Home » საზოგადოება » კიბერტერორიზმის საფრთხეების წინაშე მდგომი საქართველო
კიბერტერორიზმის საფრთხეების წინაშე მდგომი საქართველო

კიბერტერორიზმის საფრთხეების წინაშე მდგომი საქართველო

ბოლო პერიოდში, ქვეყანაში კიბერშეტევები განსაკუთრებულად გააქტიურდა. რამდენიმე შეტევა განხორციელდა, როგორც სხვადასხვა ბიზნესის ასევე მედიასაშუალებების ვებგვერდებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე. განსაკუთრებით მასშტაბური კიბერთავდასხმა მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, წამყვანი მედიასაშუალებების ვებპორტალებს და შიდა ქსელს. გარკვეული დროით გაითიშა, რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებგვერდი. ტელევიზიებმა რამდენიმე დღე ვეღარ შეძლეს სრულად გამართული მაუწყებლობა, მათი არქივებიდან წაიშალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

თავდასხმის მსხვერპლი გახდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაც, მათ შორის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ ll be back). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

თავდასხმიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული ყოფილიყო როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

“ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები – ე.წ. “დიფეისი” (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური. 28 ოქტომბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დასადგენად. შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიღაც უცხო ქვეყნიდან”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

რუსული კიბერტერორიზმი, როგორც ქვეყნის უმთავრესი საფრთხე

“საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია

ქვეყანაში არსებული ტერორიზმის საფრთხისა და კიბერშეტევების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით “საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს, უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ვთხოვეთ კომენტარი.

მისი შეფასებით დღევანდელ რეალობაში, საქართველოში ყველაზე მეტად კიბერტერორიზმის საფრთხე არსებობს, რასაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს და იგი ძირითადად რუსეთის მხრიდან მომდინარეობს.

“ტერორიზმი ისეთი მოვლენაა, რომელიც ყველა მიმართულებას შეეხება და მისი აღმოფხვრა საკმაოდ რთულია. ტერორიზმი ეს არის ასიმეტრიული საფრთხის ფენომენი და ჩვენს ქვეყანაში მისი წარმოშობის უმთავრესი მიზეზი რუსეთის აგრესიული ქმედებებია საქართველოს მიმართ. ჰიბრიდული ომი, მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოს მიმართ სწორედ ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ამ ყველაფრის ნათელი გამოძახილია ბოლო დროს გახშირებული კიბერშეტევებიც.
ხშირად აცხადებენ, რომ ამ კიბერშეტევებთან რუსეთი არ არის კავშირში და იგი შესაძლოა რუსეთისთვის გადაცემული ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის მეგობრების მიერ იყოს ორგანიზებული, თუმცა ეს თითიდან გამოწოვილი ფაქტია. დამიჯერეთ, ასეთი მასირებული და კარგად ორგანიზებული შეტევა სწორედ ძალუძს დიდ სახელმწიფოებს რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი წვდომა ოთხივე კიბერსივრცის მიმართ, ესენია – ხმელეთი, ზღვა, ჰაერი და კოსმოსი. თუნდაც ფსიქოლოგიური ომის ელემენტები რომელიც უკვე მეორედ განხორციელდა მოკლე პერიოდში, პირდაპირ ფიქსირდება, რომ რუსეთიდან მოდის.

ფაქტიურად განხორციელდა სახელმწიფო სტრუქტურებზე თავდასხმა, პრეზიდენტის და სამთავრობო სტრუქტურების ვებგვერდებზე შეტევა, წამყვანი ტელევიზიებზე მასობრივი დაჰაკვა. ეს ძალიან ჰგავს 2008 წელს განხორციელებულ კიბერშეტევას, როდესაც არამარტო მედიაზე, არამედ საექსპერტო საზოგადოებაზეც განხორციელდა შეტევა და მაგალითად ჩემი კომპიუტერიდან სრული ინფორმაცია წაიშალა, განადგურდა ის მასალები რომლებიც წლების განმავლობაში მქონდა დაგროვილი. მე საკუთარ თავზეც ვიწვნიე რუსეთიდან განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი.

