Home » საზოგადოება » „ივანიშვილს ცვლილებების გასატარებლად კიდევ დარჩა მაქსიმუმ ორი თვე, მერე უკვე ყველაფერი გვიან იქნება“
„ივანიშვილს ცვლილებების გასატარებლად კიდევ დარჩა მაქსიმუმ ორი თვე, მერე უკვე ყველაფერი გვიან იქნება“

„ივანიშვილს ცვლილებების გასატარებლად კიდევ დარჩა მაქსიმუმ ორი თვე, მერე უკვე ყველაფერი გვიან იქნება“

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

– ბატონო ვაჟა, პარლამენტში კრიმინოგენული ვითარების გაუარესების საკითხებზე იმსჯელეს შს მინისტრის გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მონაწილეობით. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ განხილვამ?

– საპარლამენტო მმართველობა პოლიტიკური კულტურის მაღალ დონეს გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ვითარება არასახარბიელოა. იდგმება პირველი ნაბიჯები. საპარლამენტო დებატები მთავრობის პირველი პირების მონაწილეობით ჩვენი ყოველდღიურობის ნორმა გახდება დროთა განმავლობაში. დღეს ასეთი პრაქტიკა ჩვენთვის რამდენადმე უჩვეულოა.

აქედან გამომდინარე, ეს განხილვაც შორს იყო სრულყოფილებისგან. საპარლამენტო დებატებს პოლიტიკოსების მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება. ჩვენს პარლამენტში კი პროფესიონალი პოლიტიკოსების დეფიციტია. მმართველი პარტიის დეპუტაცია ძირითადად ახალბედებისგან შედგება. ამდენად, განხილვაც, ბუნებრივია, ფორმით მწვავე იყო, შინაარსით კი რამდენადმე უღიმღამო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია ურიგო მინისტრი არ არის.

მაშინ, როცა მინისტრი, არა გახარია, ამბობს, რომ გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ხელს უშლის პროცესს, აბა რა შედეგი უნდა მივიღოთ. მინისტრებს, მათ ნაწილს, ვგონებ, გათავისებული არ აქვთ, რომ პოლიტიკური ფიგურები არიან და არა დარგის ხელმძღვანელები.

თვით პრემიერ მამუკა ბახტაძისგანაც არ იგრძნობა, რომ მას აქვს იმის განცდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერია. არადა, ბახტაძე უაღრესად განსწავლული და კვალიფიციური პიროვნებაა. ოპოზიცია არ ითვალისწინებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად შეცვალა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, – „ნულოვანი ტოლერანტობა“ ჰუმანური და შედარებით ლიბერალური მიდგომებით ჩაანაცვლა, რაც თავისთავად უმოქმედობას და კრიმინალური სამყაროსადმი დათმობებს არ გულისხმობს.

განხილვამ აჩვენა, რომ ამ მიმართებით მთავრობას ბევრი პრობლემა აქვს, რომლებიც გადასაჭრელია, ხოლო ოპოზიციამ ცხადყო, რომ თემისადმი კონსტრუქციულობა და სახელმწიფოებრივი მიდგომა აკლია.

საინფორმაციო სივრცეში კრიმინალის „ტოპნიუსებად“ გადაქცევა არ ნიშნავს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში რაღაც განსაკუთრებული და მოუთმენელი ვითარებაა. დებატებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებაში, კერძოდ კი პარლამენტში, თემასთან მიმართებით ადეკვატურობის დეფიციტია. კრიმინალთან მიმართებით არც ერთი მხარე არ უნდა ესწრაფვოდეს პოლიტიკური ბენეფიტების მიღებას.

– საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შეფასებისადმი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა – „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია და ეს ვითარება საჭიროებს გამოსწორებას“.

არადა, გასულ კვირას საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჩვენთვის საკმაოდ კრიტიკული დასკვნა „გამჭირვალეობა საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის დაწერილი იყო. ვითარებაში, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ სამოქალაქო სექტორი ქმნის და არა ხელისუფლება, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ჩვენში არასამთავრობო სექტორი სუსტია?

