Home » საზოგადოება » ივანე მაჭავარიანი – ეკონომიკური ზრდით საქართველო რეგიონის ლიდერია
ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკური ზრდით საქართველო რეგიონის ლიდერია

ივანე მაჭავარიანი – ეკონომიკური ზრდით საქართველო რეგიონის ლიდერია

ქვეყანა, რომლის ეკონომიკა სოლიდური ტემპით იზრდება და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ათეულშია, – ასე წარადგენს „ფაინენშელ თაიმსის“ (The Financial Times) ჯგუფში შემავალი გამოცემა – fDi Magazine საქართველოს და ქვეყნის ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან ინტერვიუს.

მაჭავარიანი ფიჯიზე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა.

გამოცემის რედაქტორის მოადგილე ჯაკოპო დეტონი დაინტერესდა, რა არის საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტები.

„შარშან ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოს რეიტინგი გავაუმჯობესეთ. მე-9 ადგილიდან გადავედით მე-6-ზე. სხვა რეიტინგებშიც საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს, მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში მე-5 ადგილზე ვართ მსოფლიოში. ჩვენი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქია. ეს ყველაფერი ქმნის ხელსაყრელ კლიმატს ინვესტიციებისთვის და ამისგან სარგებელს ვიღებთ. თუ შეხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვას, საქართველო აშკარა ლიდერია რეგიონში. ჩვენი ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომელთა უმეტესობა ნავთობის მწარმოებლები არიან“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

მისი შეფასებით, ეს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული რეფორმების შედეგზე მიანიშნებს.

„მთავრობამ უნდა გააგრძელოს ინსტიტუციების გაძლიერება. ბიზნესკლიმატი ინვესტორებისთვის ძალიან ხელსაყრელია. ტურიზმთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელია“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა საქართველოში ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის კრიპტოვალუტების წარმოებითა და ელექტრომობილების გამოშვებით. მან მინისტრს ჰკითხა, რამდენად რეალურია, საქართველო რეგიონის ეკონომიკური ჰაბი გახდეს. ივანე მაჭავარიანის თქმით, საქართველოს პრიორიტეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა. ეს მიზანი მიღწეული გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად, ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებზე. ჩვენი ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. შარშან ის თითქმის 25 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი, ზრდა 30 პროცენტთან ახლოსაა. ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც მთავარი გამოწვევა იყო, რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა და ბოლო რამდენიმე წელიწადში მცირდება. სარეიტინგო სააგენტოებმა ამ ფაქტს ხაზი უკვე გაუსვეს და ერთი საფეხურით გააუმჯობესეს ჩვენი რეიტინგი. დივერსიფიკაცია შესამჩნევია ყველა სექტორში. თუ შეხედავთ ინვესტიციებს, არ ვართ დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე ან ერთ პროდუქტზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ასევე განათლების სექტორია.

„ახლახან, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ინიციატივა განათლების შესახებ. ვფიქრობთ, ამაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყურადღება. ამით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ხაფანგი, რომელშიც ხვდებიან საქართველოს მსგავსი, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები. ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იყოს მიმართული განათლებაზე. ელექტრომობილები, ტექნოლოგიური განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ამას ავტომატურად, ბუნებრივად მოყვება“, – დასძინა ივანე მაჭავარიანმა გამოცემასთან ინტერვიუს დროს.

1tv.ge

Share