Home » ბიზნესი » კეზერაშვილის ფული ქართულ პოლიტიკაში
კეზერაშვილის ფული ქართულ პოლიტიკაში

კეზერაშვილის ფული ქართულ პოლიტიკაში

ვინ „კრიშავდა“ კეზერაშვილს სააკაშვილის დროს

კორუმპირებული, ყაჩაღი, მძარცველი, მოღალატე – ამ ეპითეტებით „შეამკო” „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ყოფილი თანაგუნდელები „ევროპული საქართველოდან”. როგორც ჩანს, მელიას განსაკუთრებულ გაღიზიანებას დავით კეზერაშვილის ფაქტორი იწვევს, რომელიც, მისივე თქმით, ყაჩაღურად ნაშოვნი მილიონებით უგულავა-ბოკერიას პარტიას აფინანსებს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ეს მილიონები თავად „ნაციონალურ მოძრაობას” ხმარდებოდა.

მელიას მოულოდნელი და სკანდალური განცხადებით დაბნეულები ჩანან „ნაციონალურ მოძრაობაშიც”, სადაც ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება აღარ სურთ, „ევროპულ საქართველოში” კი ეჭვობენ, რომ ბრალდებები უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის დავალებით გაჟღერდა.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე სააკაშვილის მხარდამჭერები? ამის გარკვევას „პრაიმტაიმი” თეა თუთბერიძესთან შეეცადა.

„სამწუხაროდ, ფაქტია, რომ იმ პერიოდში კეზერაშვილი და მისნაირი ადამიანები ძალიან საეჭვოდ აკეთებდნენ დიდ ფულს და ამაში, ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რადგან არ მქონდა საკმარისი რეაქცია.

ვინ აფარებდა ხელს დავით კეზერაშვილს იმ პერიოდში? მიშას დროს ბევრი სარგებლობდა ხელშეუხებლობის გარანტიით. ვისგან ჰქონდათ მათ ეს გარანტიები, სწორედ ეს არის საინტერესო. მე მაგალითად, იმ პერიოდში ხშირად მსმენია, რომ ბიზნესმენებს კეზერაშვილის ნებართვის გარეშე შაქარიც კი ვერ შემოჰქონდათ ქვეყანაში. კიდევ ბევრი რამე მსმენია და ხშირად მქონია ამ საკითხებზე საუბარი ჩემს მეგობრებთან ყოფილი ხელისუფლებიდან.

უშუალოდ სააკაშვილთან არ მქონია საუბარი. როდესაც ის გახდა პრეზიდენტი, ჩვენ – სამოქალაქო სექტორი, საკმაოდ ეფექტურად ვმუშაობდით და ვთანამშრომლობდით მასთან ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ეს კონტაქტი გაწყდა 2006-2007 წლებში. ამის შემდეგ მას მჭიდრო კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან აღარ ჰქონია, რაც, ცხადია, ართულებდა პრობლემების მიტანას. ამასაც აქვს თავისი ახსნა. არათუ მე, არამედ ხშირად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც კი ვერ ახერხებდნენ შეხვედრას და წარმოქმნილ პრობლემებზე საუბარს, ერთი კონკრეტული მინისტრის ვიზირების გარეშე, მასთან. ეს იყო ვანო მერაბიშვილი. ამაზე მე მისაუბრია და დღესაც მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. უბრალოდ, ამჟამად ის ციხეშია, და რადგან მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ თავს შევიკავებ ამ ეტაპზე ყველაფერზე საუბრისგან. ამის დრო ნამდვილად მოვა. მიშას დანაშაული კი ის არის, რომ მან თავის დროზე უპირობო ნდობა გამოუცხადა გარკვეულ ადამიანებს. და, ასევე, ვერ მოიშორა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც რეალურად თავიანთი საქმიანობით მას ძირს უთხრიდნენ, რასაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა გადაჰყვა. მე პირადად არ ვთვლი, რომ კეზერაშვილის მსგავსი პიროვნება უნდა გყავდეს მთავრობაში მინისტრად. ამ ადამიანისთვის ბაბუამისს რომ არ დაუტოვებია ამდენი მილიონი, ეს ხომ ვიცით. აქ საინტერესო ის არის, ვინ „კრიშავდა” ამ ადამიანს სააკაშვილის დროს. ეს რომ არ იყო მიხეილ სააკაშვილი, ცალსახაა. თუ სააკაშვილმა აშოვნინა მილიონები, წესით, დღესაც მის პარტიას უნდა აფინანსებდეს, ხომ? დღეს აფინანსებს კეზერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას”?

მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი პრობლემა ჰქონდა ამ მიმართულებით. ნიკა მელიას განცხადებების შემდეგ დღეს რატომღაც ატყდა ეს აჟიოტაჟი კეზერაშვილის თემაზე, თითქოს აქამდე არავის ჰქონია კითხვები, როგორ იშოვა მან ეს მილიონები”, – განაცხადა თეა თუთბერიძემ.

„პრაიმტაიმი”

Share