– თქვენი შეკითხვები ტრადიციულად მასშტაბურ და სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს, თქვენ კი არ გიყვართ ვრცელი პასუხები და მესმის, ავტორიტეტულ IPN-ზე ინტერვიუ არ უნდა იყოს ვრცელი. ამიტომ, ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ.

სამოქალაქი სექტორი საქართველოში უსიერი ტყეა. ვერავინ გეტყვით, რას წარმოადგენს იგი.

ქვეყანაში ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. საინფორმაციო და ანალიტიკურ ტექსტებში „სამოქალაქო სექტორად“ 20–30 არასამთავრობო ორგანიზაცია ივარაუდება, რომლებსაც USAID-ი, სოროსის ფონდი, სხვა რამდენიმე დასავლური ფონდი აფინანსებს.

ესენი არიან მდიდარი ორგანიზაციები, ძალიან დიდი დაფინანსებით და ძირითადად გამოხატავენ ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული პარტნიორების ხედვებს და პოზიციას. დანარჩენი არის კიდევ 20–მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, ღარიბი ორგანიზაციები, რომლებიც მეტწილად ენთუზიაზმზე მუშაობენ და მართლაცდა საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან და ასახავენ.

ამაზე ამ ქვეყანაში არავინ ფიქრობს, არავინ ფიქრობს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე, რომლის გარეშეც რეალური, ფუნქციონირებადი და კონსოლიდირებული დემოკრატია წარმოუდგენელია. არასამთავრობოების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. უნდა დომინირებდნენ თუ არა საინფორმაციო სივრცეში „სამოქალაქო სექტორად“ წოდებული ორგანიზაციები, საერთო რაოდენობით ოციდან ოცდაათამდე?

უცხოური დაფინანსებით და ზოგჯერ საკმაოდ ბუნდოვანი ინტერესებით, შიგადაშიგ მხარედ რომ გვევლინებიან პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ჩემი პოზიცია ცალსახაა: რა თქმა უნდა, აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, ისინი კარგ საქმეს აკეთებენ. თუმცა, მთელი „სამოქალაქო სექტორის“ და საზოგადოების მოსაზრებად მათი პოზიციის აღქმა არაზუსტი და არასწორია.

მე არ ვიზიარებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს NGO-ების ამ ჯგუფთან მიმართებით. ვთვლი, რომ არასამთავრობო სექტორის გაფართოება, დაფინანსების ნეიტრალური წყაროების მოძიება სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი ქმნის. უბრალოდ ისინი შიგადაშიგ დომინირებენ საინფორმაციო სივრცეში. მათ ამის ინტელექტუალური, ფინანსური რესურსიც აქვთ და შესაბამის ტექნოლოგიებსაც ფლობენ. ამიტომ, პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, თუ ეკა გიგაურის დაწერილი დასკვნა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში მოხვდა.

ესე იგი იქ გიგაურს ენდობიან და არა სხვას. და თუ ეს დასკვნა ადეკვატური არ არის, ეს ხელისუფლების თავსატეხი და გადაუწყვეტელი პრობლემაა ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, თუ ამ ცნებას კარგად დაფინანსებული არასამთავრობოების მცირე ჯგუფის იქეთ გავავრცელებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ის არამარტო სუსტია, არამედ არც არსებობს.

– მმართველმა გუნდმა მეორე მოსმენით კი მიიღო მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესი, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ იგი ჩინჩალაძე- მუსუსიძის ჯგუფსა და იუსტიციის საბჭოს აძლევს შესაძლებლობას მართლმსაჯულების სისტემაში არავინ დაუშვას, ვინც ამ ჯგუფის წევრი არაა.

მმართველი გუნდის გულშემატკივრებიც კი აღარ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის ჯგუფის მხარდაჭერით, „ოცნებამ“ პოლიტიკურ უნიტაზში ნებაყოფილობით ჩაყო თავი, თან ისე, რომ ამას ან ვერ ამჩნევს, ანაც არ იმჩნევს. თქვენ როგორ დაახასიათებდით ჩვენში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესის ფონზე წარიმართა და მმართველ გუნდისთვის პრაქტიკულად დასრულებულია?

