Home » ბიზნესი » კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ინტერნეტბაზარზე ტარიფების შემცირებას ეწინააღმდეგება
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ინტერნეტბაზარზე ტარიფების შემცირებას ეწინააღმდეგება

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ინტერნეტბაზარზე ტარიფების შემცირებას ეწინააღმდეგება

“ბილაინი”, “კავკასუს ონლაინის” შეძენის შემთხვევაში, ტარიფების შემცირებას გეგმავს, თუმცა, მარეგულირებელი კომისია ამაში საფრთხის ნიშნებს ხედავს

როგორც ცნობილია, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ,,ბილაინი”, ინტერნეტბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის, “კავკასუს ონლაინის” საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენას გეგმავს. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ორი მსხვილი კომპანიის გარიგებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. თავის მხრივ, გარიგება საკმაოდ საინტერესოა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, მსგავსი მსხვილი კომპანიების გაერთიანების პრეცედენტი ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ ,,ბილაინამდე”, “კავკასუს ონლაინის” შეძენას, ჯერ მისი კონკურენტი “სილქნეტი”, შემდეგ კი “მაგთიკომი” გეგმავდნენ, შეთანხმება საბოლოო შედეგამდე არ მისულა. “ბილაინის” შემთხვევაში კი კარდინალურად განსხვავებული სიტუაციაა. მიმდინარე მოვლენებიდან კარგად ჩანს, რომ ორივე კომპანიის წარმომადგენლები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ შეთანხმების მისაღწევად და ჯერი მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე, რომელმაც საბოლოო თანხმობა უნდა განაცხადოს აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც კიდევ ერთხელ განიხილეს ,,ბილაინის” მიერ “კავკასუს ონლაინის” შეძენის საკითხი. ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომპანიებმა თავიანთი პოზიციებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მართალია, სხდომის შედეგად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს საბოლოო განაჩენი არ გამოუტანიათ და მათ საბოლოო თარიღად 5 აპრილი დაასახელეს, თუმცა, ამ სხდომის პერიოდში რამდენიმე საინტერესო საკითხი დაფიქსირდა რაზეც აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება.

,,ბანკები და ფინანსებში” არაერთხელ დაბეჭდილა სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერნეტბაზარზე საკმაოდ მაღალი ტარიფებია. საქართველო ინტერნეტის სიძვირით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნებს შორისაც კი არის. ბოლო წლების განმავლობაში, ინტერნეტ პროვაიდერების მიერ ერთმანეთის მიყოლებით ტარიფების ზრდა, გონივრულ ეჭვს აჩენდა, რომ კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამ სიტუაციაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პოზიციაც, რომელიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არანაირ პოზიციას არ აფიქსირებდა. ასეთ რეალობაში კი გამოჩნდა კომპანია ,,ბილაინი”, რომელმაც ,,ბანკები და ფინანსებთან” ინტერვიუში და მარეგულირებელ კომისიაში გამართულ ზეპირი მოსმენის დროსაც ღიად დააფიქსირა, რომ ,,კავკასუს ონლაინის” შეძენის შემთხვევაში, ინეტრნეტბაზარზე ფასებს აუცილებლად შეამცირებდა.

,,ბილაინის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა,  მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე წარადგინა სამომავლო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ინტერნეტ ტარიფებზე ფასის შემცირება. ტყეშელაშვილის განცხადებით აღნიშნული სტრატეგია საერთაშორისო კომპანიებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა და მისი განხორციელება საკმაოდ რეალურია. თუმცა, სწორედ ტარიფების შემცირების საკითხმა გამოიწვია მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების შეშფოთება და მათ განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ინტერნეტბაზარზე ფასების შემცირება შეუძლებელია. გარდა ამისა, მარეგულირებელ კომისიაში მიიჩნიეს, რომ ტარიფების შემცირება საფრთხის შემცველია და ისიც კი დაამატეს, რომ ფასების შემცირების შემთხვევაში, კომპანია “ბილაინი” ჯერ კონკურენტებს გააკოტრებს და ამის შემდეგ, თავად კიდევ უფრო მეტად გაზრდის ტარიფებს.

“ბილაინის” დამცველად ნამდვილად არ გამოვდგები და არც ვგეგმავთ ამას, თუმცა, ნამდვილად გაუგებარია ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების პოზიცია. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს მომხმარებლების დაცვა, ბაზარზე დაბალი ტარიფების უზრუნველყოფა და არა აბსურდულ საფრთხეებზე საუბარი. მაშინ როცა ინტერნეტბაზარზე ტარიფები ისედაც საკმაოდ მაღალია, მაშინ როდესაც ბოლო რამდენიმე წელია ეს ტარიფები შემცირების ნაცვლად მუდმივად იზრდება, მაშინ როდესაც მომხმარებელი მუდმივად აპროტესტებს ინტერნეტ მომსახურებებზე არსებულ ფასებს, გაუგებარი და მიუღებელია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პოზიცია, როდესაც ის ეწინააღმდეგება ტარიფების შემცირებას და ამაში საფრთხეს ხედავს.

ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს “ბილაინის” გამოჩენა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე, იმ დროს ტარიფები საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა ამ კომპანიის შემოსვლამ გამოიწვი, ტარიფების აქტიური შემცირება. სწორედ “ბილაინის” შემოსვლამ გაზარდა კიდევ უფრო მეტად კონკურენცია მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ყველაზე ნაკლები აბონენტი ყავს კონკურენტებთან შედარებით, მაინც ახერხებს, რომ ბაზარზე რეალური კონკურენცია შექმნას.

თუკი ეს კომპანია აპირებს, რომ ინტერნეტბაზარზე ტარიფები შეამციროს, რატომ არ უნდა მიეცეს მას საშუალება?! როდემდე უნდა იზრდებოდეს ტარიფები, როდემდე უნდა იჩაგრებოდეს მომხმარებელი და იზრდებოდეს კომპანიების ჯიბე?! იმედს ვიტოვებთ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გონს მოეგებიან და ხელს შეუწყობენ ინტერნეტ ტარიფების შემცირებას, ბაზარზე რეალური კონკურენციის გაჩენას და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას.

გიორგი კაპანაძე

Share