Home » ბიზნესი » ივანიშვილი – „თანაინვესტირების ფონდში“ ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის
ივანიშვილი - „თანაინვესტირების ფონდში“ ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის

ივანიშვილი – „თანაინვესტირების ფონდში“ ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის

„ტურიზმის ფონდის“ პროექტები სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა „თანაინვესტრების ფონდის“ მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ Entrepreneur-თან (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „თანაინვესტირების ფონდში“ ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნის.

„ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი – მოგებაა. ბიზნესის თვალსაზრისით, ის ინვესტიცია ითვლება ეფექტურად, რომელიც მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა და თუ რენტაბელობა მოკლე დროში იქნა მიღწეული, ინვესტიციის ეფექტურობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. ასეთია ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და ეს თქვენ, ვინც ბიზნესზე წერთ, მშვენივრად იცით. ჩვენს ტურისტულ პროექტებში კი, ეს ორივე კომპონენტი – მოგების და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული. მოგებაზე გასვლის ვადაც ხომ რენტაბელობის ერთ-ერთი მდგენელია.

სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურად „ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელსაც „თანაინვესტირების ფონდის“ სხვა პროექტებისგან განსხვავებით, უშუალოდ ჩვენი ოჯახი უწევს კოორდინირებას.

მოგეხსენებათ, „თანაინვესტირების ფონდს“, რომელსაც სრულად ჩვენი ოჯახი აფინანსებს, ეფექტური მენეჯმენტი მართავს და ეს ფონდი, თავისი კუთხით, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ეწევა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, რაზეც აქ დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ მას, ძირითადად, სხვა სპეციფიკა აქვს და ბიზნესის უნივერსალური კრიტერიუმებით დასაბუთებულ პროექტებს ეხმარება. „ტურიზმის ფონდის“ პროექტები კი, სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა „თანაინვესტრების ფონდის“ მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ. სხვათა შორის, ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ტურიზმის განვითარების ფონდის წინაშე მდგარ სპეციფიკური ამოცანებზე სასტუმრო „პარაგრაფის“ მაგალითზე საუბრობს.

„ავიღოთ, თუნდაც, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გაცდა“,- აცხადებს ივანიშვილი.

Share