– მე არ ვიქნებოდი ასეთი თამამი და ულმობელი „ოცნების“ დღევანდელ მდგომარეობაზე ამ საკითხთან მიმართებით, თუმცა თქვენთან საუბარში ხაზი გავუსვი, რომ სამართლიანი სასამართლოს თემა ერთ–ერთი უმთავრესი პოლიტიკური საკითხია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

ვინც ამ საკითხს გადაწყვეტს ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით და არსებითად, მისი შანსები მომავალ არჩევნებში გაიზრდება. ამ ამოცანას სათანადოდ გამოეხმაურა „ნაციონალური“ ფლანგი და თაკო ჩარკვიანმა პარტიაც კი შექმნა, რომელსაც „კანონი და სამართალი“ დაარქვა.

სამართლიანი სასამართლოს თემა ერთ–ერთი უმთავრესი პოლიტიკური საკითხია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში… პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსი, რომელიც ივანიშვილმა აირჩია, სასამართლოსთან დაკავშირებულმა ორომტრიალმა დაასრულა რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად

„ქმნა მართლისა სამართლისას“ თავი რომ დავანებოთ, ყველგან და განსაკუთრებით საქართველოში ხელისუფლების შეფასებისას სამართლიანობა ერთ–ერთი უმთავრესი კრიტერიუმია.

დამპყრობლის უსამართლო სამართალს არ ეგუებოდა ქართველი კაცი, მით უმეტეს დამოუკიდებლობის პირობებში არ მოითმენს და ეს ძვირი დაუჯდა სააკაშვილს, შეიძლება ძვირი დაუჯდეს „ოცნებასაც“. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსი, რომელიც ივანიშვილმა აირჩია, სასამართლოსთან დაკავშირებულმა ორომტრიალმა დაასრულა, რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად.

– იყო მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ოცნების“ გუნდი რადიკალურად გადახალისდებოდა. ამის მსგავსი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მმართველი გუნდიდან ბესელია-ფოფხაძე-კვაჭანტირაძის წასვლას. საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირებლო მისიის საბოლოო დასკვნა იმდენად მკაცრი და კრიტიკულია, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გადაჭარბებით გამოყენების შესაძლებლობა.

თქვენი დაკვირვებით, რა რესურსი აქვს მმართველ გუნდს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოახერხოს გუნდის რებრედინგი?

– არა მარტო მოლოდინი იყო. ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას, რომ გზავნილი, რაც მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების სახით, მიღებულია და სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება. ამ რადიკალური ცვლიბებისთვის მას ჰქონდა დრო, თუნდაც 2–3 თვე, როცა უნდა გამოჩენილიყო, რა დასკვნები გააკეთა მან.

ფაქტობრივად არაფერი, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, თუ არ გავითვალისწინებთ „ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას, ეს თავისთავად კარგია, იქნებ ღარიბაშვილმა შეძლოს პარტიის გამოცოცხლება, რადგან ფაქტობრივად არ არსებული პარტია, მმართველი პარტია, არამარტო ივანიშვილის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების პრობლემაა.

„ოცნებამ“ დაკარგა თავგამოდებული მომხრეები, ფაქტობრივად დაიშალა რეგიონული სტრუქტურები, მას ხელმძღვანელობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი, რაღა თქმა უნდა, სიმბოლურად. აბა, საამისოდ დრო თბილისის მერს როგორ უნდა მორჩეს. სხვა და არსებითად, რეალურად არაფერი გაკეთებულა.

აქ მოლოდინი იყო პერსონალური ცვლიბების, გადანაცვლებების მაინც და უპირატესად პირველი პირების დონეზე, პოლიტიკური აქცენტების შეცვლა და ა.შ. არაფერი გაკეთებულა. ივანიშვილს ცვლილებების გასატარებლად კიდევ დარჩა მაქსიმუმ თვენახევარი-ორი თვე, მერე უკვე ყველაფერი გვიან იქნება და მომავალი არჩევნების ბედი ისევ ქუჩაში, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადაწყდება.

