Home » ახალი ამბები » კაკაურიძე – ხორბალი განსხვავებული პროდუქტია, რომლის მარაგები ქვეყანაში აუცილებელია
კაკაურიძე - ხორბალი განსხვავებული პროდუქტია, რომლის მარაგები ქვეყანაში აუცილებელია

კაკაურიძე – ხორბალი განსხვავებული პროდუქტია, რომლის მარაგები ქვეყანაში აუცილებელია

ხორბლის იმპორტიორებისთვის შეღავათების შენარჩუნებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ხსნის. მისი თქმით, ხორბალი განსხვავებული პროდუქტია, რომლის მარაგები ქვეყანაში აუცილებელია.

„მარაგები ქვეყანაში აუცილებელია. სახელმწიფოს მოთხოვნაა, ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობდეს და შესაბამისად, ამ ნაწილში იყოს გარკვეული შეღავათი. მარაგზე გადასახადი წინასწარ არ უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება ბიზნესთან კომუნიკაციის მხრივ დასმულ კითხვას, კაკაურიძის შეფასებით, შესაძლოა, ბიზნესთან კომუნიკაცია ადრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა. ამასთან, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიისთვის ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება.

Share