Home » ეკონომიკა » კორუფციული სქემა ინფრასტრუქტურულ პროექტებში – გაყიდული ტენდერები და შუა გზაზე მიტოვებული დაუსრულებელი საგზაო პროექტები
კორუფციული სქემა ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გაყიდული ტენდერები და შუა გზაზე მიტოვებული დაუსრულებელი საგზაო პროექტები

კორუფციული სქემა ინფრასტრუქტურულ პროექტებში – გაყიდული ტენდერები და შუა გზაზე მიტოვებული დაუსრულებელი საგზაო პროექტები

წყარო, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული საგზაო სამშენებლო ბიზნესთან, იმ პრაქტიკის შესახებ გვიყვება, რომელიც ამ სფეროშია დამკვიდრებული – საქმე, ძირითადად, შიდა მოწყობის გზებს უკავშირდება, რომელშიც ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

სქემა ასეთია _ ტენდერში მონაწილეობს და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია, რომელიც შექმნილია ფორმალურად და მას არც გამოცდილება და არც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია. სამაგიეროდ, ტენდერის პირობები ზუსტად ამ კომპანიაზეა მორგებული. ამიტომ იგი ქვეკონტრაქტორებთან აფორმებს ხელშეკრულებას და ამისთვის გარკვეულ პროცენტს იღებს, დაახლოებით 5-6 %, რაც ხშირად რამდენიმე მილიონია – ანუ პროექტს ყიდის.

ქვეკონტრაქტორი კომპანიები იძულებულები არიან დათანხმდნენ ამ სქემას, რადგან სხვანაირად უმუშევრები რჩებიან. თუმცა პროექტის დაწყების შემდეგ უჩნდებათ ფინანსური პრობლემები და ამიტომ რჩება შიდა მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტები დაუსრულებელი. ჩავარდნილ პროექტებზე დამკვეთი გამარჯვებულ კონტრაქტორი კომპანიისკენ იშვერს ხელს, ის ქვეკონტრაქტორისკენ და საბოლოოდ პასუხისმგებელი არავინაა. ეს არის “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში დამკვიდრებული სქემა.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ-ერთი ესეთი ინფრასტრუქტურული პროექტი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზაა, რომლის მშენებლობაც 2017 წლის 18 იანვარს დაიწყო. სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში, უნდა დასრულებულიყო თუმცა პროექტი 2020 წლის 26 ივნისამდე გადავადდა. პროექტის ღირებულება 38 000 000 ლარია.

სააგენტო “კომერსანტი” შეეცადა გაერკვია რა გახდა პროექტის გაჭიანურების მიზეზი და ჰყავს თუ არა ქვეკონტრაქტორი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებელ კომპანიას. ჩვენს კითხვებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი გვპასუხობს:

_ ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იყო განსახლების პრობლემები, რამაც გამოიწვია პროექტის შეფერხება. ახლა უკვე ბუფერი ჩამოყალიბებულია, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დავასრულეთ და გამოსყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ქვეკონტრაქტორი კომპანია ჰყავს თუ არა ეს არ ვიცით, ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ერთობლივი საწარმო კომპანია ბლექ სი გრუპი – ვაჰაგანი & სამველი- თან. არასდროს ვერევით იმაში ჰყავს თუ არა დაქირავებული ქვეკონტრაქტორი შემსრულებელ კომპანიას, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ზოგადად ქვეკონტრაქტორები შეიძლევა ყველა ორგანიზაციას ჰყავდეს, რა სქემები და რა მოლაპარაკებები არსებობს ამაში საგზაო დეპარტამენტი არ ერევა, ეს არ არის მისი პრეროგატივა, ჩვენ ყოველთვის ურთიერთობა გვაქვს კონტრაქტორ ორგანიზაციებთან და არა ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რადგან პასუხისმგებელი შესრულებულ სამუშაოებზე, ხარისხზე, ვადებში დასრულებაზე არის კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში.

– თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება ინფრასტრუქტურული პროექტები?

– გაჭიანურების პროცესი სხვადასხვა მიზეზებს უკავშირდება. შეიძლება დამატებით პროექტის შესწორება-გადაკეთება გახდეს საჭირო, რადგან სამუშაოების მიმდინარეობისას სხვა გადაწყევტილება იქნეს მიღებული. პროექტი შეიძლება მოსახლეობის რაღაც მოთხოვნის გამოც გაჭიანურდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ერთ კონტრაქტორს შეიძლება რამდენიმე ქვეკონტრაქტორი ჰყავდეს და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდეს მაგრამ, ჩვენს წინაშე ვალდებული არის კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ხელშეკრულება საგზაო დეპარტამენტთან გააფორმა და არავითარ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორი. კომპანია თავის ძალებით შეასრულებს სამუშაოებს თუ ქვეკონტრაქტორის დახმარებით ეს მათი გადასაწყვეტია და შემსყიდველი არასდროს ერევა.

– არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა სავარუდო კორუფციის მიზეზი ხდება. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

_ კორუფცია რა შუაშია ვერ გავიგე, ჩვენთან წინადადება აქვს შემოტანილი კონტრაქტორ ორგანიზაციას. კომპანია გვთავაზობს, რომ გარკვეულ თანხაში პროექტს შეასრულებს, ის ვალდებულია ყველაფერი იმ პროექტის შესაბამისად შეასრულოს, რომელიც შემსყიდველს გამოტანილი აქვს. თუ პროექტი არ სრულდება ეს სხვა საკითხია მაგრამ, თუ პროექტის შესაბამისად კეთდება ყველაფერი, ვინ ასრულებს სამუშაოებს რა მნიშვნელობა აქვს?

– შესაძლებელია არის თუ არა რომ გაუმჭვირვალო პროცესების გამო ტენდერებში არაკვალიფიციურმა კომპანიებმა ისარგებლონ?

_ პასუხისმგებლობა ყველაფერზე კონტრაქტორს ორგანიზაციას ეკისრება, რომელი კომპანია ითანამშრომლებს ცუდი რეპუტაციის ქვეკონტრაქტორთან, რომელიც სახელს გაუფუჭებს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს პრობლემები, შეიძლება პროექტი ვერ სრულდებოდეს ვადებში და ვინმე არაკეთილსინდისიერად ასრულებდეს. მაგრამ, ეს არ არის მარტო ქვეკონტრაქტორის ბრალი, ეს არის კონტრაქტორის ბრალი, რადგან ხელშეკრულება მასთან დაიდო. თუ ქვეკონტრაქტორი ვერ უსრულებს სამუშაოებს მას ყოველთვის აქვს იმის უფლებამოსილება, შეცვალოს კომპანია და სხვა ქვეკონტრაქტორი დაიქირაოს.

ქვეკონტრაქტორების საკითხი, რომ დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა ადასტურებენ არასამთავრობო სექტორშიც. გასულ წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ შეისწავლა ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რისკები სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. არასამთავრობო ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ქვეკონტრაქტორების გამოყენება რჩება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დაფარულ მხარედ, სადაც მაღალია ყველა იმ მავნე პრაქტიკის არსებობის ალბათობა, რომელთა თავიდან აცილებასაც ემსახურება შესყიდვის გაუმჭვირვალე ტენდერები. მისი თქმით, შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმაზე ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო უნდა იყოს. ბესო ნამჩავაძე `კომერსანტთან~ იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც ქვეკონტრაქტორის გამოყენების დროს ჩნდება:

1. გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია, თუ რეალურად ვინ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვით აღებული ვალდებულებები და ვინ მიიღო ფული სახელმწიფოსგან. ეს ზრდის კორუფციულ რისკებს, რადგან შესაძლოა, ქვეკონტრაქტორი კომპანიების მფლობელები ხელისუფლების წევრებთან დაახლოებული პირები (ყოფილი ბიზნეს პარტნიორები, მეგობრები, ნათესავები) ან სახელისუფლებლო პარტიაზე თანხის შემწირველები იყვნენ. ასევე, გაუმჭვირვალობით შესაძლოა ცუდი რეპუტაციის მქონე კომპანიებმა ისარგებლონ;
2. საქონლის ან მომსახურების მიწოდება რეალურად განახორციელოს ისეთი კვალიფიკაციის და კომპეტენციის კომპანიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ პირობებს. მომავალში ეს მიწოდების დროულად და ხარისხიანად განხორციელების სერიოზულ რისკებს წარმოშობს;
3. შესაძლოა, წინასწარი შეთანხმებით, კომპანიებმა ტენდერის დროს რეალურად კონკურენცია არ გაუწიონ ერთმანეთს და ერთ-ერთის გამარჯვების შემთხვევაში, ერთად განახორციელონ საქმიანობა. ამ შემთხვევაში შემსყიდველი შეიძენს უფრო ძვირად, ვიდრე კონკურენციის პირობებში შეიძენდა;
4. მომავალში ტენდერებში გამარჯვების მიზნით ძირითადი კონტრაქტორი სამუშაო გამოცდილებაში ჩაითვლის ისეთ საქმიანობას, რომელიც რეალურად ქვეკონტრაქტორმა განახორციელა. ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ფორმალურად დააკმაყოფილებს შემსყიდველის სატენდერო მოთხოვნებს, – განმარტავს ბესო ნამჩავაძე;