მმართველი გუნდის რესურსი, მოასწროს რებრედინგი, მიზერულია. ძალიან ცოტაა დრო საამისოდ, მით უმეტეს სიტუაციას ასეთი პირი არ უჩანს, თუმცა მცდელობას ველი. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბიძინა 2020 წელს ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს. ეს გამომდინარეობს მისი ნაბიჯებიდან.

რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური რესურსი მას თავდაჯერებულობას მატებს და მართლაც, ფულს ბევრი რამ შეუძლია, თითქმის ყველაფერი, მაგრამ რაც ფულს არ შეუძლია, შეუძლია დიდ ფულს და არც ამ დიდი ფულის დახარჯვაა გამორიცხული, ოღონდ ამ დიდი ფულის დახარჯვასაც ცოდნა უნდა.

თუ საჭირო იქნება დახარჯავს 2 მილიონს, თუ არ ეყოფა 42-ს, ესეც არ ეყოფა – 142–ს… ამავე დროს, მას უნდა ახსოვდეს, რომ არ არსებობს დიდი ფული, რომელსაც მთელი ქართველი ხალხის მოსყიდვა შეუძლია, თუ მან არ დაინახა შედეგი და რეალური პერსპექტივა.

– მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილმაგანაცხადა, ჩატარდა პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ მეორე ყრილობა და იგი მუშაობის ახალ ეტაპზე გადავიდა.

ყრილობაზე ითქვა, რომ ეს პოლიტიკური ძალა, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფელირებული პოლიტიკური ჯგუფები შედიან, ისინი ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრად გიორგი ვაშაძეს მოიაზრებენ. არაა გამორიცხული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი „ნაცმოძრაობის“ ნომერ პირველი ფიგურა სწორედ გიორგი ვაშაძე იყოს.

მესმის რომ ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევიც შეიძლება იყოს, მაგრამ ვხედავთ, რომ „ნაციონალების“ ფლანგმა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ფაქტია ისიც, რომ ინოვაციური და მეტად საინტერესო იდეებით გიორგი ვაშაძე ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა. თქვენ როგორ შეაფასებდით, „ნაციონალების“ ფლანგზე დაწყებულ პროცესს, მათ წინა რიგებში გიორგი ვაშაძის გამოჩენას?

– გიორგი ვაშაძე გამორჩეული ინტელექტუალი და მენეჯერია. მას უდაოდ პოლიტიკაშიც აქვს მომავალი. 2020 წელს „ნაციონალების“ სიაში შეიძლება პირველიც იყოს, მაგრამ „ნაცმოძრაობაში“ ამინდს დღეს გიორგი ვაშაძე არ ქმნის.

როგორც „ნაცმოძრაობაში“, ისე „გაერთიანებულ ოპოზიციად“ სახელდებულ „ერთიან “ნაცმოძრაობაში“ მთავარი ფიგურა, ამინდის შემქმნელი და პროცესის წარმმართველი მიხეილ სააკაშვილია. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ის „გაჭრილი კარტია“. მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში მისი პოლიტიკური რეანიმაცია გამორიცხული სულაც არ არის, თუ მანამდე „დასავლეთმა“ ან „ჩრდილოეთმა“, ან ორივემ ერთად (ჰოი, საოცრებავ!) უკრაინაში არ მიავლინა. მთლიანობაში კი „ნაციონალების“ გაძლიერება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ეს ორი ძალა ერთმანეთს აცოცხლებს და აძლიერებს.

ორივეს ხელს აძლევს 2020 წლის არჩევნებზე კენჭისყრა პრინციპით – მიშას მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ბიძინას მომხრეები და მოწინააღმდეგები. ეს ორივე მათგანს აწყობს, მაგრამ არ აძლევს ხელს ქართულ საზოგადოებას, რომლის 50–60% ორივე მათგანის წინააღმდეგია. თუ NDI-ის ბოლო კვლევას დავუჯერებთ, ელექტორატის 36%–ის აზრით, არც ერთი პარტია არ შეესაბამება მათ ხედვებს და ინტერესებს.

