Home » ფინანსები » ირეცხება თუ არა შავი ფული ქართულ სათამაშო ბიზნესში
ირეცხება თუ არა შავი ფული ქართულ სათამაშო ბიზნესში

ირეცხება თუ არა შავი ფული ქართულ სათამაშო ბიზნესში

14 მილიარდიანი ბრუნვის მქონე ბიზნესი სრულიად გაუმჭვირვალე ფინანსებით

სათამაშო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე „ბანკები და ფინანსებში“ არაერთი სტატია გამოქვეყნებულა, მუდმივად ვსაუბრობთ ამ სექტორში აუცილებელ რეგულაციებზე და აღნიშნული ბიზნესის მიერ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე. დაუძლეველ სიღარიბეში ჩაფლული ქვეყანა და მისი მოსახლეობა ბოლო კაპიკებს თამაშში აგებს და ის ფული რაც ქვეყნის ეკონომიკაში უნდა მოძრაობდეს, რეალურად სათამაშო ბიზნესის მფლობელების ჯიბეებში მიედინება.

პრობლემის არდანახვა შეუძლებელია, მასზე, არამარტო ადგილობრივი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ახლა უკვე ბიზნესმენებიც ღიად საუბრობენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც მუდმივად მითითებულია, რომ აზარტული თამაშების ბიზნესის მსგავსი ზრდა უკვე საგანგაშოა ქვეყნისთვის. თუმცა, რეგულაციები დღემდე არ არსებობს და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც მხოლოდ დაპირებები გვესმის – ამ მიმართულებით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს.

10 წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 200–ჯერ გაიზარდა

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2008-2018 წლებში: 2008 წელი – 70.7 მლნ ლარი; 2009-ში – 74.3 მლნ ლარი; 2010 წელს – 112.7 მლნ ლარი; 2011-ში – 366. 3 მლნ ლარი; 2012 წელს – 996.0 მლნ ლარი; 2013 წელს – 1, 213 მლრდ ლარი; 2014 წელს – 2, 032 მლრდ ლარი; 2015 წელს – 3,890 მლრდ ლარი; 2016 წელს – 4, 036 მლრდ ლარი; 2017 წელს – 5,060 მლრდ ლარი; 2018 წელს – 13,806 მლრდ ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნესსექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 16%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (43,2%)

დიდი ფული და ლობიზმი, როგორც პოლიტიკური გავლენის საშუალება

მთელ მსოფლიოში დიდი ფინანსური რესურსი, შესაბამისად დიდ პოლიტიკურ გავლენას ქმნის. ამ ყველაფერს კი ცხადყოფს ქართულ სათამაშო ბიზნესში არსებული რეალობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად გვესმის საუბარი, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულაცია აუცილებელია, ამ მიმართულებით მუშაობაც დაწყებულია, თუმცა 7 წელი გავიდა, 5 პრემიერი შეიცვალა და სათამაშო ბიზნესი კვლავ თავის ნებაზეა მიშვებული.

ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში განსახილველად შეტანილი იყო კანონპროექტი აზარტული თამაშების რეგულაციის მიმართულებით. პირველ შემთხვევაში, მისი ერთ–ერთი მთავარი ინიციატორი კობა დავითაშვილი იყო, თუმცა ამ კანონპროექტის განხილვა არც კი მომხდარა პარლამენტის მიერ. ამ ეტაპზე კი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილია ერთ–ერთი მთავარი ინიციატორი კანონპროექტისა, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეგულირებას გულისხმობს. თუმცა, დღემდე მხოლოდ ის მოახერხა პარლამენტმა, რომ აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვის შესახებ არსებული კანონპროექტი განიხილა და ისიც ჩააგდო. მაშინ, როდესაც ალკოჰოლისა და თამბაქოს რეკლამირება საკმაოდ შეზღუდულია, აზარტული თამაშების რეკლამას ყველგან შეხვდებით – საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტებთან, ტელევიზიებში და სოციალურ ქსელში ხომ მხოლოდ მათი რეკლამებია განთავსებული და თურმე ეს ყველაფერი ქართველ დეპუტატებს მართებულად მიაჩნიათ.

გაუმჭვირვალე ფინანსები და ფულის გათეთრების მაღალი რისკი

მთელ მსოფლიოში, აზარტული თამაშები ფულის გათეთრების ერთ–ერთ მთავარ საშუალებად ითვლება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სექტორში არსებული ფინანსები არ არის გამჭვირვალე. სწორედ ასეთი სიტუაციაა ქართულ სათამაშო ბიზნეში, სადაც ფინანსები სრულიად გაუმჭვირვალეა და ამის შესახებ არაერთი კვლევა გამოქვეყნებულა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პრობლემა იმდენად საგანგაშოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში პირდაპირ იყო მითითებული, რომ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა შემაშფოთებელია.

„საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ზრდა და ფულის გათეთრების მონიტორინგის ნაკლებობა შეშფოთების საფუძველს იძლევა. ქვეყანაში 140 სათამაშო სახლი ფუნქციონირებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ქართული სათამაშო ბიზნესი იმდენადაა მიშვებული თავის ნებაზე, რომ იგი არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში ფიზიკური პირის რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.

პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ონლაინ აზარტული თამაშების მიმართულებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსაც კი არ აქვს რეალური წვდომა სათამაშო ბიზნესში არსებულ ფინანსებთან. შემოსავლების სამსახური ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც თავად სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები აწვდიან მათ. შემოსავლების სამსახურს არ შეუძლია დაადგინოს რეალურად რამდენია ამ ბიზნესის შემოსავალი, მოგება, რა რაოდენობის ფსონების განთავსება ხდება, ხომ არ არსებობს ფულის გათეთრების ნიშნები ამა თუ იმ ტრანზაქციის დროს და ასე შემდეგ.

პრობლემას ქმნის ისიც, რომ ონლაინ კაზინოების მეპატრონეებს ჩვეულებრივი შპს–ები აქვთ

დარეგისტრირებული და მათი მეშვეობით ახდენენ სხვადასხვა თამაშობებს. ამ შპს–ების ძირითადი ნაწილის რეალური მფლობელები ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები არიან. როგორც აღვნიშნეთ, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია არანაირი წვდომა სექტორში მოძრავი ფულადი რესურსის გასაკონტროლებლად, რაც დამატებით აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქართულ სათამაშო ბიზნესში, შესაძლოა, შავი ფული თეთრდებოდეს.
ბრუნვის მაჩვენებელი – 14 მილიარდი, რეალურად თავად სათამაშო ბიზნესის მიერ მიწოდებული ციფრია და შესაბამისად, ისიც კი არ ვიცით ნამდვილად ამდენი იყო ამ ბიზნესის ბრუნვა თუ იგი რეალურად გაცილებით მეტია. დაუდგენელია ამ 14 მილიარდიდან რა თანხა დახარჯეს საქართველოს მოქალაქეებმა და რამდენი შემოვიდა არარეზიდენტი პირების მიერ. ხომ არ განხორციელებულა რაიმე საეჭვო ტრანზაქციები, რამაც განაპირობა ბრუნვის მაჩვენებლის ასეთი ზრდა. მოკლედ, ამ სექტორში არსებული ფინანსები სრული ბურუსითაა მოცული.

სათამაშო ბიზნესში არსებული ტრანზაქციებით IMF–იც დაინტერესდა

მას შემდეგ რაც, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიუხედავად ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეგულირება და იქ არსებული ფინანსების გამჭვირვალობა არ მოახდინა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავად დაინტერესდა თუ რა რაოდენობის თანხას ხარჯავენ/იგებენ არარეზიდენტი პირები ქართული აზარტული თამაშების ინდუსტრიაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), შეფასებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სათამაშო ბიზნესმა მკვეთრი ზრდა განიცადა. ამ დარგის ბრუნვა ყოველწლიურად 10 მილიარდ ლარს აჭარბებს, მოთამაშეთა შორის კი უცხოელები მნიშვნელოვან წილს იკავებენ. IMF აღნიშნავს, რომ საგადასახდელო ბალანსის უკეთესი აღრიცხვისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ინფორმაცია იმ თანხების შესახებ, რომელსაც საქართველოს არარეზიდენტები ქვეყნის აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ხარჯავენ/იგებენ.

“მისიას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სათამაშო ასოციაციის პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომ საქსტატი მოამზადებს სპეციალურ კითხვებს, რომლებიც არარეზიდენტი პირების მიერ დადებულ ფსონებსა და მათ მიერ მოგებულ თანხებს ეხება. ამასთანავე დაიდო შეთანხმება, რომ ქვეყნის უმსხვილესი კაზინოები ამგვარი ინფორმაციის გაცემას დაიწყებენ,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ანუ, როგორც ვხედავთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იაზრებს იმის რისკს, რაც ქართულ სათამაშო ბიზნესში, შესაძლოა, არსებობდეს შავი ფულის გათეთრების კუთხით და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოითხოვა ინფორმაცია არარეზიდენტი პირების მიერ განთავსებული ფსონების შესახებ.

IMF–ზე უარის თქმას ვერ მოახერხებდნენ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები და მათ მოუწევთ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სავალუტო ფონდისთვის, ბუნებრივია, აქაც თუ არ დამალეს გარკვეული ტრანზაქციები. ხოლო, ადგილობრივ ბაზარზე ყველაფერი ძველებურად დაფარული დარჩება. შემოსავლების სამსახურს კვლავ არანაირი ინფორმაცია არ ექნება აზარტული თამაშების ბიზნესში არსებული რეალობის შესახებ, მოქალაქეები კიდევ უფრო მეტს თანხებს წააგებენ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩავარდება, 10 წელიწადში სათამაშო ბიზნესის 200–ჯერ გაზრდილი ბრუნვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ამ ყველაფრის ხარჯზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გაიზრდის ისედაც საკმარისად დიდ ჯიბეს.

გიორგი კაპანაძე

Share