Home » ბიზნესი » „ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა „ევექსის“ სასარგებლოდ კეთდება“ – მზადდება თუ არა კლინიკების ბაზარზე მონოპოლიზაციისთვის ნიადაგი
„ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა „ევექსის“ სასარგებლოდ კეთდება“ - მზადდება თუ არა კლინიკების ბაზარზე მონოპოლიზაციისთვის ნიადაგი

„ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა „ევექსის“ სასარგებლოდ კეთდება“ – მზადდება თუ არა კლინიკების ბაზარზე მონოპოლიზაციისთვის ნიადაგი

ჯანდაცვის სექტორის სერვისების განვითარება და სატარიფო პოლიტიკის მოწესრიგების მომავალი ბუნდოვანია

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს შორის უთანხმოებაა. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლები ერთიანი სატარიფო სისტემის ამოქმედების გადავადებას ითხოვენ. გადავადების პერიოდად კლინიკების წარმომადგენლები 6 თვიან ვადას ასახელებენ.
ცვლილებების გადავადების თაობაზე ოცდახუთმა კლინიკამ ღია წერილით პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს მიმართეს, თუმცა, ამ დრომდე არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტებს პასუხი არ მიუღიათ.

“საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ მოგმართოთ თქვენ ღია წერილით, რათა სასწრაფოდ განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედების მინიმუმ 6 თვით გადავადება იმისათვის, რომ მოხდეს საკითხის ფართო განხილვა (რასაც არ ჰქონია ადგილი) და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აარიდებს პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და, შესაბამისად, მათი უფლებების დარღვევას. მოგეხსენებათ, შეუძლებელია ისტორიული ღირებულებით მედიკამენტების, სახარჯი მასალების და კომუნალური მომსახურების შეძენა (ელ.ენერგია; წყალი; ბუნებრივი აირი და ა.შ.). 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედი ტარიფები შემუშავებული იყო და შესაბამისად ეფუძნებოდა 2011-2012 წლებში ქვეყანაში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას”, ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკების წარმომადგენლები გაზრდილ ფასებზე და სახელმწიფოსგან საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების დაგვიანებასთან დაკავშირებითაც ამახვილებენ ყურადღებას.

“წარმოგიდგენთ საქსტატის მონაცემებს და ასევე მაგალითისათვის ფასებს ძირითად მედიკამენტებზე და სახარჯ მასალებზე. ელ.ენერგიის (33.24%), ბუნებრივი აირის (14.67%) ღირებულება 2013 წელთან შედარებით.
ასევე, საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წელში (2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე), ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში ანტიბიოტიკებზე ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 11% შეადგინა.

სისხლის და სისხლის კომპონენტების ფასების ზრდამ 2019 წლის მდგომარეობით 2012 წელთან შედარებით, საშუალოდ 40% დან 128.57%-მდე შეადგინა.

გარდა დაბალი ფასებისა, კლინიკებს ასევე უმძიმეს ტვირთად აწევს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება, რომელიც კლინიკებისთვის შეადგენს მათი შესრულებული სამუშაოს უდიდეს ნაწილს. დაბალი მომგებიანობისა და თანხის გვიან მიღების გამო კლინიკების უმრავლესობას წარმოშობილი აქვთ პერსონალის და მომწოდებელი კომპანიების მიმართ დიდი ფინანსური ვალდებულებები (დავალიანება), რაც უკვე შეუძლებელს ხდის ტექნოლოგიების შესყიდვას მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, აფერხებს ექიმების საზღვარგარეთ გაგზავნას კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ვეღარ უზრუნველყოფს ახალი პარტნიორების მოძიებას განვითარებულ ქვეყნებში და მათ ჩამოყვანას საქართველოში ჩვენი სფეროს განსავითარებლად და ეს ყოველივე საბოლოოდ შეზღუდავს კლინიკების განვითარებას და მათ ფუნქციონირებას”, – ვკითხულობთ კლინიკების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ღია წერილში.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ღია წერილს ხელს არ აწერს სამედიცინო კორპორაცია “ევექსია”, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) ეკუთვნის.

უკვე წლებია სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის დასაფინანსებლად ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ხარჯავს. ბიუჯეტს ეს წნეხი მძიმედ აწვება, მაგრამ ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ათეულობით ათასი მოქალაქე ახერხებს სამედიცინო სერვისების დაფინანსებას. რომ არა ეს პროგრამა, მაღალი საფასო პოლიტიკის ფარგლებში, ამ მიმართულებით გაცილებით დიდი პრობლემები იქნებოდა, ვიდრე დღესაა.

რას ემსახურება აღნიშნული ცვლილებები, სერვისის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის სფეროსკენ მიმართული საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციას და უფრო რაციონალურად დახარჯვას, თუ სექტორში არსებულ რომელიმე მოთამაშეზე მორგებას, ეს კითხვები აქტიურად მუსირებს დარგის სპეციალისტებში.

კლინიკა “გულის” დამფუძნებლის, ანზორ მელიას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები სამედიცინო დაწესებულება “ევექსის” სასარგებლოდ კეთდება.

“ერთადერთი გამონაკლისი რომელმაც წერილს ხელი არ მოაწერა არის “ევექსი”. ყველამ კარგად იცის ვის ეკუთვნის ეს კორპორაცია და რეალურად ეს რეფორმა მათთვის გატარდა”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

როგორც ჩანს, სახელისუფლებო წრეში დღეს არსებული კლინიკების რაოდენობა ებევრებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიაც ამახვილებს ყურადღებას.

“დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალ ტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი”, – აცხადებს გაბუნია.

ჯანდაცვის სექტორის მუშაობით არც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა კმაყოფილი.

“სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე. იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის”, – აცხადებს გახარია.

შესაბამისად, დაანონსებული ცვლილელების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ კლინიკების ბაზარი პატარა მოთამაშეებისთვის მიუღებელი გახდეს და მათ მოუწიოთ ბაზრის დატოვება, რაც კონკურენციას შეამცირებს და ბაზარს მონოპოლიურ-ოლიგოპოლირი ნიადაგისთვის შეამზადებს, რაც ნამდვილად არ იქნება სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გადადგმული მართებული ნაბიჯი.

შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების გატარების შედეგად, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სამედიცინო სექტორში სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივა ბუნდოვანია.

ცნობისთვის, სამედიცინო დანახარჯები საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 308 დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში არსებულ საშუალო დანახარჯზე ნაკლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან სამედიცინო დანახარჯების წილი ქვეყნის მშპ-ში 8%-იან ნიშნულზეა დასტაბილურებული და რეგიონულ ჭრილში მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ სექტორში სიტუაციის გარკვეულწილად დასტაბილურება განპირობებულია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით, რის შედეგადაც მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა რამდენად იქნება აღნიშნული ცვლილება განვითარების მომდევნო ეტაპზე გადამსვლელი, როგორც საფასო, ასევე სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია, რადგან არსებობს ზემოაღნიშნული გონივრული ეჭვები.

სანდრო პირველი

Share