აი, ეს 36% და ორივე პარტიის მოწინააღმდეგე 60% გადაწყვეტს მომავალი არჩევნების შედეგს, თუ მას ექნება სხვა არჩევანი, ძალა, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება პოპულიზმი, რადიკალური ექსტრემისტული ხედვა, უკიდურესი მემარჯვენე და მემარცხენე მიდგომები. ასეთი ძალა კი ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს.

– თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებზე კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება?

– არჩევნები ზუგდიდში იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია, ყოველ შემთხვევაში სადღეისოდ მთავარი ორი პოლიტიკური ძალისთვის. ეს იქნება ხმის მიცემა ამჯერად უკვე ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად და საწინააღმდეგოდ, თუმცა როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა: რულოვსი – მე ვარ. ცხადია, ზუგდიდი და სამეგრელო არ გამოირჩევია ივანიშვილის თავგამოდებული მხარდაჭერით. აქ ამ არჩევნებსაც იგივე სპეციფიკა ექნება, რაც ადრე ჰქონდა დამოუკიდებელ საქართველოში ყოველი არჩევნებისას.

სამეგრელოს ქართველობა განსაკუთრებით მწვავედ და გულწრფელად რეაგირებს ყველა ხელისუფლების შეცდომებზე, მით უმეტეს უსამართლობაზე. ამიტომ, აქ არჩევნების მოგება „ოცნებას“ გაუჭირდება.

ადმინისტრაციული რესურსი არ იქნება საკმარისად ეფექტური, არც გახარიას ფაქტორი იქნება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. ასე რომ, ვისი შანსები გაიზრდება სამომავლოდ, ეს ზუგდიდში გადაწყდება.

– „ნაციონალების“ მეორე ფლანგმა „ევროპულმა საქართველომაც“ გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მხედველობაში მაქვს ის, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელეს.

„თავისუფალ დემოკრატებს“, კერძოდ შალვა შავგულიძის მიმართით როგორც გვირგვლიანის საქმის ადვოკატის მიმართ, ამ დღეებში ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა.

ამ თემაზე თავად შალვა შავგულიძემ განაცხადა -„უხერხულობას არ ვგრძნობ, გვირგვლიანის საქმეზე ვინც დააშავა, მოინანია“. ჯერ უცნობია, 2020 წლის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გამოვლენ თუ არა „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით უკვე მომხდარსა და იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე ისინი ერთ ბლოკში ვიხილოთ?

– ერთია ადვოკატი შალვა შავგულიძე და მეორეა პოლიტიკოსი შალვა შავგულიძე. ადვოკატი შალვა შავგულიძე კარგი პროფესიონალია, რამდენად კარგი პროფესიონალია პოლიტიკოსი შალვა შავგულიძე, ამას მომავალი აჩვენებს. პოლიტიკოსს კი უხდება მანევრების გაკეთება. რა თქმა უნდა, ეს გადასვლა ერთი პოზიციიდან მეორეზე, ერთი მოკავშირე ძალიდან მეორისკენ, ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს.

მე პირადად „თავისუფალი დემოკრატების“ „ალიანსი“ „ევროპულ საქართველოსთან“ არ მომწონს ბევრი ასპექტის გამო. მათი მიდგომები და შეფასება „იმ ყბადაღებული 9 წლის“ მიმართ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

„ნაციონალებისგან“ გამიჯნული „ევროპული საქართველო“ პრაქტიკულად და რეალურად „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ მოიაზრება, „თავისუფალი დემოკრატები“ კი ახლახან გაემიჯნენ „ოცნების“ სამთავრობო კოალიციას.

პიროვნულ-ქართული ამბიციების გარდა სააკაშვილი–გრიგოლ ვაშაძე–ბოკერია–ალასანიას, რომელიც საზოგადოების თვალში დღესაც „თავისუფალ დემოკრატებს“ განასახიერებს, ბევრი არაფერი აკავშირებთ და აერთიანებთ.

