Home » საზოგადოება » ISET-მა საბანკო საპროცენტო განაკვეთებისა და სესხების ხარისხის შესახებ კვლევა ჩაატარა
ISET-მა საბანკო საპროცენტო განაკვეთებისა და სესხების ხარისხის შესახებ კვლევა ჩაატარა

ISET-მა საბანკო საპროცენტო განაკვეთებისა და სესხების ხარისხის შესახებ კვლევა ჩაატარა

ISET-ის კვლევის თანახმად, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. ამის შესახებ ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში “საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის შედარება საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებში“ ასახული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში, მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის.

ამასთან, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

“ადგილობრივ ვალუტაში არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 16.5%-ს შეადგენს, რაც უფრო დაბალია ვიდრე საპროცენტო განაკვეთი იმავე პროდუქტზე სომხეთში (27.9%), ყაზახეთსა (24.5%) და რუსეთში (20.6%) და უფრო მაღალია ვიდრე რუმინეთში (11.2%), ჩეხეთსა (10.1%) და პოლონეთში (8.0%). ამასთან, ლარში ვადიანი დეპოზიტის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე კვლევაში შესულ ყველა ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების, როგორც ადგილობრივი ვალუტის ფასის გათვალისწინების შემდეგ, სხვაობა საქართველოში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის შემცირდა“, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება სესხების ხარისხს საბანკო და არასაბანკო სექტორებში – კვლევის თანახმად, საბანკო სექტორში სესხების ხარისხი მათი რაოდენობის მიუხედავად, სტაბილურია, მაშინ როდესაც არასაბანკო სექტორში სესხების ხარისხი ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს და მნიშვნელოვან გაურესებას განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ანგარიშში ასახულია 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდი და 48 მოწინავე ბანკის მონაცემებს ეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.

ISET-ის სრული კვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ბმულზეIset-pi.ge

Share