2018 წელს მომზადებულ კვლევაში კონკრეტულ შემთხვევებია განხილული, სადაც კონტრაქტის არშესრულება ან ხარვეზით შესრულება ქვეკონტრაქტორის გამოყენებასთან კავშირში იყო:

მეტროსადგურ “ახმეტელის” სარემონტო სამუშაოები – კონკურენტი ქვეკონტრაქტორად

2018 წლის 30 იანვარს თბილისში მეტროსადგურ “ვარკეთილის” ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოები შპს “ყვარელრემმშენმა” განახორციელა 2017 წელს. ამ სახელმწიფო შესყიდვის შესწავლისას “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) საინტერესო ფაქტს მიაკვლია, რომელიც სწორედ ქვეკონტრაქტორების საკითხს უკავშირდება.

შპს “ყვარელრემმშენმა” ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერის გარდა, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა, რომელიც “ვარკეთილის” მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერამდე 1 კვირითადრე გამოცხადდა. ამ ტენდერში “ყვარელრემმშენს” ერთი კონკურენტი – შპს ‘დამბა” ჰყავდა. “ყვარელრემმშენის” ფასი იყო 447 728 ლარი, ხოლო “დამბას” _ 523 215. კომპანიებს ტენდერის აუქციონებში ფასი არ შეუცვლიათ, შესაბამისად, “ყვარელრემმშენმა” გაიმარჯვა დაბალი ფასის გამო. თუმცა, “ყვარელრემმშენის” სატენდერო განაცხადში და დოკუმენტაციაში რამდენიმე ხარვეზი აღმოჩნდა. კომპანიამ ხარვეზები გამოასწორა, მაგრამ სატენდერო კომისიამ შემდეგ სხვა ხარვეზები აღმოაჩინა, რაც მანამდე სწორად იყო მითითებული. რადგან ხელმეორედ დაზუსტების უფლება კანონმდებლობით არაა დაშვებული, “ყვარელრემმშენი” დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან. ამის შედეგად, ტენდერში “დამბამ” გაიმარჯვა 523 215 ლარიანი შეთავაზებით.

“დამბამ” თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2016 წლის 12 დეკემბერს. იმავე დღეს ამ კომპანიამ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება “ყვარელრემმშენთან” გააფორმა, როგორც ქვეკონტრაქტორთან. კონტრაქტის მიხედვით ‘ყვარელრემმშენი” ქვეკონტრაქტორობიდან მიიღებდა 491 822 ლარს, მის მიერ თავდაპირველად წარდგენილ თანხაზე მეტს.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” შეფასებით, ეს შემთხვევა თანხვედრაშია “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) სახელმწიფო შესყიდვებში კოლიზიის წინააღმდეგ ბრძოლის გზამკვლევის კლასიფიკაციასთან, როდესაც კონკურენტი წარუდგენს შემსყიდველს ისეთ წინადადებას, რომელიც შეიცავს სპეციალურ უზუსტობებს, რომლებიც ცნობილია რომ შემსყიდველისთვის მიუღებელი იქნება. შეთანხმებული კომპანიები შემდგომ ხელოვნურად გაზრდილ თანხას იყოფენ, და, ხშირ შემთხვევაში, ეს ქვეკონტრაქტის სახეს ატარებს.

ისნის გამგეობის შემთხვევა – კონტრაქტორი ქვეკონტრაქტორის იმედად

2015 წლის 6 აგვისტოს, ისნის გამგეობამ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს `ჯი ბი ეს ჯგუფთან”. თბილისის საკრებულოს თანხმობით, პირდაპირი შესყიდვის წინაპირობად, გადაუდებელი აუცილებლობა დასახელდა. ამასთან, ისნის გამგეობამ შპს “ჯი ბი ეს ჯგუფს” ისე გაუფორმა ხელშეკრულება, რომ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. სარემონტო სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის 20 დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო.