მიუხედავად ამისა, შალვა შავგულიძე არანაირ უხერხულობას არ უნდა გრძნობდეს ამ ალიანსის გამო. „ევროპულ საქართველოში“ ბევრი ძლიერი პოლიტიკოსია, ეს კი „თავისუფალ დემოკრატებს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შანსს აძლევს, თუნდაც „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ აღმოჩენის პერსპექტივით. ამ შემთხვევაში ღირებულებით არათავსებადობაზე საუბარი უადგილოა და დემაგოგიაა.

– ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკა ისმის „რესპუბლიკელების“ მიმართ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ნაციონალების კანდიდატს დაუჭირეს მხარი. ასევე აკრიტიკებენ „თავისულა დემოკრატებს“, რომელთა ლიდერი ირაკლი ალასანია იძულებული იყოს დროებით ჩამოშორებოდა ქართულ პოლიტიკას.

გვახსოვს, რომ ივანიშვილმა „რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობით ჯერ „შუა გაკრიფა“ და შემდეგ პოლიტიკური მოედანი სწორედ „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გარეშე დატოვა. თქვენც იმათ შორის ხართ, ვინც „ოცნებიდან“ წამოსულებს „ნაციონალების“ ორივე ფლანგთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს?

– აინშტაინის პერიფრაზით დავიწყებ – ურთულეს მეცნიერებებს იოლად ავუღე ალღო, მაგრამ ისეთ ურთულეს მეცნიერებას, როგორიც პოლიტიკაა, ვერაფერი გავუგეო, ჩიოდა გენიოსი. რთული მეცნიერებაა პოლიტიკა, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აქ ყველა ლიდერი გენიოსი და პოლიტიკოსია. არიან ვირტუოზებიც. არიან მანევრის დიდოსტატებიც.

ძნელია ათეული წლები არენაზე ყოფნა, პრინციპების ერთგულება, მძიმეა პროფესიონალი პოლიტიკოსის სვე–ბედი. განსაკუთრებით პოსტ–საბჭოთა საქართველოში. ერთიდან ხუთ პროცენტამდე რეიტინგის მქონე „რესპუბლიკელები“ 90–იანი წლების საქართველოში პარლამენტში იყვნენ (1992–1995 წლების რთულ, „ორასპარტიულ“ პარლამენტში), მერე მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ივანიშვილთან ერთად კოალიციით 2012 წელს.

ეს იოლი არ იყო, თან ისინი ერთგულებენ თავიანთ პრინციპებს. „რესპუბლიკელები“ ერთი იშვიათთაგანი არიან, ვინც პოლიტიკურ პარტიად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში. მე არ ვარ მათი მხარდამჭერი, მაგრამ ვარ მათი პატივისმცემელი და არ ვიზიარებ საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესიას ამ პარტიის მიმართ.

დღესაც, როცა დიდი ოპოზიციური გაერთიანება ყალიბდება, დროდადრო, ისინი თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ და თანმიმდევრულად მოქმედებენ. ჩემი აზრით, მათ მიმართ მოუთმენელი დამოკიდებულება გადაჭარბებაა.

– მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ბევრი ითქვა, ამ თემაზე პასუხგაუცემელი კითხვები მაინც ბევრია. ერთი მხრივ პარლამენტში ყოფნისას ინფრაქტრუქტურის მინისტრმა ქალბატონმა ცქიტიშვილმა საკმაოდ პესიმისტურად შეაფასა ანაკლიის პორტისათვის ინვესტორების მოძიების პერსპექტივა, ხოლო მეორე მხრივ კი ამტკიცებდა, რომ ეს პორტი აუცილებლად აშენდება.

უცნაური კიდევ ისაა, მუდმივად კი საუბრობენ იმაზე, რომ ამ პორტს ტვირთების პრობლემა ექნება, მაგრამ არავინ ამბობს რომ ასეთი ვითარება ამ პროექტში ჩინელების მიერ უარის თქმას უკავშირდება. ასევე არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამ პროექტის რეალიზება უნდა ყოფილიყო ვაშინგტონსა და პეკინს შორის შეთანხმების საგანი, რითაც საქართველო მოიგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

თუ ჩვენ არ ვიცით, რა უნდა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ანაკლიის პორტთან მიმართებაში და მათი ქმედებები როგორ აისახება ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე, გაუგებარია ის მსჯელობები, რაც ამ თემაზე გვესმის. თქვენ რა გაიგეთ და თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში ამ თემაზე გამართულმა მსჯელობამ?

