Home » ბიზნესი » „კანონპროექტით წარმოდგენილი ფასები შეუსაბამობაშია იმ ვალდებულებებთან, რისი საკუთარ თავზე აღებაც სადაზღვევო კომპანიებს უწევთ“
„კანონპროექტით წარმოდგენილი ფასები შეუსაბამობაშია იმ ვალდებულებებთან, რისი საკუთარ თავზე აღებაც სადაზღვევო კომპანიებს უწევთ“

„კანონპროექტით წარმოდგენილი ფასები შეუსაბამობაშია იმ ვალდებულებებთან, რისი საკუთარ თავზე აღებაც სადაზღვევო კომპანიებს უწევთ“

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტთან შენიშვნები აქვს. კომპანიის გენერალური დირექტორი კახაბერ დიასამიძე განმარტავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტარიფიკაციის პრობლემა. კერძოდ, კანონპროექტის შედეგად წარმოდგენილი ფასები შეუსაბამობაშია იმ ვალდებულებებთან, რისი საკუთარ თავზე აღებაც სადაზღვევო კომპანიებს უწევთ.

დიასამიძე იმედოვნებს, რომ საბოლოო კანონპროექტის მიღებამდე,ტარიფთან მიმართებაში სადაზღვევო სექტორის აზრის გათვალისწინებაც მოხდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღება ამაღლებს ქვეყანაში სადაზღვევო კულტურას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. ამ შემთხვევაშიც, მივესლამები მესამე პირის ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული კანონპროექტის შემოტანა საქართველოში დაგვიანდა. ისეთ განვითარებად ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა უკვე ათეულობით წელს ითვლის,“-აღნიშნავს დიასამიძე.

როგორც ცნობილია, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.

კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.

კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;

სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი;სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.

წყარო: commersant.ge

Share