Home » საზოგადოება » კანონის თანახმად, რა თანხა უნდა გადაგიხადოთ დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის
კანონის თანახმად, რა თანხა უნდა გადაგიხადოთ დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის

კანონის თანახმად, რა თანხა უნდა გადაგიხადოთ დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის

საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობა საქართველოს შრომის კოდექსით რეგულირდება. კანონით არის გათვალისწინებული შემთხვევები, როდესაც დასაქმებული ვალდებულია ზეგანაკვეთური სამუშო შეასრულოს, თუმცა კანონში ასევე არის ნორმები, რომლებიც კრძალავს ზეგანაკვეთურად ადამიანის დასაქმებას. კანონით განსაზღვრულია, რა შემთხვევაში ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო და რა შემთხვევაში – არა.

რა არის ზეგანაკვეთური მუშაობა?

ზეგანაკავეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობაც სრულწლოვანი ადამიანის შემთხვევაში კვირის განმავლობაში აღემატება 40 სამუშაო საათს, 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის ზეგანაკვეთურია სამუშაო თუ ის აღემატება კვირაში 36 საათს; 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვნისთვის კი ზეგანაკვეთურია სამუშაო თუ ის კვირის განმავლობაში აღემატება 24 საათს. ამასთან, კანონის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმებით უნდა შესრულდეს.

როდის არის დასაქმებული ვალდებული იმუშაოს ზეგანაკვეთურად?

დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურების გარეშე, თუ მას დამატებით მუშაობას სთხოვენ სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის.

სათანადო ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური მუშობის დროს თუ ადამიანს მუშაობას სთხოვენ საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის.

ვისი დასაქმება იკრძალება ზეგანაკვეთურად?

კანონის თანახმად, აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო?

კანონის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მაგალითად, თუ დასაქმებული შესრულებული სამუშაოსთვისერთი საათის განმავლობაში იღებს პირობითად 10 ლარს, დამატებით ერთი საათის (ზეგანაკვეთურად) მუშაობის შემთხვევაში, დამსაქმებელი  დასაქმებულს ზეგანაკვეთურად ერთი საათის მუშაობისთვის გადაუხდის 10 ლარს პლუს ის დამატებითი პროცენტი რაზეც მხარეები შეთანხმდებიან.

კანონის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესაძლოა შეთანხმდნენ დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

როგორ არეგულირებს კანონი ღამით მუშაობას?

შრომის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22:00 საათიდან 06:00 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.

ამასთან, შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

რა ხანგრძლივობის უნდა იყოს სამუშაო დრო?

სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, შესაბამისი მუხლის პირობების გათვალისწინებით და დასაქმებულისთვის ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროის მიცემის პირობით.

სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო.

 სამუშაოს პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, დასაშვებია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესის შემოღება.

Share