Home » ბიზნესი » ივანიშვილის ფონდი სიღნაღში 4-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარია

ივანიშვილის ფონდი სიღნაღში 4-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარია

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი, სასტუმრო აშენდება, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს შესანიშნავი ხედებით უმასპინძლებს.

130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. აღნიშნული პროექტი 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია.

ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”, რომლის მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. დღეის მდგომარეობით, “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

Share