Home » ახალი ამბები » კანაფის შემცველი პარფიუმერული ან ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია დაუშვებელი იქნება
კანაფის შემცველი პარფიუმერული ან ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია დაუშვებელი იქნება

კანაფის შემცველი პარფიუმერული ან ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია დაუშვებელი იქნება

შს სამინისტრო მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის.

პროექტის მიხედვით, დაუშვებელია მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ან მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია, გარდა ექსპორტის მიზნით შესაბამისი ლიცენზიის მფლობელის მიერ მოყვანილი/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მცენარე კანაფის შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევისა.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ სალიცენზიო საქმიანობის სახეებს:

სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;

სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;

მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია;

მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია;

მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია;

სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია;

სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია;

სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია.

შესაბამისად, მხოლოდ ზემოაღნიშნული ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტს ექნება მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივირების უფლება; ასევე, მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციისა და შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება/ექსპორტის, ასევე, სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის უფლება. ხოლო, შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი ვალდებულია მის ხელთ არსებული მცენარე კანაფი გადასცეს სააგენტოს, მისი შემდგომი განადგურების მიზნით.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით, ხოლო ლიცენზიის მოპოვება შეეძლება მხოლოდ იურიდიულ პირს, ხოლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა იქნება აკრძალული.

ასევე აკრძალულია კანონპროექტით მცენარე კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე პირის ჩაბმა, ხოლო ლიცენზიაში უნდა მიეთითოს მეწარმე სუბიექტისათვის დათესვისთვის, მოყვანისთვის, კულტივირებისთვის, წარმოებისთვის მცენარე კანაფის ნებადართული ოდენობა, ქვეყნის შიდა კვოტის გათვალისწინებით.

Share