Home » საზოგადოება » კომპანია „ჯიდიჯი პალასი“ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30 ათასი ლარით დააჯარიმა
კომპანია „ჯიდიჯი პალასი“ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30 ათასი ლარით დააჯარიმა

კომპანია „ჯიდიჯი პალასი“ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30 ათასი ლარით დააჯარიმა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის ტერიტორიაზე მთის ფერდობის ჩამოშლის გამო, სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი პალასი“ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ პირველ არხს მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან აცნობეს.

როგორც სამსახურის მიერ პირველი არხისთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმროს მშენებლობა განხორციელდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით და სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

კერძოდ, სასტუმროს მშენებლობის პროცესში მოხდა ფერდის ჩამოშლა, ფერდის ზედა მხარეს კი არ არის მოწყობილი სამშენებლო ღობე.

ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სასტუმროს მშენებლობა 31 მაისიდან შეჩერებულია მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე. კერძოდ, აუცილებელია ჩამოშლილი ფერდისა და მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების კვლევა, უნდა შემუშავდეს ფერდების გამაგრების კონსტრუქციული პროექტი და განხორციელდეს ამ პროექტის ექსპერტული შეფასება. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ წარდგენილ უნდა იქნას შესაბამისი საექსპერტო დასკვნა განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობაზე.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია „ჯიდიჯი პალასი“ სასტუმროს აშენებს, კლდის დიდი მასა ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კლდის ჩამოშლის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მომხდარი ფაქტის შესწავლა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმავე დღეს ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.

Share