Home » ბიზნესი » კახა ოქრიაშვილი: მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არეულობის მომტანი ვერანაირად ვერ გახდება.
კახა ოქრიაშვილი: მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არეულობის მომტანი ვერანაირად ვერ გახდება.

კახა ოქრიაშვილი: მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არეულობის მომტანი ვერანაირად ვერ გახდება.

ბოლო დღეებში, ჯერ ფარული კადრების გამოქვეყნების, მოგვიანებით კი „რუსთავი 2“–ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური ფონი გარკვეულწილად გართულდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა განწყობები აქვს ამ ვითარებაში ბიზნესს და როგორ უყურებს მიმდინარე მოვლენებს.

ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არეულობის მომტანი ვერანაირად ვერ გახდება. „არც არეულობა იქნება და არც ბიზნესზე რაიმე სახის გავლენა. რატომ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ტელეკომპანიის  დამფუძნებლები არხს ვერ იყოფენ? ეს არ არის  არანაირი არეულობის მოტივი. 20 მეპატრონე ჰყავდა რუსთავი 2-ს, ვინ არის ფაქტობრივი და არაფაქტობრივი მფლობელი, კაცმა არ იცის, მაგას ქვეყანა უნდა გადავაყოლოთ? „-აცხადებს ოქრიაშვილი.

საქართველო პატარა ქვეყანაა და თიოთოეული ასეთი მოვლენა ხშირ შემთხვევაში ბიზნესზე აისახება. ამის შესახებ განცხადებას  პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი აკეთებს. მისი თქმით, ძნელია ისაუბრო მკაცრად ბიზნესის პოზიციიდან, რადგან ერთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რთულია ასეთ დროს ბიზნესმენის და მოქალაქის პოზიცია გამიჯნო.

კორინთელი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის მოვლენები ხშირ შემთხვევაში გარკვეული შეფერხებების და პატარა რყევების საფუძველი ყოველთვის იყო. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ბიზნესს რაიმე ტიპის შიში გაუჩნდეს, კორინთელი ამბობს, რომ ამის პროგნოზირება რთულია და ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები.

„თუ ეს განმაპირობებელი იქნება კონკრეტული პროტესტის, მათ შორის პიკეტირების, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების, რისი დაჯერებაც მიმდინარე მომენტში რთულია, მაგრამ მაინც, მაშინ თავისთავად ეს სხვა სახეს იღებს, რაც საბოლოო ჯამში  ბიზნესს და სოციალურ აქტივობას დაეტყობა“-აცხადებს კორინთელი.

მისი შეფასებით, ამ პროცესების დროს ძალიან დიდი როლი დიმპლომატებს ეკისრებათ. თუ ისინი სიტუაციას შეაფასებენ საგანგაშოდ, ინვესტორები ამას ნახავენ და შედეგად,  შესაძლოა ინვესტიციების შემოსვლაც შეაჩერონ. თუმცა, მისივე შეფასებით, ცალკეული მოვლენა არ შეიძლება იყოს ინვესტიციების შეჩერების განმაპირობებელი.

 აისახება თუ არა მიმდინარე პროცესები სამომხმარებლო განწყობებზე? კორინთელის შეფასებით, თუ პროცესებმა გლობალური ხასიათი მიიღო, შესაძლოა აისახოს ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ტურისტული ბიზნესი, უძრავი ქონება და ასე შემდეგ.  პირველადი მოხმარების საქონლის გაყიდვებზე ეს არ აისახება.

კორინთელი აცხადებს, რომ ის რაც რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხდება, აჩენს იმის შეგრძნებას, რომ ქვეყანაში დაუცველობის გრძნობაა.

„ეს არის მანკიერი პრაქტიკა, ეს დაუცველობის განცდას იწვევს როგორც საზოგადოებაში, ისე ბიზნესში. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ყველა ქვეყანაში სამაგალითოდ გამჭვირვალე უნდა იყოს, აქაც კი არსებობს ისეთი მომენტები, რომლის გამოტანაც საჯაროდ არავის არ უნდა. ვგულისხმობ, კომერციულ  საიდუმლოებებს  და ასე შემდეგ. ქვეყანაში დაუცველობის გრძნობაა. შეიძლება 5-10 წლის წინანდელი  მოვლენები  ნებისმიერ დროს ამოვარდეს. ვფიქრობ, რომ ეს ალბათ საზოგადოების, ჩვენი ბრალია. ამ მხრივ, ჩვენი მხრიდან ნაკლები პროტესტია, გვახსოვს, რომ იყო სერიოზული კამპანიები, მაგალითად, „ისევ გვისმენენ“ და ასე შემდეგ, თუმცა, ამას ადამიანები ნაკლებად უერთებოდნენ, ყველას ეგონა,  რომ რა უნდა ხდებოდეს ისეთი  მის ცხოვრებაში, რომ ჰქონდეთ  შიში. როდესაც რაღაც ხდება და კონკრეტულად შენ გეხება, მერე იწყებ ფიქრს, რომ ეს მანკიერი პრაქტიკაა. მერე უკვე დაგვიანებულზე  ფიქრობ, რომ თავის დროზე პროტესტი იყო გამოსახატავი“-აცხადებს კორინთელი.

commersant.ge

Share