Home » საზოგადოება » კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტში ამწეებს დაამონტაჟებს, შერჩეულია
კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტში ამწეებს დაამონტაჟებს, შერჩეულია

კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტში ამწეებს დაამონტაჟებს, შერჩეულია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, უკვე დასრულდა საერთაშორისო ტენდერი და შეირჩა კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტში უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეები უნდა დაამონტაჟოს. როგორც კონსორციუმში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომპანია ხვალ, პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

სამუშაოებზე 2 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება, სამუშაოების ღირებულება კი 60 მლნ დოლარია. ტენდერში მონაწილეობა ექვსმა ლიდერმა საპორტო ამწე დანადგარების სფეროში მოღვაწე კომპანიამ მიიღო. შერჩევა კი ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam”- თან ერთად მიმდინარეობდა.

ამასთან, როგორც კონსორციუმში განმარტავენ, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი დასრულების პროცესშია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. მოკლე სიაში კი სამი საუკეთესო გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დროისთვის დასრულდა საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი და უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა “ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე ამოტუმბა და ხმელეთზე განათავსა 5 მილიონი კუბური ქვიშა. რეკლამაციასთან ერთად დასრულდა წამყვანი ჰოლანდიური კომპანია “ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი და პორტის ტერიტორია საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის მომზადდა. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

Share