Home » ახალი ამბები » ისნის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
ისნის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ისნის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ისნის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება:

“გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში, წვნიანი კერძი კომბოსტოს გარეშე მზადდება. დამატებით ვრცელდება ფოტო, სადაც მხოლოდ სითხით სავსე თეფშია გადაღებული.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ უფასო სასადილოებში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

აქვს გაცნობებთ, რომ ისნის რაიონში არსებულ შვიდივე სასადილოში, სადაც ბენეფიციარებს კონტრაქტორი კომპანია ემსახურება, მკაცრი მონიტორინგი სისტემატურად მიმდინარეობს, რაც, როგორც საკვების მომზადების პროცესის ზედამხედველობას, ასევე მომსახურების, კერძების გაცემისა და სანიტარიული ნორმების კონტროლს მოიცავს.

ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ფაქტის გასაჯაროებას გადაწყვეტს, ვთხოვთ, ფოტო ან ვიდეომასალა მტკიცებულებად წარმოადგინოს, რის შემდეგაც, კონკრეტული ფაქტის შესწავლა და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა შორენა მარსაგიშვილმა, ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა:

„უფასო სასადილოებში კვირაში ერთხელ აძლევენ ბენეფიციარებს ბორშს. ამას წინებზე დავწერე, რომ ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ. ბენეფიციარებს ეუბნებიან, რომ კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ. მეგონა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად.

გუშინ, 9 აპრილსაც (სამშაბათია ბორშის დღე) ბორში კომბოსტოს გარეშე იყო. არც მწვანილი ჰქონდა, მხოლოდ ცოტა კარტოფილი ჩააყარეს. ამ საოცნებო ბორშის ფოტოსაც შემოგთავაზებთ. ალბათ არც ახლა შეიცვლება რამე. და მინდა რომ იმ ადამიანებს მოუწიოთ ასეთი საკვების იმედად დარჩენა, ვინც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ჯიბეებს ისქელებს”, – წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

Share