– პარლამენტში ქალბატონმა ცქიტიშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა წარმოადგინა ხელისუფლების, „ოცნების“ და, რაღა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. ყოველ შემთხვევაში თქვა ის, რისი თქმაც საჯარო განხილვისას შეიძლებოდა. მისი ამოცანა იყო საზოგადოების დარწმუნება, რომ ეს თემა მარტივი არ არის და შეფერხება ხელისუფლების მხრიდან „ანაკლიის კონსორციუმისადმი“ დამოკიდებულებას არ უკავშირდება.

რეალურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი მრავალპლანიანი პრობლემაა. მას აქვს როგორც გეოპოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური მხარე. და ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ ორი ქართველი გავლენიანი მულტიმილიონერის ჯახის კონტექსტში. ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტის ბედისთვის, ვიდრე პირველი ორი მთავარი. ასეთია ჩვენი ბედისწერა. ამ რეგიონში და ჩვენს მადლიან მიწა–წყალზე იკვეთება ბევრი მსოფლიო მასშტაბის აქტორის ინტერესები. ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში აშშ–ის, ევროკავშირის, რუსეთის, თურქეთის და, რასაკვირველია, ჩინეთის, რომელიც ამ ეტაპზე, ძირითადად უზრუნველყოფს სატრანსპორტო დერეფნის აქტუალურობას.

ჩაღრმავებული მსჯელობის საშუალებას ჩვენი საუბრის ფორმატი არ გვაძლევს. მაგრამ ნებისმიერი მკითხველისთვის ცხადი უნდა იყოს რას წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რა არის ჩაფიქრებული და რა ვერსიას გვთავაზობენ პორტის მშენებლობის ინიციატორები.

თქვენ წარმოიდგინეთ, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება სტრატეგიულად და ეკონომიკურად წამგებიანია არა მარტო რუსეთისთვის, არამედ თურქეთისთვისაც. სხვადასხვა ზოგჯერ ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესი პროექტთან მიმართებაში აქვთ აშშ–ს და ჩინეთს, რუსეთს და თურქეთს.

როცა მსოფლიო მასშტაბის ამდენი წამყვანი სახელმწიფოს ინტერესი წინააღმდეგობრივია, რა შანსი უნდა ჰქონდეს პროექტის წარმატებით განხორციელებას?

როცა ამდენი წინააღმდეგობა და ნაღმია, ანაკლიის პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმს ქართული სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან უნდა ჰქონდეს სრული და უპირობა მხარდაჭერა. ეს კი ამ ეტაპზე გამორიცხულია.

ვაშინგტონისა და პეკინის მორიგება ამ თემასთან მიმართებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. კურტ ვოლკერი, მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი, ნიშანდობლივია, რომ მთავარ ყურადღებას ანაკლიაზე როგორც საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტზე აკეთებდა.

რუსები ამ პროექტს იქვე მახლობლად სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეით გამოეხმაურნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე აკონტროლებენ შავ ზღვაზე ერთ ღრმაწყლოვან პორტს.

ქართული მხრიდან კი იქვე გაჟღერდა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც თურმე მისი მფლობელები აპირებენ. არადა, პოტენციური ინვესტორები ანაკლიის კონსორციუმისგან ითხოვენ მთავრობის გარანტიას, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე სხვა ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება. ასეთ ვითარებაში რა შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა პარლამენტში ამ თემაზე გამართულ მსჯელობას?

– თუ ვივარაუდებთ, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს არ სურთ ჩინეთის შავ ზღვაზე გამოჩენა, მაგრამ ისინი მხარს უჭერენ პორტის აშენებას, მაშინ აქცენტი უნდა კეთდებოდეს ამ პორტზე, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ კომპონენტზე, და არა ტვირთების ნაკლებობაზე, რომელთა არსებობის გარანტიას მშენებლობაში სავარაუდოდ მონაწილე უცხოელი ბანკები ითხოვენ.

