Home » ბიზნესი » „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს. ამის შესახებ ნათქვამია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაში.

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს.

მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ავიაკომპანიების რეისები 8 ივლისიდან შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ მათ ქართულ მხარეს უკვე აცნობეს. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

„ამ დროისთვის დავალიანების საერთო რაოდენობა 792 543,19 აშშ დოლარი და 592 251,95 რუსული რუბლია. ქართულმა მხარემ დავალიანება აღიარა 2008 წელს და მას შემდეგ არ დაუფარავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share