Home » საზოგადოება » “კოლეგებს მოვუწოდებ, თუკი რეგლამენტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი დარჩება, პროექტს მხარი არ დაუჭირონ”
"კოლეგებს მოვუწოდებ, თუკი რეგლამენტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი დარჩება, პროექტს მხარი არ დაუჭირონ"

“კოლეგებს მოვუწოდებ, თუკი რეგლამენტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი დარჩება, პროექტს მხარი არ დაუჭირონ”

უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე კოლეგებს მოუწოდებს, თუკი პარლამენტის რეგლამენტში დარჩება ქალაქი ქუთაისი, როგორც პარლამენტის ადგილსამყოფელი, რეგლამენტის პროექტს მხარი არ დაუჭირონ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე არველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე, პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის მიზანი თბილისისთვის დედაქალაქის სტატუსის დაკარგვა იყო.

“ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებიც ღიად აფიქსირებენ, რომ რეგლამენტში აღარ უნდა შენარჩუნდეს პარლამენტის ადგილმდებარეობად ქალაქი ქუთაისი.

ცალკეული დეპუტატების აზრია, რომ თუკი რეგლამენტში დარჩება ქუთაისი, მაშინ შესაბამის მუხლს თბილისიც დაემატოს და შემდგომ პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტოს, თუ რომელ ქალაქში ჩატარდება სესიები – თბილისში თუ ქუთაისში.

კომიტეტებს გაერთიანებულ სხდომაზე კიდევ ერთი მწვავე საკითხი დეპუტატებისთვის ეთიკის ნორმების დაწესება და ეთიკის საბჭოს შექმნის ინიციატივაა, რასაც უმრავლესობის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ბოლოს ჩატარებული კენჭისყრებისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რეგლამენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

Share