Home » მსოფლიო » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიზისშია – გზის გასაყარზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიზისშია - გზის გასაყარზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიზისშია – გზის გასაყარზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთწლიანი არჩევნების ჩატარებას შეუდგა ახალი გენერალური დირექტორის დასანიშნად 8.000 კაციანი ორგანიზაციის მართვისთვის.

არჩეულ პირს შესაშური სამსახური სულაც არ ექნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ბრალს სდებენ გამჭვირვალობის არარსებობაში, კორუფციასა და პრესის თავისუფლების ჩახშობაში, რაც მკაცრად ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.

მისი მეგობრებიც კი მწვავე კომენტარებს აკეთებენ… “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ურთიერთობას მის წევრ სახელმწიფოებთან საფუძვლად უდევს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაპირებების შესრულების უნარის მიმართ ნდობის არარსებობა”, – წუხს ჩარლზ კლიფტი, Chatham House-ის უფროსი კონსულტანტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და იმის გათვალისწინებით, რომ ის თავისი დაფინანსების 75%-ს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და „ბილ გეითსის ფონდიდან” იღებს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის სათანადოდ ფუნქციონირებდეს.

მაგრამ რა არ არის ისე, როგორც უნდა იყოს…?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ბრალდებები ბევრია, – სამ მათგანს შევეხები. პირველ რიგში, არსებობს სერიოზული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის მტკიცებულება. გაეროს შიდა კონტროლის სამსახურმა ბოლო პერიოდში ჩაატარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მამხილებელი აუდიტი, რომლის ფარგლებშიც დაფიქსირდა, რომ 2015 წელს 66%-ით გაიზარდა არამართლზომიერი ქმედებების გამოძიების მოთხოვნები. არაკეთილსინდისიერი ქმედებების დაფიქსირებული შემთხვევები 20%-ით გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით.

მაგალითისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი რეგიონალური ოფისის მაღალჩინოსანმა დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით უკანონოდ შეისყიდა 2.1 მილიონი აშშ დოლარის მოწყობილობა მეგობრისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა გაცილებით დაბალ ფასად იყო ხელმისაწვდომი სხვა მიმწოდებლებისგან.

მეორე, როგორც ჩანს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, კოლექტიური ალერგია გამოუმუშავდა ჯანდაცვის საკითხებში ინოვაციური გადაწყვეტილებების მიმართ და ინდოეთში დაგეგმილ თამბაქოსთან ბრძოლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა მეშვიდე შეხვედრაზე ცდილობს დაარწმუნოს ქვეყნები იმაში, რომ ელექტროსიგარეტის მოწევა რეგულირებულ უნდა იქნას ტრადიციული სიგარეტის მსგავსად, ან შეიძლება აიკრძალოს კიდეც.

გასულ წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა უპასუხისმგებლო და გაუგებარი განცხადება გააკეთა “ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა აკრძალოს ელექტრო სიგარეტი და ელექტრონული ნიკოტინის მიმწოდებელი სისტემები”.

ეს აბსურდული შეთავაზებაა იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ ელექტრო სიგარეტი 95%-ით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის გამოყენება. ამ განცხადებას დაეთანხმა ექიმთა სამეფო კოლეჯი და აღნიშნა, რომ ელექტრო სიგარეტის გრძელვადიანი ნეგატიული შედეგები „სავარაუდოდ არ გადააჭარბებს თამბაქოს მოწევით გამოწვეული ზიანის 5%-საც კი”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელექტრო სიგარეტის ზედმეტი რეგულირება გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები დარჩებიან ტრადიციული სიგარეტის ერთგულნი ნაცვლად იმისა, რომ გადაერთონ შემცირებული რისკის შემცველ პროდუქციაზე. ეს გამოიწვევს ადამიანთა ჯანმრთელობის არასაჭირო ზიანსა და სერიოზულ რისკს და არ გააუმჯობესებს მას. ესაა მცდარი და შეზღუდული აზროვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან და მიუთითებს ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისა და ლიდერობის ნაკლებობაზე.

ამ შეხედულებას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ელექტრო სიგარეტის საერთო პარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, მარკ პოუსი, რომელმაც აღნიშნა, რომ “ელექტრო სიგარეტი მილიონობით ადამიანს ეხმარება მოწევისთვის თავის დანებებაში. ამიტომ გაუგებარია, რატომ იმუქრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი შეწყვეტით”.

ამჟამად, დიდ ბრიტანეთში ელექტრო სიგარეტის 2.4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ისეთი არაფერი უნდა გააკეთოს, რაც მათ აიძულებს უარი თქვან ნიკოტინის ჩასუნთქვაზე, ჯანმთელობისთვის ყველა საშინელი შედეგით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, როგორც გაეროს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის მიმართ წაყენებული კიდევ ერთი ბრალდებაა პრესის თავისუფლების ჩახშობა. გაეროს მხრიდან მედიის მოპყრობასთან დაკავშირებით მზარდ შეშფოთებაზე პასუხად, 50-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მიმოხილველი და ავტორიტეტული ექსპერტი 18 ქვეყნიდან გაერთიანდა ერთობლივი წერილის ხელმოსაწერად მაისში გაეროს მიერ დანიშნულ მსოფლიო პრესის დღეზე იმ მოთხოვნით, რომ გაერომ დაიცვას პრესის თავისუფლების იგივე პრინციპები, რომელსაც ის ელოდება მისი წევრი სახელმწიფოებისგან.

წერილის ხელმომწერებმა მოუწოდეს გაეროს “შეწყვიტოს თავისი ფარისევლური ქცევა და დაიცვას პრესის თავისუფლების პრინციპები”.

არსებობს კიდევ ბევრი სხვა სერიოზული ბრალდება და პრობლემა, რომლისთვისაც მზად უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და უნდა შეეცადოს და არ დაემალოს მათ. ახლახანს დაწყებული ახალი გენერალური დირექტორის საარჩევნო კამპანია მრავალი საკითხისა და პრობლემის დისკუსიის საშუალებას იძლევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გზის გასაყარზე იმყოფება და მან უნდა გაითავისოს გამჭვირვალობის, ჩართულობის, დემოკრატიისა და კეთილსინდისიერი მართვის ღირებულებები. ძალიან ხშირად ბოლო წლებში ხდებოდა ამ ღირებულებების უგულებელყოფა, მათთვის მოხერხებულად თავის არიდება ან დაუდევრად მოპყრობა.

ეს მიუღებელია და ამან ეჭვქვეშ დააყენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლეგიტიმურობა. მსოფლიო უკეთესს იმსახურებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ ის გახდეს უკიდურესად გამიჯნული და დაკარგოს ნდობა. არავის სურს, რომ ეს მოხდეს.

Huffingonpost

Share