Home » ბიზნესი » კომპანია “დემაქსი” ბაგებში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
კომპანია “დემაქსი” ბაგებში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

კომპანია “დემაქსი” ბაგებში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

“დემაქს ჯგუფი” უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ დეველოპერულ ბაზარზე საქმიანობს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ქართულ საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე ბრიტანულ ბანკებთანაც. უფრო დეტალურად საინვესტიციო მოცულობისა და კომპანიის პროექტების შესახებ გაზეთი “ბანკები და ფინანსებს” “დემაქს ჯგუფი”-ს დამფუძნებელი ნიკა მერაბიშვილი გვესაუბრა.

– რომელი წლიდან მუშაობთ ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო პირველ ეტაპზე?

– “დემაქს ჯგუფი” – დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 2012 წელს. 2014 წლიდან კი აქტიურად შემოვიდა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე. კომპანიას აქვს პარტნიორების ქსელი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, თავდაპირველად ბრიტანული საინვესტიციო ბანკებიდან ჩაიდო 2 მილიონი აშშ დოლარი.

– რა პროექტებს ახორციელებთ ამ ეტაპზე, ვისაუბროთ  უკვე დასრულებული პროექტების შესახებაც.

– ამ ეტაპზე გვაქვს ოთხი დასრულებული პროექტი – ორთაჭალაში, ონიაშვილის ქუჩაზე, ჟვანიას ქუჩაზე და კრწანისში. სამშენებლო სექტორი ის სფეროა, სადაც უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემაა დაგროვილი. იყო დრო, როდესაც ამ პრობლემების გამო საქართველოს ქალაქები დაუსრულებელი  მშენებლობის პოლიგონს ჰგავდა. “დემაქსი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს მშენებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ ვიყენებთ ენერგოეფექტურ მასალებს,  რაც ამცირებს კომუნალურ გადასახადებს.  კომპანიას გააჩნია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მომხმარებელს მითითებულ ვადებში ჩავაბაროთ პროექტი. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ამ ეტაპზე ვახორციელებთ პროექტებს ვეძისში და ბაგებში.

– სამომავლოდ, რომელ უბნებში აპირებთ მშენებლობებს და რა ფასს სთავაზობთ მომხმარებელს?

– სხვადასხვა სეგმენტზე ვმუშაობთ. შესაბამისად, მშენებლობები იგეგმება როგორც ცენტრალურ, ასევე გარეუბნებშიც. ღირებულება პროექტის მდებარეობიდან გამომდინარე დგინდება და საშუალოდ კვადრატული მეტრის ფასი 600 აშშ დოლარიდან 1 300 დოლარამდეა.

–  ბოლო პერიოდში დეველოპერები მომხმარებელს სთავაზობენ შიდა განვადებას, ბანკებთან ნულოვანი კონტაქტით. ამის მთავარ პლუსად კი სიმარტივესა და პრაქტიკულობას ასახელებენ. რა მდგომარეობაა, ამ კუთხით, თქვენს კომპანიაში და ზოგადად, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მიდგომას.

– გადახდის პირობებს რაც შეეხება, ამ მხრივ, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ პარტნიორ ბანკთან. ამ ეტაპზე, მომხარებელს ვთავაზობთ ბინის შეძენის საკმაოდ მოქნილ პირობებს. შიდა 0%-იანი განვადება ჩვენთან საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად 12-თვიანი შიდა განვადება. გვაქვს გრძელვადიანი (10 წლიანი) იპოთეკური სესხიც. შესაბამისად, მომხმარებელს ვთავაზობთ იმ პირობებს, რომელიც მათთვის ხელსაყრელი იქნება.

– კომპანია საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზეა ორიენტირებული, თუ აპირებთ უახლოეს მომავალში სხვა მიმართულებითაც მოსინჯოთ ძალები?

– ამ ეტაპზე კომპანია დაკავებულია საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა – რეალიზებით. თუმცა, სამომავლოდ გათვალისწინებულია (ბაგები პლაზა) მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა. სადაც სამი სართული იქნება როგორც სავაჭრო ცენტრი, ასევე  ბიზნესცენტრი. გარდა ამისა, იგეგმება უცხოელი პარტნიორების მხრიდან საკმაოდ დიდი ინვესტიციის დაბანდება ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალებას მოგვცემს ავაშენოთ გართობისა და დასვენების უზარმაზარი ცენტრი. შესაბამისად, სამომავლოდ მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსებზე შეჩერებას არ ვაპირებთ.

– საინტერესო იქნება ქართული დეველოპერული სექტორის თქვენეული შეფასება. თქვენი აზრით, რა არის დღეს ის მთავარი მიმართულებები, რაზედაც დეველოპერებმა უნდა იფიქრონ?

–  ხარისხი არის მთავარი მიმართულება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. “დემაქს ჯგუფი” უზრუნველყოფს მშენებლობის მაღალ ხარისხს. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ სანდოობა, უფრო მეტად გავამტკიცოთ ის იმიჯი, რაც გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ფასი.

ღირებულება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ადგილმდებარეობასა და ხარისხს. “დემაქს ჯგუფი” აქტიურად მუშაობს სამომავლოდ ISO-ს სტანდარტების დანერგვაზე. ეს აუცილებელია,  მით უფრო ახლა,  როდესაც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება. ისინი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერი კომპანიისთვის წარმატების გარანტია.

– რომ შეაფასოთ დეველოპერული ბაზარი, თქვენი აზრით, რამდენად განვითარდა ბოლო წლების მანძილზე ეს სფერო. ფაქტია, რომ ამ სეგმენტში კონკურენცია გაიზარდა. თუ აისახა ეს კონკურენცია ბინების ფასზე და რამდენად არის მოთხოვნა გაზრდილი წინა წლებთან შედარებით მშენებარე ბინებზე?

– ბოლო წლებში ამ ბაზარზე განვითარებულმა პროცესებმა საკმაოდ დიდი ბიძგი მისცა კონკურენციის სწრაფი ტემპით განვითარებას და მასთან ერთად პროდუქციის დახვეწას. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია არის ერთ-ერთი სერიოზული ფასის მარეგულირებელი ფაქტორი თანამედროვე თავისუფალ ბაზარზე. ცხადია, ფასის კლებასთან ერთად არ უნდა იკლებდეს მშენებლობის ხარისხი. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არა ფასზე, არამედ ხარისხზე.

Share