თუ არც ერთია და არც მეორე, მაშინ სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერ მამუკა ბახატაძის განცხადება – „ანაკლიის პორტის იდეა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში დაიბადა და ჩვენ მას აუცილებლად ავაშენებთ“?

– მოდით მამუკა ბახტაძის განცხადების თაობაზე შევნიშნოთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა მართლაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა რეალური, თუმცა ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, შევნიშნოთ, რომ ამას წინ უსწრებდა ლაზიკის მშენებლობის იდეა, „ნაციონალების“ ავტორობით და აგრეთვე თავად „თიბისი ჯგუფს“ ასევე აქვს იდეასთან მიმართებაში პრიორიტეტულობის პრეტენზია და არცთუ უსაფუძვლოდ.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს იდეა საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა, 1970–80–იან წლებში და არ შედგა, რადგან საბჭოთა ეკონომიკისთვის მისი აშენება არ იყო საჭირო, არც სამხედრო თვალსაზრისით ჩანდა მათთვის მიმზიდველი. სერიოზულია უსაფრთხოების ფაქტორი და შავ ზღვაზე ნატოს ინტერესის ზრდაც. ეს კომპონენტი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაფერი ვთქვათ ევროატლანტიკური კურსთან მის სრულ შესატყვისობაზე. თუმცა, მთავარი მაინც პორტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა და შესაძლებლობებია. ქართული პორტების – ბათუმის და ფოთის შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია. ეს პორტები დიდი წყალწყვის გემებს ვერ იღებენ. ფოთისა და ბათუმის მისადგომები 8–10 მეტრამდე სიღრმისაა.

მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის სიღრმე 16–18 მეტრის ფარგლებშია ნავარაუდები, რომელიც შესაძლოა 20 მეტრამდე გაიზარდოს. მართალია, ამ ეტაპზე ტვირთნაკადების რეალური მოცულობიდან გამომდინარე, მთლიანად ბათუმისა და ფოთის პორტებიც არ არის დატვირთული, მაგრამ ანაკლია გლობალურ დერეფანს შესაძლებლობებსაც შემატებს.

ამიტომ, ბევრი რამ არის გასათვლელი და დასათვლელი პორტის დაწყებული მშენებლობის პარალელურად. ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლისთვის არის გათვალისწინებული და მისი განვითარება ეტაპობრივად 50 წელს მოიცავს.

ცხადია, პროექტს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს და ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ, მიმდინარე აურზაური, შეიძლება თამამად ითქვას, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

– ფაქტია, რომ „თი-ბი-სი ბანკის“ საქმე თუ პირდაპირ არა, ანაკლიის პორტის მშენებლობას ირიბად მაინც უკავშირდება. გვახსოვს „ოცნების“ დეპუტატის რომან კაკულიას განცხადება – „გვინდა სახელმწიფო ღირსეულად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან“. გასაგებია, რომ შესაძლოა ახლა ბატონი რომანი, სამწუხაროდ, „ოცნების“ ლიდერშიფს აღარ წარმოადგენდეს, მაგრამ თქვენი ვარაუდით როგორ დასრულდება „თიბისი ბანკის“ საქმე?

– „თიბისი ბანკის“ საქმე ანაკლიის პორტის მშენებლობასთან პირდაპირაც არის დაკავშირებული და ირიბადაც. სისტემაშემქმნელი ბანკის რეპუტაციას მეტი მოფრთხილება სჭირდება.

თუმცა, თუ საქმე გვაქვს გადაცდომასთან და სამართალდარღვევასთან, ისიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იქნას ყოველგვარი წინასწარი აკვიატების გარეშე გამოძიებული. მამუკა ხაზარაძე ნიჭიერი ბიზნესმენი და მენეჯერია და მისთვის ხელისშეშლა დააზარალებს ქვეყანას.

მაგრამ როგორ გინდა, როცა 5–7 მილიარდის აქტივებს ფლობ, თან ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ხარ, ამ დროს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, გარკვეული თვალსაზრისით საუკუნის პროექტი, შენი მონაწილეობის გარეშე განხორციელდეს?

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

Share