Home » საზოგადოება » კახა ოქრიაშვილი – ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში
კახა ოქრიაშვილი - ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში

კახა ოქრიაშვილი – ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ ოფიციალურ მიმართვაში რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი დაასახელა – „ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. პრიორიტეტად რჩება ისეთი საკითხები,როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებს, რომ  წამლების ადგილობრივი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას განიცდის და საჭიროა ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„ფარმაცევტულ დარგს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არ აქვს, იმპორტიორი მწარმოებლები უფრო უკეთეს საგადასახადო პირობებში არიან, ვიდრე ადგილობრივი მეწარმეები.  გერმანიაში, უნგრეთში ან აზერბაიჯანში რომ აწარმოებდე წამლებს და საქართველოში გაყიდო, საგადასახადო თვალსაზრისით უფრო კარგია,  ვიდრე აქ აწარმოო.  აიღონ და ცოტა ადგილობრივ მეწარმეებს მიხედონ, უნდა გაუთანაბრონ მაინც პირობები.  დიდი ხანია ამის შესახებ დაანონსა პრემიერ-მინისტრმა და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად განახორციელებს იმას, რასაც დაპირდა ფარმაცევტულ ინდუსტრიას და ხალხს,“ – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც, 2017 წელს შეიქმნა და არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო დღეებში გაჟღერებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ცვლილების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

როგორც ცნობილია, 2017 წელს მედიკამენტების ამ პროგრამით მხოლოდ 13 010 ადამიანმა ისარგებლა, 2918 წელს კი 22 651-მა პაციენტმა.  არადა დავით  სერგეენკო აცხადებდა, რომ პროექტი 150,000 – 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას.  აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

PSP-ს დამფუძნებელი ამ პროგრამას აფასებს, როგორც აუთვისებელს. კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პაციენტს ზედმეტად  ბევრი პროცედურის გავლა და რიგებში დგომა უწევს  იმისთვის, რომ აღნიშნული სისტემით მედიკამენტზე შეღავათი მიიღოს.  მანვე აღნიშნა, რომ ხარისხი, კვალიფიციურობა და კადრების სიმცირე მთავარი პრობლემებია დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში.

„ვერ აითვისა ჯანდაცვამ ეს პროგრამა,  ვერ დაალაგა პროცესი, ავადმყოფი უნდა მისულიყო ხუთ  ადგილას, რომ რაღაც მედიკამენტზე შეღავათი მიეღო. ვფიქრობ, ვერ გამართეს ეს პროგრამა, თუმცა ჩანაფიქრი ძალიან კარგია, განზრახვა მომწონს. პირველ რიგში მოწყვლად  მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, რომ ქრონიკული  მედიკამენტები უფასოდ ან თითქმის უფასოდ მიიღონ. აქ არ არის საუბარი გაციების მედიკამენტზე, ქრონიკული მედიკამენტები მნიშვნელოვანი თემაა, რადგან მას ყოველთვიურად და ყოველდღიურად იღებს ადამიანი და ეს ხარჯი როგორმე უნდა დავუფაროთ.  პრინციპში მთავრობამ 20 მლნ ლარზე მეტი გამოყო, მაგრამ ათვისება ძალიან დაბალი იყო.  ფული რომ გაქვს და ვერ დახარჯავ ჩავარდნაა ხალხისთვის ხომ? აბა რა არის. მინდა გითხრათ, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო ბევრი მიღწევები,  მაგრამ იყო ჩავარდნებიც და ერთ-ერთი სწორედ ეს პროგრამა იყო. ამ პროგრამას სჭირდება ჯაჭვი,  რომელიც იწყება იქ,  სადაც პაციენტი ხვდება ექიმს და მთავრდება იქ, სადაც პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ეს ჯაჭვი უნდა იყოს ძალიან სწრაფად გასავლელი ადამიანისთვის. ქრონიკული დაავადების მედიკამენტზე უნდა გაიცეს 6- თვიანი ან ერთწლიანი რეცეპტი, რომ ხშირად არ იაროს ექიმთან და რიგებში არ იდგნენ პაციენტები. იმედია, ამ ყველაფერს გაივლის ახალი მინისტრი და დაალაგებს სისტემას. საყოველთაო ჯანდაცვის სტრატეგია ძალიან კარგია, მანამდე ხალხი იხოცებოდა , მაგრამ მოვიდა დრო, რომ ცოტა გაშალაშინდეს ეს ყველაფერი. მთავარი ამოცანებია მედიკამენტებით უზრუნველყოფაა, ხარისხის გაუმჯობესება სამედიცინო სერვისებზე, კადრების კვალიფიციურობა – საიდან უნდა იყოს ჯანდაცვაში ხარისხი, თუ კადრების დეფიციტია. კვალიფიციური ექთნებისა და ექიმების დეფიციტია.  ძალიან ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი და რთული გამოწვევებია წინ. თუმცა უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, რადგან ერთ დღეში არაფერი არ კეთდება.“ – აღნიშნა ოცნების დეპუტატმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

რას ფიქრობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე— ამ თემებზე კომენტარი ვთხოვეთ კომპანია “ავერსს“, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

“კომერსანტი”

Share