Home » ეკონომიკა » კობა გვენეტაძე – თურქეთში განვითარებული მოვლენები რეგიონის ეკონომიკებზე გავლენას ახდენს
კობა გვენეტაძე - თურქეთში განვითარებული მოვლენები რეგიონის ეკონომიკებზე გავლენას ახდენს

კობა გვენეტაძე – თურქეთში განვითარებული მოვლენები რეგიონის ეკონომიკებზე გავლენას ახდენს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფინანსურ გამოცემა Global Finance-თანინტერვიუში საქართველოსა და თურქეთში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს აფასებს.

გვენეტაძის განცხადებით, თუ თურქეთში ვითარება მეტად არ გამწვავდა, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

„2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაჩქარდა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე შიდა მოთხოვნის გააქტიურება უწყობს ხელს. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოსავლები. გაუმჯობესებული საშინაო მაკროეკონომიკური გარემო და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება ინვესტიციების ზრდასაც განაპირობებს. 2017 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

თუმცა, თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკებზე. კერძოდ, ეს კრიზისი საქართველოზე უმთავრესად უნდა გადმოიცეს ექსპორტის და ტურისტული შემოსავლების შემცირებისა და გაზრდილი იმპორტის გზით. თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავაც იქნება ორიენტირებული ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. აღნიშნული რეჟიმი საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, მათ შორის რთული პერიოდების დროსაც“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა, რომელიც დამოკიდებულია იმპორტზე და რომელსაც ისტორიულად მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს.

„მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე გაცვლითი კურსის მერყეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია რისკებისა და მოწყვლადობების შემცირების კუთხით. ამ ეტაპზე, ეროვნული ბანკისთვის მთავარ გამოწვევას ფინანსური დოლარიზაცია წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესების წახალისება და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ ინტერვიუში.

ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა.

Share