი და არ მისცეთ ლაბორატორია, ბიოლოგს გაუზარდე ხელფასი და არ მისცე ვივარიუმი, სადაც ცხოველებზე დაკვირვება უნდა ჩაატაროს.

ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, უნდა დავიწყოთ მეცნიერებით. სანამ ჩვენ ჯერ კიდევ ვარსებობთ ძველი თაობის წარმომადგენლები, კიდევ შეგვიძლია ცოდნა გადავცეთ ახალგაზრდებს, მერე დიდი წყვეტა იქნება, რასაც ათეულობით წლები დასჭირდება. ეს არ არის საპატრულო პოლიცია, 6 თვიან კურსებს რო გაატარებ, ფორმას ჩააცვამ და უკვე პოლიციელია, მეცნიერის გაზრდას სჭირდება ათეულობით წლები. იმის გამო, რომ ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ, შესაძლოა ყველა დარგისთვის საკმარისი რესურსები არ იყოს, მაგრამ, აუცილებელია, რომ მეცნიერების ყველა დარგში გვყავდეს მკვლევარი, რომელიც ჩართული იქნება საერთაშორისო პროექტებში. დღეს უკვე გლობალიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ქართველი მეცნიერის ბაზა იყოს თავის ქვეყანაში და წვდომა ჰქონდეს დიდ სისტემასთან. მე მივესალმები მასწავლებლებისთვის ხელფასების მატებას, მაგრამ თუ მასწავლებლების მასწავლებლებზე არ ვიფიქრეთ, მასწავლებელი აღარ გვეყოლება. ხოლო, ეს უკანასკნელი თუ მეცნიერებაში არ იყო ჩართული, ის ვერ გაიგებს რა ხდება საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში და, შესაბამისად, არაფერი ექნება მოსაყოლი მასწავლებლებისთვის.

მივესალმები ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას, სადაც მაღალი კვალიფიკაციის ინჟინრებმა უნდა იმუშაონ, საშუალო დონის მანდ ვერ იმუშავებს. ეს კი უკვე აისახება როგორც პროფესიულ, ისე საინჟინრო განათლებაზე. გარდა ამისა, მე, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები რომ გაუქმდა. პრაქტიკულად, ახალგაზრდობამ თავი დაანება სწავლას და სწავლობენ მხოლოდ იმ საგნებს, რაც სჭრდებათ უმაღლესში ჩასაბარებლად, ეს კი დიდი შეცდომაა, ზოგადი განათლება უგულებელყოფილია. ანუ მივადექით პრინციპულ საკითხს, ჩვენი განვითარების გასაღები დევს არა ეკონომიკაში, არამედ განათლებასა და მეცნიერებაში.

– ტურიზმის სექტორის სტიმულირებაზე რას ფიქრობთ?

ტურიზმი არის გადარჩენის ეკონომიკა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს საგარეო სავაჭრო ბალანსში იმპორტი სამჯერ აღემატება ექსპორტს, ამ ექსპორტშიც ლომის წილი მოდის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე. ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 80% არის იმპორტული საქონელი, ტურისტი რომ ჩამოვა, მასაც ხომ იგივე კალათას ვახვედრებთ, ანუ ისევ იმპორტი უნდა გავზარდოთ. ტურისტი რომ შედის სასტუმროში, თითქმის ყველა ნივთი თუ საკვები მის ირგვლივ იმპორტირებულია. ხოლო პირობითად სახაჭაპურეებით გამდიდრებული კაცი მე არ მინახავს, ის მხოლოდ გადარჩენაზეა ორიენტირებული, ანუ ჩვენ დღეს გვაქვს გადარჩენაზე ორიენტირებული ეკონომიკა. ხშირად ბევრს ჰგონია, რომ მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ტურიზმის, არა ვარ ბატონო წინააღმდეგი და მოგიყვანთ, მაგალითად, კარგ ტურისტულ ქვეყნებს – შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი თუ აშშ ყველა ტურისტული ქვეყნებია, მაგრამ ისინი არ არიან მხოლოდ ტურისტული ქვეყნები, მანდ რომ ტურისტები ჩადიან და მოთხოვნას ქმნიან, ის მოთხოვნა მუშაობს ადგილობრივი მიწოდების ზრდაზე. ჩვენთან რო ტურისტი ჩამოდის და დამატებით მოთხოვნას ქმნის, ის მუშაობს თურქეთის ეკონომიკაზე, ან ჩინეთის ეკონომიკაზე. ამიტომ ჩვენთან ტურიზმი ეკონომიკას კი არ ანვითარებს, იმპორტს უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ეს არის გადარჩენის ეკონომიკა.

აშშ თურქეთის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულ ფაზაში შევიდა. აშშ-მა უკვე დაუბლოკა საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება თურქეთის მაღალჩინოსნებს და რამდენიმე სამინისტროსთან გაწყვიტა ყველა სახის ურთიერთობა.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მწვავედ შეიძლება აისახოს თურქეთის კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე და რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტების გასანეიტრალებლად?

ცხადია, თურქეთის ეკონომიკაში არსებული კრიზისი პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზეც. პირველ რიგში ეს გავლენას იქონიებს ეროვნულ ვალუტაზე, ბევრს შეიძლება არ მოსწონს როცა ამაზე საუბრობენ მთავრობის წევრები, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და ჩვენ რომ გვყავდეს უფრო გონიერი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა, ეს რისკი შეიძლება შერბილებულიყო. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ თურქეთის ეკონომიკაში წავიდეს ინფლაციური პროცესები, მანამდეც, თვითონ თურქეთის მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ინფლაცია იყო საკმაოდ მტკივნეული და საგრძნობი. შესაბამისად, იმის გამო რომ ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ბევრმა ფაქტორმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ჩვენს ეკონომიკაზე, რასაც მხოლოდ ძლიერი ეკონომიკით უნდა დავუპირისპირდეთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ავტარკიული სისტემისკენ სვლა იქნება შეცდომა, მცირე ზომის ეკონომიკა ვართ და ამას ვერ შევძლებთ, რა თქმა უნდა ღია ეკონომიკის პრინციპი არის სწორი გზა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ საექსპორტო პოტენციალი და აგრეთვე უნდა მოვახდინოთ საგარეო ბაზრების დივერსიფიცირება.

ესაუბრა შოთა გულბანი

Share