Home » ეკონომიკა » კობა გვენეტაძე – I კვარტალის მონაცემებით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკრედიტების ტენდენციები სწორი მიმართულებით ვითარდება
კობა გვენეტაძე - I კვარტალის მონაცემებით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკრედიტების ტენდენციები სწორი მიმართულებით ვითარდება

კობა გვენეტაძე – I კვარტალის მონაცემებით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკრედიტების ტენდენციები სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნული ბანკის მიერ წამოწყებული საბანკო რეგულაციების დანერვის შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა. სამართლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვასთან მიმართებით, მითქმა-მოთქმა არ წყდება და ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხზე. საბანკო სფეროში დაწესებული რეგულაციების გავლენა უკვე აისახა როგორც მსესხებლებზე, ისე ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. რამდენად აუცილებელი იყო რეგულაციების დანერგვა და რა შედეგები დაიდო რეფორმის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენატაძე გვესაუბრა.

– ბატონო კობა, როგორ შეაფასებდით საბანკო რეგულაციების შედეგებს პირველი 3 თვის კონტექსტში. რამდენად ეფექტური აღმოჩნდა აღნიშნული რეგულაციები საბანკო სექტორისა თუ მსესხებლების წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად?

– მოგეხსენებათ, 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ახალი წესები, რომლის მიზანიცაა უზრუნველყოს გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ორმხრივი ჯანსაღი ურთიერთობები და რისკებისაგან დაიცვას როგორც გამსესხებელი, ასევე მსესხებელი. ვფიქრობთ, რომ ახალი წესებით განსაზღვრული მსესხებლის შემოსავლისა და გადახდისუნარიანობის შეფასების კუთხით არსებული მოთხოვნების სრულად პასუხობს საფინანსო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მინიმუმამდე ამცირებს სამომავლო ჭარბვალიანობის და ფინანსური სტაბილურობის რისკებს. შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად სებ-ის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტები აღარ გასცემენ წინასწარ გადაუხდელობისათვის მიდრეკილ სესხებს. რეგულაციის შეფასების კუთხით, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ მასშტაბის და შინაარსის რეგულაციების ეფექტის სრულად შესაფასებლად სამთვიანი პერიოდი ნამდვილად არ არის საკმარისი, თუმცა გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. ჩვენ ხელთ არსებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, პორტფელის ზრდის დინამიკა ჩვენს პროგნოზებთან შესაბამისობაშია, საკრედიტო პორტფელის ხარისხი უმჯობესდება, შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ვალის ტვირთის მქონე ახალი სესხები აღარ გაიცემა, მსესხებელთა სესხის მომსახურეობის კოეფიციენტები და სხვა პარამეტრები გაუმჯობესებულია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სწორედ ეს რეგულაცია დასახელდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთ მიზეზად. გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი კი, როგორც მოგეხსენებათ, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას.

– როგორია დაკრედიტების მაჩვენებელი მიღებული რეგულაციების ფონზე. რამდენად გაიზარდა ან შემცირდა ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება პირველი 3 თვის განმავლობაში?

– ჩვენი მიზანია, ფიზიკური პირების დაკრედიტება მდგრად დონემდე დავიდეს, განსაკუთრებით ისეთი მაღალრისკიანი პროდუქტების შემთხვევაში, როგორებიცაა სამომხმარებლო სესხები და უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხები. მეორე მხრივ, სასურველია, იურიდიული პირებისა და ლარით გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ბოლო პერიოდში გვქონდა. პირველი კვარტალის მონაცემებით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკრედიტების ტენდენციები სწორი მიმართულებით ვითარდება. პირველი სამი თვის დაუზუსტებელი მონაცემების შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია ლარის იპოთეკური სესხების მოცულობა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იურიდიული პირების დაკრედიტებაც. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, იურიდიული პირებზე გაცემული სესხების წლიური ზრდა 15.7%-ია, ხოლო ფიზიკური პირების – 14.5%. ასევე, დადებითად ვითარდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხები, რომელთა წლიური ზრდა მარტის მონაცემებით 50 %-ია. ბანკები ეტაპობრივად გადაეწყვნენ რეგულაციაზე – აქტიურად დაიწყეს ახალი პროდუქტების შეთავაზება და დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გაცემის აქციები. შესაბამისად, ამ მიმართულებით მეტი ზრდაა მოსალოდნელი.

– ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა საბანკო რეგულაციები გადაიხედოს და შერბილდეს, ამის შესახებ თქვენც ისაუბრეთ პარლამენტში. რეალურად რამდენად მოსალოდნელია არსებული რეგულაციების შერბილება და, ძირითადად, რა მიმართულებითაა იგი მოსალოდნელი?

– მოგეხსენებათ, სებ-ს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, არაერთი ეფექტური და მოქნილი ინსტრუმენტები გააჩნია. ჩვენ, როგორც საფინანსო სექტორის მთავარი რეგულატორი, ვაკვირდებით და ვსწავლობთ სისტემაში არსებულ მდგომარეობას და ვმოქმედებთ საჭიროებების შესაბამისად. რეგულაციის ძირითადი პრინციპი, რომელიც სესხის გაცემას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე გულისხმობს, არ შეიცვლება. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, საჭიროების შემთხვევაში, მოქნილ ზომებს გავატარებთ. თუმცა, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენი რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებთან ტექნიკურ თუ სხვა ტიპის ცვლილებებზე მუდმივად გვაქვს დიალოგი სამუშაო ფორმატში, რომელიც სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული.

– ტექნიკის მაღაზიების ნაწილი შიდა განვადების სისტემას ქმნის, ამის შესახებ გააჟღერეს სამშენებლო კომპანიებმაც. ხომ არ არის ეს ფაქტი საბანკო რეგულაციებზე გვერდის ავლის მცდელობა და რეალურად იმავე პრობლემების წინაშე ხომ არ აღმოჩნდება მოსახლეობა, რასაც უნდა არიდებოდა რეგულაციების მეშვეობით?

– ობიექტურად უნდა ითქვას, რომ განვადება იქნება, გაქირავება თუ რომელიმე სხვა ტიპის ურთიერთობა, რომლის დროსაც ფინანსური სახსრების გაცემისას არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა და რომელიც ფიზიკური პირისთვის ვალდებულებას წარმოშობს, ისეთივე რისკის შემცველია, როგორც ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხი. მსგავსი ურთიერთობით ასევე თავისუფლად შესაძლებელია მსესხებლის საკრედიტო ისტორიის გაფუჭება, ეკონომიკური აქტივობიდან გამოთიშვა და ასე შემდეგ. სებ-ი აქტიურად აკვირდება ბაზარს და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, ამ ბაზრის მასშტაბები დიდი არაა.

– ბევრი ითქვა და დაიწერა ამ საკითხზე, თუმცა მაინც გკითხავთ, “თიბისი ბანკის” გარშემო მიმდინარე პროცესები და მისი დამფუძნებლების წინაშე მიმდინარე გამოძიება ხომ არ უქმნის საფრთხეს, როგორც კონკრეტულად ბანკს, ასევე მთლიანად საფინანსო სექტორის სტაბილურობას?

– არაერთხელ განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ, როგორც “თიბისი” ბანკი, ისე მთლიანად ქართული საბანკო სისტემა, სრულიად ჯანსაღია და ამ კუთხით არავითარი საფრთხე არ არსებობს. ამის დასტურია დაკრედიტების აქტიური კამპანიები, ორი მსხვილი ბანკის აქციების ზრდის დინამიკა და ინვესტორების მყარი ინტერესი ქვეყნის მიმართ, რაც 2019 წლის არაერთ მსხვილ გარიგებაში გამოვლინდა. სებ-ი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საბანკო სისტემის ზედამხედველობას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ახორციელებს, რაც გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტია.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share