Home » ეკონომიკა » ირაკლი როსტომაშვილი: 40 000 მოქალაქეს შეიძლება, დასაქმების პრობლემა შეექმნას
ირაკლი როსტომაშვილი: 40 000 მოქალაქეს შეიძლება, დასაქმების პრობლემა შეექმნას

ირაკლი როსტომაშვილი: 40 000 მოქალაქეს შეიძლება, დასაქმების პრობლემა შეექმნას

“მენაშენეთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი ვარაუდობს, რომ 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები დაახლოებით, 40 000 ადამიანს  დასაქმების პრობლემას შექმნის. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.

“ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებამ, ბანკებში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10-ჯერ შეამცირა იპოტეკური სესხების გაცემა. დეველოპერულ კომპანიებს 50%-თ შეუმცირდათ უძრავი ქონების რეალიზაცია. რიგი კომპანიები უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ახალი დეველოპერული პროექტის დაწყებას. ქვეყანაში თვითდასაქმებული მოქალაქეების 30-40% სწორედ მშენებლობაზე, ან მასზე უშუალოდ დამოკიდებულ სფეროებზე არიან დასაქმებულნი. (ტრანსპორტი, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება და იმპორტი, კარ-ფანჯრის წარმოება, ავეჯის წარმოება, ელექტიკოსები, სანტექნიკოსები, მღებავები, კერამიკული ფილის დამგებები და ა.შ.) უხეში გათვლებით, ეს 80 000 დასაქმებულია, რომელთა უკან 200 000 მოქალაქეა (ოჯახის წევრები). მარტივი არითმეტიკით, 40 000 მოქალაქეს შეიძლება დასაქმების პრობლემა შეექმნას… ბოლო წლების გამოცდილებით, უმუშევრად დარჩენილი მუშები და ხელოსნები მასობდივად გაედინებიან ქვეყნიდან და ევროპის ქვეყნებში ეძებენ სამუშაოს. (ეს კარგ შემთხვევაში, ცუდ შემთხვევაში, ძარცვა-ყაჩაღობით ირჩენენ თავს). იქმნება სერიოზული დემოგრაფიული პრობლემაც, როდესაც 20 – 45 წლის მამაკაცები, რომელიც ქვეყნის გენოფონდია, გადიან საქართველოდან”,- წერს ირაკლი როსტომაშვილი.

ცნოვისთვის, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.

დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მოქალაქეს არ ექნება. ამასთან, დებულებით დგინდება, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

Share