Home » მსოფლიო » ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფის შემდეგ, ჩერნობილში ისეთი რამ ხდება, რასაც არავინ ელოდა
ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფის შემდეგ, ჩერნობილში ისეთი რამ ხდება, რასაც არავინ ელოდა

ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფის შემდეგ, ჩერნობილში ისეთი რამ ხდება, რასაც არავინ ელოდა

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა. საბჭოთა უკრაინაში მომხდარი ამ კატასტროფის შედეგად იმაზე 400-ჯერ მეტი რადიაცია გამოიყო, ვიდრე 1945 წელს ჰიროშიმაში (იაპონია) ატომური ბომბის ჩამოგდებისას.

ეს გახლავთ ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფა.

გაწმენდითი სამუშაოები ავარიიდან მალევე დაიწყო. სადგურის ირგვლივ შეიქმნა აკრძალული ზონა, საერთო ჯამში კი მიმდებარე ზონიდან 350 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი უკან აღარასოდეს დაბრუნებულან. ამ ზონაში დღემდე აკრძალულია ადამიანთა მუდმივი საცხოვრებლის შექმნა.

ავარიამ უდიდესი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრები უცნობია, უდიდესი იყო ფიზიკური დანაკარგები და თანმდევი ფსიქოლოგიური შედეგები. ადამიანური მსხვერპლის ოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება.

უმნიშვნელოვანესი იყო გავლენა გარემოზეც. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ზონა ახლომდებარე ფიჭვის ტყე იყო, რომელსაც შემდეგში „წითელი ტყე“ შეარქვეს.

ამ ტყემ რადიაციის უდიდესი დოზა მიიღო, ფიჭვის ხეები დაუყოვნებლივ გახმა, ფოთლები კი გაწითლდა. რადიაციის წარმოუდგენლად მაღალ დონეს მხოლოდ რამდენიმე ცხოველი გადაურჩა.

გამომდინარე აქედან, მიიჩნეოდა, რომ კატასტროფის შემდეგ ეს ზონა სიცოცხლისათვის უდაბნო გახდებოდა. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა დრო სჭირდება რადიოაქტიურ ნივთიერებებს დაშლისა და გარემოდან გაქრობისთვის, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ამ ზონაში ველური ბუნება მხოლოდ საუკუნეების შემდეგ აღდგებოდა.

ჩერნობილის ველური ბუნება დღეს

თუმცა დღეს, კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში, რომელიც უკრაინისა და ბელარუსის გარკვეულ ტერიტორიებს მოიცავს, ბინადრობენ მურა დათვები, დომბები (ევროპული ბიზონი), მგლები, ფოცხვერები, პრჟევალსკის ცხენები, ფრინველის 200 სახეობა და სხვა ცხოველები.

2019 წლის მარტში, ჩერნობილის ველურ ბუნებაზე მომუშავე ჯგუფებმა ინგლისის ქალაქ პორტსმუთში შეხვედრა გამართეს. ახალ კვლევათა შედეგები წარმოადგინეს მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ნორვეგიიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან.

კვლევები ეხებოდა დიდ ძუძუმწოვრებს, მობუდარ ფრინველებს, ამფიბიებს, თევზებს, ბაზებს (ფუტკრისებრთა გვარი), ჭიაყელებს, ბაქტერიებსა და დაშლილ ფოთლებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ზონაში დღეს ბიომრავალფეროვნება ყვავის. დასტურდება, რომ რადიაციის ამჟამინდელ დონეს დიდი უარყოფითი გავლენა არ აქვს ჩერნობილში გავრცელებულ მცენარეებსა და ფრინველებზე.

ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში სტაბილური და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციებია.

გაერთიანებული სამეფოს ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის პროექტ TREE-ს ფარგლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში აკრძალული ზონის სხვადასხვა ადგილას მოძრაობის დამაფიქსირებელი კამერები დაამონტაჟეს.

ამ კამერების მიერ გადაღებული ფოტოები მეტყველებს, რამდენად მრავალფეროვანია ფაუნა რადიაციის ყველა დონეზე. ზონის უკრაინულ მხარეს კამერებმა გადაიღეს მურა დათვები და დომბები, ასევე ბევრი მგელი და პრჟევალსკის ცხენი.

აკრძალული ზონის ყველაზე დაბინძურებულ ადგილებშიც კი, დაფიქსირდა ამბიფიების უხვი პოპულაცია.

გარდა ამისა, ასევე დაფიქსირდა ნიშნები, რომლებიც შესაძლოა, რადიაციისადმი სიცოცხლის ადაპტაციაზე მიუთითებდეს. მაგალითად, აკრძალულ ზონაში ბაყაყები უფრო მუქები არიან, ვიდრე მის გარეთ, რაც შესაძლოა, რადიაციისგან თავდაცვის ნიშანი იყოს.

ინდივიდუალურ დონეზე კვლევამ ასევე დააფიქსირა რადიაციის გარკვეული უარყოფითი ეფექტები. მაგალითად, ზოგიერთი მწერის სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ ხანმოკლეა და ძლიერი რადიაციის ზონებში მათ უფრო მეტად აზიანებენ პარაზიტები.

ზოგიერთ ფრინველში შეინიშნება ალბინიზმის მაღალი დონე, ასევე ფსიქოლოგიური და გენეტიკური ცვლილებები. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ეფექტები გავლენას არ ახდენს ამ ზონაში ველური ბუნების შენარჩუნებაზე.

ჩერნობილის ველურ ბუნებაზე რადიაციის უარყოფითი გავლენის არქონა შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული:

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ველური ბუნება რადიაციისადმი შესაძლოა იმაზე ამტანია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. კიდევ ერთი ალტერნატიული შესაძლებლობის მიხედვით კი ზოგიერთმა ორგანიზმმა ადაპტაციური პასუხი დაიწყო, რამაც მათ რადიაციის დაძლევისა და აკრძალულ ზონაში უსაფრთხო ცხოვრების საშუალება მისცა.

გარდა ამისა, ბევრ სახეობაზე, განსაკუთრებით დიდ ძუძუმწოვრებზე შესაძლოა კარგ გავლენას ახდენდეს ის ფაქტიც, რომ აკრძალულ ზონაში ადამიანები არ სახლობენ.

ეს უკანასკნელი ფაქტი მიანიშნებს, რომ ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოწვეული სტრესი ველური ბუნებისთვის უფრო მეტად უარყოფითი უნდა იყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ბირთვული კატასტროფა. შედეგად, კიდევ ერთხელ ხდება თვალნათელი ადამიანთა გამანადგურებელი გავლენა ბუნებაზე.

ჩერნობილის მომავალი

2016 წელს, აკრძალული ზონის უკრაინული ნაწილი უკრაინის ხელისუფლებამ რადიოლოგიურ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.

წლების განმავლობაში ჩერნობილი ბრწყინვალე ბიოლოგიურ ლაბორატორიად იქცა ექსტრემალურ გარემოში მიმდინარე ევოლუციურ პროცესთა შესასწავლად.

ამჟამად არსებობს რამდენიმე პროექტი, რომლის მიზანიც ამ ზონაში ადამიანთა საქმიანობის გაგრძელებაა. ყვავის ტურიზმიც; 2018 წელს ჩერნობილში 70 000-ზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა.

არსებობს კიდევ ერთი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ამ ზონაში უნდა შეიქმნას მზის ელექტროსადგური.

გასული 33 წლის განმავლობაში, სიცოცხლისათვის სრულიად უსარგებლოდ მიჩნეული ჩერნობილი იქცა ზონად, რომელშიც შესაძლებელია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით

1tv.ge
Share