Home » ახალი ამბები » კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა
კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა

კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა, – ამის შესახებ ნათქვამია გაერო–ს მოსახლეობის ფონდისა და გაერო–ს ბავშვთა ფონდის 2017 წლის ანგარიშში „ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკები საქართველოში“.

როგორც გაერო–ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის უფროსმა ლელა ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული კვლევა თვისებრივია და კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადრეული ქორწინება არაა დაკავშირებული ტრადიციასთან ან რომელიმე ეთნიკურ ჯგუფებთან, როგორც ადრე იყო მიჩნეული, არამედ ის გავრცელებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად.

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევ ფაქტორებს შორის არის ორი ძირითადი ბლოკი, რომელიც ხელს უწყობს ამ საზიანო პრაქტიკის არსებობას. პირველი არის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც დაკავშირებულია სიდუხჭირესთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობასთან, რომელიც, ფაქტობრივად, ახალგაზრდებს არ უტოვებს დიდ ალტერნატივას და შესაძლებლობებს, იმისთვის რომ მათ ცხოვრებაში არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, არასწორი პრაქტიკის გამომწვევი ფაქტორების მეორე ბლოკია გენდერული ნორმები, რომელიც ახალისებს ადრეულ ქორწინებას.

ბაქრაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ფართოდაა ფესვგადგმული სტერეოტიპული გენდერული ნორმები. ბაქრაძის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ქორწინება დაკავშირებულია სწავლა–განათლების შეწყვეტასთან, განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში.

ლელა ბაქრაძემ რეკომენდაციებზეც ისაუბრა სამი ძირითადი მიმართულებით:
1. სამეანო პრაქტიკებთან არსებული კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა და მისი მონიტორინგი; 2 ფართო ღონისძიებების ხელშეწყობა, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში გენდერული ნორმების ტრანსფორმაციას და სოციალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს; 3. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაში განათლებასა და დასაქმებაში ინვესტირება.
ლელა ბაქრაძემ ასევე ისაუბრა, გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკაზე.

„კვლევამ სპეციალურად გააკეთა აქცენტი ამ პრაქტიკაზე და იკვლია ის ეთნიკური უმცირესობა, სადაც მედიის მიერ წარმოდგენილი იყო გარკვეული ინფორმაცია ამ პრაქტიკის შესახებ. ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგად გახდა შესაძლებელი გარკვეული ინფორმაციის ამოღება. მონაწილეთა თქმით, პრაქტიკა ან აღარ არსებობს, ან თუ არსებობს ის არის ძალიან დაფარული იმის გამო, რომ ის იყო ფართოდ გაშუქებული ან ხანდახან არასენსიტიურად გაშუქებული“, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

ანგარიშის პრეზენტაციას ასევე ესწრება პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. მისი თქმით, კვლევაში ასახული მიგნებები და რეკომედაციები მნიშვნელოვანია და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ნებისმიერ პროგრამასა თუ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს.

სოფო ჯაფარიძის თქმით, იქნება გასვლითი შეხვედრები რეგიონებში და მოხდება უშუალოდ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა.

ანგარიშში ასახულია შემდეგი მიგნებები: 1. მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგონას უფლებებს, ჯანმრთელობას, განათლებას, მისი პოტენციალის განვითარებას და ართმევს მას უკეთესი მომავლის შანსს; 2. ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე დედაქალაქის ჩათვლით. ის ასევე გვხდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებების თემებში; 3. გოგონებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი არ მიიღება მისაჩნევად და ამიტომ მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა მიიჩნევა და სხვა.

Share