Home » ბიზნესი » ხალხის ძარცვა „მაგთიკომის“ სახელით

ხალხის ძარცვა „მაგთიკომის“ სახელით

ხალხის ძარცვა „მაგთიკომის“ სახელით – კომპანიის წმინდა მოგება ერთ წელიწადში 51%–ით გაიზარდა

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სიტუაციაა არაერთხელ გამხდარა “ბანკები და ფინანსების” განსჯის საგანი. მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ მარეგულირებელი კომისია უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს მიმდინარე პროცესებში, რათა აღკვეთოს ბაზარზე ფაქტობრივად დამკვიდრებული ოლიგოპოლიური მდგომარეობა. ფაქტია, რომ სრული ძალაუფლების მქონე ორი კომპანია “მაგთიკომი” და “სილქნეტი” განვითარებისა და ტარიფების შემცირების ნაცვლად, ქვეყანას წარსულში აბრუნებენ და მუდმივად საკუთარი მოგებისა და მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდაზე არიან ორიენტირებულნი.

აღნიშნულს ცხადყოფს “მაგთიკომის” მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაც. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავლებმა 2018 წელს 456 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, შემოსავლის 9%–იანი ზრდის მიუხედავად იქვე ირკვევა, რომ კომპანიის წმინდა მოგება ერთ წელიწადში გაზრდილია 51%–ით და მან 116 მილიონი ლარი შეადგინა. 20178 წელს კომპანიის წმინდა მოგება 77 მილიონი ლარი იყო. ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ როგორ მოახერხა მსგავსი შემოსავლის ფონზე “მაგთიკომმა” ასეთი მაღალი მოგების მიღება? თუკი, წინა წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს გავიხსენებთ, ამ კითხვის პასუხსაც მარტივად ვიპოვით – 2018 წელს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიებს 13%–ით შეუმცირდათ ურთიერთჩართვის ტარიფის ხარჯები, ასევე 16%–ითაა შემცირებული ინტერნეტის ტრაფიკის ხარჯები.

მარეგულირებელი კომისიის ამ გადაწყვეტილების შედეგად, ლოგიკურად კომპანიებს უნდა გაეიაფებინათ, როგორც სატელეფონო მომსახურებაზე, ასევე ინტერნეტმომსახურებაზე არსებული ტარიფები, თუმცა მათ ტარიფების შემცირების ნაცვლად იგი უცვლელი დატოვეს და შედეგად მაღალი მოგების მიღებაც მოახერხეს. აღმოჩნდა, რომ მარეგულირებელ კომისიას არა მოსახლეობაზე და ტარიფების შემცირებაზე უზრუნია, არამედ კომპანიების კიდევ უფრო მეტი მოგების მიღებაზე.

ბუნებრივია, ნებისმიერი კომერციული სუბიექტის მიზანია ყოველწლიურად შემოსავლის ზრდა და შესაბამისად მოგების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე და პირველ რიგში ამას მარეგულირებელი კომისია არ უნდა უშვებდეს. მარეგულირებლის პირდაპირი ვალდებულებაა არასწორი სატარიფო პოლიტიკისგან მომხმარებლის დაცვა და იგი კანონითაა ვალდებული არ დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძირითადად მხოლოდ კომპანიების ინტერესებია დაცული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, ხოლო მოსახლეობას გაუმართლებლად მაღალი ტარიფების პირობებში უწევს არსებობა.

საინტერესოა, რა მიზანი ან მოლოდინი ჰქონდა მარეგულირებელს როდესაც ურთიერთჩართვის ტარიფსა და ინტერნეტ ტრაფიკის ხარჯებს ამცირებდა, რას ელოდა იგი რომ ამ ყველაფრის პარალელურად “მაგთიკომი” და “ჯეოსელი” (ახლა უკვე ‘სილქნეტი”) ლოგიკურ ქცევას გამოავლენდნენ და არსებულ ტარიფებს შეამცირებდნენ? კომისიის წევრებს ხომ არ ავიწყდებათ, რომ ეს ის “მაგთიკომია”, რომელმაც 2018 წელს ხარჯების შემცირების მიუხედავად, ინტერნეტზე ფასის ზრდა გადაწყვიტა, ეს ის კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ბაზარზე ტარიფების არ ამცირებდა და უცვლელი 28 თეთრიანი ტარიფი მხოლოდ ბაზარზე გარკვეული კონკურენციის გაჩენის შემდეგ შეამცირა, ის “მაგთიკომია”, რომელიც ბაზარზე დარჩენილ ყველა მცირე კონკურენტს “ყლაპავს” და ისაკუთრებს, სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ძირითადად მოსახლეობის მაღალი ტარიფებით ძარცვაზეა ორიენტირებული და ბაზარზე მუდმივად მაღალი ტარიფებით ოპერირებს.

ცნობისთვის, “მაგთიკომი” და “სილქნეტი” მთლიანი სატელეკომუნიკაციო ბაზრის 85%–ზე მეტს აკონტროლებენ, ხოლო თავად “მაგთი” ბაზრის ყველა სეგმენტის ლიდერია და დაახლოებით ბაზრის 45% აკონტროლებს. 2018 წელს “მაგთიკომის” შემოსავლები სატელეფონო მომსახურებიდან 6%–ით გაიზარდა და 221 მილიონი ლარი შეადგინა, 34%–ით 136 მილიონ ლარამდეა გაზრდილი ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებიდან (ISP/IPTV) მიღებული შემოსავლები.

გიორგი რანი

Share