Home » ბიზნესი » ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა
,,კავკასიის უნივერსიტეტში” მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

2015 წელს ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში”, საპატრიარქოს ინიციატივით, შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიზანიც გახლავთ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შესწავლა. სამაგისტრო პროგრამის, პრაქტიკული კომპონენტის უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელების მიზნით, უნიკალური სასწავლო და სამეცნიერო ბაზა აშენდა, რომელიც მოიცავს უძველესი ქართული ქვევრებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მარანს.

უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მარანი ,,კოლხი” ტრადიციების დაცვით გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობაა, რომელიც აღჭურვილია ტრადიციული ქართული მევენახეობა-მეღვინეობისთვის დამახასიათებელი ინვენტარითა და თანამედროვე სამეურნეო ტექნიკით. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რას მოიცავს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ,,მევენახეობა-მეღვინეობის” ფაკულტეტი გთავაზობთ ინტერვიუს ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” კანცლერის მოადგილესთან, ღვინის ექსპერტ ქეთი ჯურხაძესთან.

ქალბატონო ქეთი, ვისი ინიციატივით დაარსდა ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი?

– საპატრიარქოს სურვილი იყო საქართველოში შექმნილიყო მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარების სტრატეგიული ცენტრი. ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა” კი აიღო ინიციატივა და დაარსა მევენახეობა-მეღვინეობის და აგრო ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ფაკულტეტზე, წარმატებით განხორციელდა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, გარდა ამისა ფაკულტეტზე, ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსმენელს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან მევენახება-მეღვინეობის დარგში, როგორც კონსულტაციების სახით, ასევე ფაკულტეტზე არსებული სხვადასხვა ტრენინგების სახით.

როგორ ფიქრობთ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი, რამდენად პერსპექტიულია საქართველოში?

– როგორც იცით საქართველო, ღვინისა და ვაზის სამშობლოა, ქვეყანა სადაც ღვინო დაიბადა. აქედან გამომდინარე, ღვინისადმი სიყვარული და სათუთი დამოკიდებულება ჩვენს გენშია. არ მეგულება ოჯახი, სადაც ღვინოს არ აყენებდნენ და უფრო მეტის ცოდნა არ უნდოდეთ მეღვინეობისა და მევენახეობის შესახებ. ახალგზრდობაც აქტიურადაა ჩართული ამ დარგში, სულ სიახლეებს ეძებენ, სულ ცდილობენ მეტი გაიგონ, რაც თავისთავად იმაზე მიგვანიშნებს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი არა თუ მხოლოდ პერსპექტიული, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია საქართველოსთვის.

მევენახეობა მეღვინეობის და აგრო ტექნოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში სტუდენტებს რამდენად აქვთ შანსი დასაქმების?

– ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს” აქვს მემორანდუმი ღვინის მსხვილ და მცირე მარნებთან, შესაბამისად კურსს დამთავრებულ მაგისტრებს ექნებათ საშუალება დასაქმდნენ ღვინის სხვადასხვა კომპანიებში და ტურიზმის სფეროში. როგორც უკვე აღვნიშნე, ასევე უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს მარანი ,,კოლხი”, რომელსაც ვთვლი, რომ  სჭირდება ძლიერი, ახალგაზრდა კადრები, რაც მაძლევს იმის საბაბს, რომ თამამად ვთქვა, რომ დასაქმება, პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია განვითარდეს?

– იმისთვის, რომ მეღვინეობა-მევენახეობა განვითარდეს, საჭიროა ახალი კადრების სწორი მიმართულებით აღზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს ავუხსნათ, რა არის მაღალი ხარისხის ღვინო, როგორ უნდა მოვუაროთ ვენახს, როგორ დავაყენოთ ღვინო და ა.შ.

სამწუხაროდ, ბაზარზე ისეთ ღვინოებსაც ვხვდებით რომელიც, ტრადიციული მეთოდით არის დაყენებული, თუმცა, ღვინოს აქვს პრობლემა, არის დაავადებული ან ზადიანი. ამიტომ, ახალგაზრდა თაობა სწორად უნდა იყოს იმფორმირებული, თუ რა არის ტრადიციული მეთოდი და მისი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებულ  ახალგაზრდა კადრებს მეცნიერულად შეასწავლოს ღვინის დამზადების ყველა ეტაპი, ვენახის მოვლა, ღვინის მარკეტინგი და ა.შ. და რაც მთავარია, ავუხსნათ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმა, ისე რომ შევინარჩუნოთ ძველიც და მივიღოთ ახალიც.

გვანცა გიორგაძე

Share