Home » ეკონომიკა » კობა კობალაძე – არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არაფერს ვაწარმოებდეთ
კობა კობალაძე - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არაფერს ვაწარმოებდეთ

კობა კობალაძე – არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არაფერს ვაწარმოებდეთ

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არაფერს ვაწარმოებდეთ, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ და უნარიანები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის პოზიცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ დღეს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დამოკიდებულები ვიყოთ იმაზე, რომ ჩვენ არაფერს არ უნდა ვაწარმოებდეთ. ჩვენ უნდა ვქმნიდეთ, ამ მიმართულებით უნარიანები უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიცით ერთი რამე – რეალურად, ეს ქვეყანა არის ჩვენი საპატრონო“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კობა კობალაძემ ყურადღება გაწვევის სისტემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი გაწვევის სისტემა და ახალწვეულებთან დაკავშირებული პრობლემა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეროვნულ პატრიოტულ მოტივაციასთან. მისივე თქმით, ერთ-ერთი უდიდესი სამობილიზაციო რესურსი ქვეყანაში არის ქვეყნის ვეტერანთა შემადგენლობა, რომლებსაც, კობალაძის თქმით, აქვთ თეორიული, ინტელექტუალური და პრაქტიკული პოტენციალი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაინტერესდა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ხედვებით საზღვაო ძალების განვითარებასა და სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხებით. მისი განცხადებით, ასევე, საინტერესოა მინისტრობის კანდიდატების პოზიციები მათი უწყებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თაობაზე.

„ერთი კითხვა მაქვს ყველასთან: რამდენად აკმაყოფილებს თქვენს რეორგანიზაციულ ხედვებს და გამოწვევებს ის კონკრეტული ბიუჯეტი, რომელიც აქვს თქვენს თითოეულ უწყებას?“- მიმართა კობა კობალაძემ მინისტრობის კანდიდატებს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Share