Home » ეკონომიკა » კალაძე „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორისაა გაბმული
კალაძე „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორისაა გაბმული

კალაძე „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორისაა გაბმული

„გაზპრომიდან“ მოლაპარაკების შემდეგ, კახა კალაძე „სოკართან“ მოსინჯავს ნიადაგს. ენერგეტიკის მინისტრი 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. იგი შეხვდება კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებს და ასევე კონსორციუმის ხელმძღვანელობას.

„აქტიურად ვმუშაობ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰდენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვფიქრობთ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს „გაზპრომთანაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ვენაში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრას „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან, კალაძის თქმით, კონკრეტულად არავითარი შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული. ეს ნიშნავს, რომ რუსულ გიგანტთან მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხიდან ვერ გამოდის.

რუსული მხარე საქართველოს მოთხოვნებზე არ მოდის, საქართველო კი პოზიციის დათმობას არ გეგმავს. მოლაპარაკებები სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციას და საქართველოს მიერ რუსეთიდან შესასყიდი გაზის საფასურს ეხება. კახა კალაძე ვარაუდობს, რომ საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ამასობაში აზერბაიჯანმა საქართველოში გაზის ყოველდღიური მოწოდება შაჰ-დენიზის საბადოდან უკვე გაზარდა.

როგორც „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, დღიური მოწოდების ზედა ზღვარი 3,2 მლნ კუბურ მეტრამდეა გაზრდილი მაშინ, როდესაც სეზონური მოწოდება 1,5 მილიონიდან 2,8 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო.

„ასე რომ, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში მიწოდების თანაფარდობა 70-30-ზეა, ნაცვლად 60-40-ისა“, – აღნიშნა მამედოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაზის მიღება სურს ირანიდანაც. „ჯიბისის“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 7-თვიანი კონტრაქტით 200 მლნ კუბური მეტრის მიღება განიხილება. ეს ინფორმაცია ირანულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

მოსალოდნელია ირანული გაზის ექსპორტი მომავალი წლიდან დაიწყოს (ირანში ახალი წელი 21 მარტიდან იწყება), თუმცა კონკრეტულად როდიდან, რომელი მარშრუტით ან რა ფასად მიიღებს საქართველო ირანულ ბუნებრივ აირის, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის და ამ საკითხების გადაჭრა, შესაძლოა, თვეობით გაჭიანურდეს.

ამასობაში აზერბაიჯანში ეკონომიკური ვარდნა დაიწყო, რაც პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის დაბალ ფასს. თუკი ასე გაგრძელდა, ეს აუცილებლად იმოქმედებს ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორის გამართულად მუშაობასა და განვითარებაზე.

2016 წლის იანვარში აზერბაიჯანში თითქმის ყველა ძირითადი მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყნის სტატისტიკის კომიტეტის ინფორმაციით, იანვარში მშპ-მ 4011,2 მილიონი მანათი შეადგინა, რაც 3,3%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვრის მაჩვენებლებზე. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 418,3 მანათია, რაც 4,4%-ით ჩამოუვარდება შარშან დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, წინა თვეში წარმოების ვარდნაც დაფიქსირდა. კერძოდ, სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2,1 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვრის იგივე მონაცემებს 3,1%-ით ჩამორჩება.

ნავთობის მრეწველობა 3,5%-ით შემცირდა, არასანავთობო წარმოება კი 0,3%-ით გაიზარდა. მომპოვებელ სფეროში 3,5%-იანი ვარდნა აღინიშნა, მათ შორის, გაზისა და ნავთობის მიმართულებით.

წყარო: For.ge

Share