Home » ბიზნესი » „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ – აზარტული თამაშების ექსპანსია ქართულ სპორტში
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ - აზარტული თამაშების ექსპანსია ქართულ სპორტში

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ – აზარტული თამაშების ექსპანსია ქართულ სპორტში

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ახალი სახელწოდებით ტარდება. ნაცვლად „ეროვნული ლიგისა“ და „ეროვნული ლიგა2“-ისა, ჩემპიონატი ტარდება სახელწოდებით „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა2“.

ამის თაობაზე ხელშეკრულება მარტში, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია კრისტალბეთს შორის გაფორმდა. კონტრაქტს ხელი კომპანია „კრისტალბეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კობა გიგლემიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოაწერეს.

კონტრაქტი 2-წლიანია და ამ პერიოდში კრისტალბეთი ეროვნული ლიგის გასაძლიერებლად 2 მილიონ ლარს გადაიხდის. ეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დღემდე განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე ძლიერი ფინანსური მხარდაჭერაა.

კრისტალბეთის აღამსრულებელი დირექტორის, კობა გიგლემიანის განცხადებით, კომპანია „კრისტალბეთი“ თავის წილ პასუხისმგებლობას ქართული ფეხბურთის მიმართ არ გაურბიან და მის განვითარებაში წვლილიც შეაქვს.

 „ქართულ ფეხბურთს მდიდარი წარსული გაააჩნია და მიმაჩნია, რომ ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა, მის განვითარებას ხელი შევუწყოთ. აქვე ვიტყი, რომ ჩვენი კომპანია კატეგორიულად ემიჯნება ქართულ ფეხბურთში ფსონების მიღებას. 2 წელი ქუთაისის ტორპედოს სპონსორები ვიყავით. ანუ ქართულ ფეხბურთში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ახლა ქართულმა ფეხბურთმა გამოიღვიძა და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივრების დაბრუნებას ხელი შევუწყოთ“, – აცხადებს გიგლემიანი.

„კრისტალბეთსა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ეს კონტრაქტი თავისი არსით ისტორიულია, ისტორიულია როგორც საქართველოს ლოკალურ დონეზე, ასევე გლობალურ დონეზეც, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში, არც ერთი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის დასახელებაში, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნების, აზარტული სათამაშო ბიზნესის დასახელება არ გვხდება.

აზარტული თამაშების რეგულირების კუთხით საქართველოში უკვე წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე – იქნება ეს საკანონმდებლო თუ ანალიტიკური სივრცე, ასევე კონკრეტულად ის ადამიანებიც, რომელთა ახლობლები თუ ოჯახის წევრები აქტიურად არიან დაკავებულები აზარტული თამაშებით. თუმცა, საუბრები მხოლოდ საუბრებად რჩება და ამ მიმართულებით ხელშესახები ცვლილებები არ ჩანს. პარლამენტში ახალი კანონის მიღება აზარტული თამაშების რეგულირების მიმართულებით „გაჭედილია“. გასულ კვირას დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილეს, ჩავარდა, რაც ერთი ორად ზრდის ეჭვს იმის თაობაზე, რომ ამ სექტორს საკმაოდ დიდი ლობი ჰყავს საკანონმდებლო სივრცეში. ლობის არსებობის შესახებ უკვე პარლამენტარებიც ღიად საუბრობენ.

მართალია, აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთის“ დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მათი კომპანია საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფსონებს არ მიიღებს, თუმცა ამას აკეთებენ სხვა კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში აზარტული თამაშების სექტორში. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართული აზარტული თამაშების სექტორი ფსონებს საქართველოს ჩემპიონატზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იღებდა, რასაც ჩაწყობილ პოზიციებთან დაკავშირებული სკანდალი უძღვოდა წინ. გასულ წელს კი ფსონების მიღება განახლდა, რასაც მიმდინარე წელს „კრისტალბეთსა“ და ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმებაც მოჰყვა.

ბუნებრივია სპონსორობა და კერძო ბიზნესის დაინტერესება უმნიშვნელოვანესი და მისასალმებელია, თუმცა უმსხვილესი აზარტული თამაშების კომპანიები, მაგალითად, William Hill, Bet365 და სხვანი, მსგავსი პრეცედენტები არ უფიქსირდებათ. მათი ფინანსური მდგომარეობა შთამბეჭდავია, თუმცა ვერ ვნახავთ, მაგალითად ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის დასახელებაში „უილიამ ჰილის პრემიერ ლიგას“, ან ესპანეთის ჩემპიონატში „ბეთ365-ის ლა ლიგა“. მათი რეკლამირება ძირითადად მაისურებზე გამოსახული კომპანიის დასახელებით და სხვა მიმართულებით შემოიფარგლება. ქართულ რეალობაში გაჩენილი „კრისტალბეთის ეროვნული ლიგა“ კი საფუძვლიან ეჭვს იძლევა იმის თაობაზე, რომ აზარტული თამაშების საცეცებმა საქართველოში ამ კუთხითაც შეაბიჯა.

სანდრო პირველი

Share