საექსპერტო დასკვნის დაგვიანების და მოსახლეობის სხვა ტერიტორიაზე გაყვანის შეფერხების გამო კომპანიამ დროულად ვერ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც, ამ პერიოდში გასამაგრებელი შენობის მდგომარეობა დამძიმდა და ჩამონგრევის საფრთხის გამო ქვეკონტრაქტორებმა კომპანიას უარი უთხრეს სამუშაოების განხორციელებაზე. ამ მიზეზით ეს ხელშეკრულება არ შესრულდა.7 ქვეკონტრაქტორებთან თანამშრომლობის გაუმჭვირვალობის გამო, რთულია იმის დადგენა, სამუშაოების დაწყების დაგვიანების მიზეზი რამდენად იყო ქვეკონტრაქტორების მზაობა სამუშაოები დაეწყოთ. ასევე არ ვიცით, რა დრო დაჭირდა “ჯი ბი ეს ჯგუფს” ქვეკონტრაქტორების მოსაძებნად და მათთან შეთანხმების მისაღწევად. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტებიდან ცხადია, რომ მშენებლობაზე საბოლოოდ უარი ქვეკონტრაქტორებმა თქვეს. ეს შემთხვევა მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში გამოუცდელმა კომპანიამ ვალდებულებები ქვეკონტრაქტორების გამოცდილების იმედად აიღო, რაც იმით დასრულდა, რომ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტი შეწყდა.
ბესო ნამჩავაძე განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა გამჭვირვალობის მაღალი დონით გამოირჩევა, ქვეკონტრაქტორები რჩება იმ გამონაკლისად, რომელზეც თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ქვეყნდება. ინფორმაციის გაუმჭვირვალობის გამო, რთულია მსჯელობა, თუ რა სიხშირით ვლინდება პრობლემები ქვეკონტრაქტორების მიერ განხორციელებულ საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში. მისი თქმით, ასევე, რთულია ინტერსთა კონფლიქტის, კორუფციული გარიგებების და პოლიტიკოსების მხრიდან ლობირებული სახელმწიფო შესყიდვების გამოვლენა.

ანალიტიკოსი ევროკავშირის დირექტივაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ავალდებულებს გამჭვირვალე გახადოს ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია .

“ევროკავშირთან ასოცირების პროცესში საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროკავშირის საჯარო შესყიდვების დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა კანონმდებლობის დაახლოების და იმპლემენტაციის პროცესი 4 ფაზად არის გაწერილი, თავისი ვადებით. პირველი ფაზა 3 წლიანი იყო და 2017 წელს დასრულდა, რომელიც ინსტიტუციური ბაზის მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობდა. მეორე ფაზა, რომელიც 2019 წელს სრულდება, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეკონტრაქტის გაფორმების წესების შემოღებას ეხება. კერძოდ, უნდა მოხდეს ქვეკონტრაქტის გაფორმების წესების შემოღება, რაც შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი გავლენა იქონიონ ქვეკონტრაქტორებზე. მთავარი კონტრაქტორის ვალდებულება უნდა იყოს შემსყიდველისთვის ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ასევე, კონტრაქტორმა უნდა დაადასტუროს, რომ ქვეკონტრაქტორი არ არის ისეთ სიტუაციაში (მაგალითად, არ აქვს ფინანსური სტაბილურობის პრობლემა), რომ შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მისი საქმიანობიდან გამორიცხვა. თუ ქვეკონტრაქტორი ვერ შეძლებს ვალდებულბების შესრულებას, ასეთ შემთხვევაში, მთავარი კონტრაქტორი ვალდებული უნდა იყოს ჩაანაცვლოს ქვეკონტრაქტორი. ამასთან, ქვეყანას რჩება თავისუფლება ეროვნული კანონმდებლობით უფრო მკაცრი მოთხოვნებიც დააწესოს. შემსყიდველებს უნდა შეეძლოთ მოთხოვონ პრეტენდენტებს, შესყიდვის დოკუმენტებში მიუთითონ ქვეკონტრაქტორის ვინაობა და ხელშეკრულების რა წილს შეასრულებს ქვეკონტრაქტორი. შემსყიდველს უნდა შეეძლოს, მთავარ კონტრაქტორს მოსთხოვოს, ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შეტანის ან ახალი ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ ინფორმაცია’, – განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეკონტრაქტის გაფორმების წესების დადგენას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 2019 წლის ბოლომდე გვთხოვს ამ დრომდე ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის. ამიტომ ჩვენთვის უცნობია როდემდე შეძლებენ ქვეკონტრაქტორი კომპანიები გაუმჭვირვალედ მუშაობას.

ბაჩო ადამია 

COMMERSANT.GE

Share