კიბერტერორიზმი მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს, ესენია – კიბერშპიონაჟი, კიბერჰაკერიზმი, კრიმინალური ელემენტები და საინფორმაციო შეტევების განხორციელება. აღნიშნული ოთხივე ელემენტი წარმოდგენილი იყო ჩვენს შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, კიბერტერორიზმი ხდება პირველი რიგის ამოცანა საქართველოსთვის, რომელსა ჩვენ უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება და ამასთან დაკავშირებით მე უკვე მივმართე საქართველოს ხელისუფლებას. აუცილებელია, რომ შეექმნას სპეციალური სახელმწიფოთშორისო ჯგუფი, სადაც გაერთიანდებიან ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები და მოხდება აქტიური მუშაობა კიბერ ომის თავიდან აცილების მიზნით. მართალია სუს–ში და თავდაცვის სამინისტროში არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, რომელსაც გააჩნია ძალიან სპეციფიკური ტიპის მიმართულებები, მაგრამ ახლა კიბერტერორიზმის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, რომ ყველა უწყების ერთიანი კოორდინირებული ჯგუფი არსებობდეს.

ფაქტია, რომ ტექნოლოგიების საკმაოდ განვითარების კვალდაკვალ ტერორიზმმა კიბერმიმართულებით დიდწილად გადაინაცვლა. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო პირველი მოთელვითი ტიპის შეტევა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება უფრო კარგად ორგანიზებული შეტევები, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიები კიდევ უფრო ვითარდება და კიდევ უფრო კრეატიული და ძლიერი ელემენტები ერთვება საქმეში”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ტერორიზმთან ბრძოლა, როგორც ეროვნული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს მიმართულებებია: ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, დევნა, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა.

ვახტანგ მაისაიას განცხადებით აღნიშნული დოკუმენტის განხილვაში იგი სხვა სპეციალისტებთან ერთად თავადაც იღებდა მონაწილეობას და გარკვეული წინადადებებიც წარუდგინა იმ ჯგუფს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა და ეს წინადადებები გათვალიწინებულ იქნა საბოლოო დოკუმენტშიც.

“ამ სტრატეგიის შექმნას საექსპერტო საზოგადოება საკმაოდ დიდი ხნის წინ ითხოვდა. ჯერ კიდევ 2005- 2016 წლებში მუდმივად ვაცხადებდი, რომ უნდა შექმნილიყო შესაბამისი დოკუმენტი, რათა ჩვენ გვქონოდა ზუსტი წარმოდგენა როგორი ტიპის ტერორისტული შეტევები შეიძლება გავრცელებულიყო ჩვენზე. როდესაც მე ამ საკითხებზე ვამახვილებდი ყურადღებას, მათ შორის ვსაუბრობდი “შავ ტრანზიტზე” ზოგიერთმა ტელევიზიამ ლამის სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა, ტელეკომპანია “პირველმა”ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჩამშლელადაც კი გამომიყვენა, მაგრამ აქედან მალევე ჩვენ ზუსტად მსგავსი მძიმე ფაქტების წინაშე აღმოვჩნდით. ჩატარდა ჩატაევის რეიდი, რომელიც “შავი ტრანზიტის” პირდაპირ გამოძახილს წარმოადგენდა. ჩემი პროგნოზი, და საექსპერტო საზოგადოების საუბარი ამ პრობლემაზე სრულიად საფუძვლიანი აღმოჩნდა და სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა აღნიშნული სტრატეგია.

აღსანიშნავია, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის მიღებამ კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი პოზიციები ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის კუთხით. ვინაიდან ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულებაში უსაფრთხოების ელემენტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია”, – აცხადებს მაისაია.

გიორგი კაპანაძე

Share