Home » საზოგადოება » ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი
ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი

ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი

„ჩვენი ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ პენსიის ზრდა მიებას და გარკვეულ კორელაციაში იყოს ეკონომიკის ზრდასთან“

საქართველოს პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები ორ ნაწილად იყოფა და ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც საზოგადოებაში არსებობს.

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილ პროექტებზე, პენსიების შესაძლო მატებაზე, ბიუჯეტის ასიგნინებსა და ხარჯვით ნაწილზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა.

– როგორც დაანონსებულია, პენსია 2019-2020 წლებში 20-20 ლარით უნდა გაიზარდოს. რატომ ვერ ხერხდება მისი მეტად გაზრდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თქვენი ოპონენტები, მაგალითად 400 ლარიან პენსია ჰპირდებიან ამომრჩევლებს?

– სანამ უშუალოდ პენსიებზე ვისაუბრებდეთ, მინდა სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე გავამახვილო ყურადღება. მნიშვნელოვანი ცვლილებებით შემოვიდა მთავრობა ბიუჯეტში და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია მეორე მოსმენის დროს 270 მილიონით, ხოლო 2018 წელთან მიმართებაში 538 ლარით იზრდება ასიგნებები, ანუ ხარჯვა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით აი ამ ოდენობის თანხით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს სახელმწიფო თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით მეტს დახარჯავს. მთლიანობაში კი ასიგნებები მიაღწევს 12.997 მილიარდ ლარს.

მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მსგავსი ციფრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვქონია. კონკრეტულად რომ დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რაც თქვენ ბრძანეთ, არამარტო საპენსიო ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არის შესული, მთლიანობაში რომ ავიღოთ ჯანმრთელობის სამინისტრო, სოციალური სფერო, განათლება და ა.შ. მთლიან ბიუჯეტში, აი ამ ტიპის ხარჯები არის 47%. ზუსტად რომ გითხრათ, აი ამ სოციალურ მიმართულებებზე გამოყოფილია 5.49 მილიარდი ლარი. შემიძლია სხვა სიტყვებითაც ვთქვა, ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი.

– როგორც ახსენეთ, ხარჯვითი ვარიანტი გაზრდილია ბიუჯეტის შეცვლილ ვარიანტში. ძირითადი დაფინანსება სოციალური მიმართულებებზე მოდის, იგივე 50 ლარიანი პაკეტი, რომელიც პრემიერმაც ახსენა, ამ დოკუმენტშიც გათვალისწინებულია. დეტალურად რომ გვითხრათ ბიუჯეტის შეცვლილ ნაწილზე. რის ხარჯზე იზრდება დაფინანსება ამ მიმართულებაზე?

– შეცვლილ ვერსიაში პრემიერ მინისტრის ინიციატივით არის ჩადებული 70 მილიონი. ეს ის თანხაა, რომლითაც იზრდება ნაკლებად დაცული ოჯახებისთვის იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც მიიღებენ 50 ლარს, თუმცა პროპორცია იქ არის 20-30-ზე, ეს არის დაახლოებით 144 000 ბავშვი. უფრო ზუსტად რომ გითხრათ ეს არის 69.5 მილიონი ლარი. ვახსენე, რომ მეორად ვერსიაში 270 მილიონი ლარითაა გაზრდილი ხარჯვითი ნაწილი პირველადი ვერსიისგან განსხვავებით და ამ 270 მილიონში დევს 69.5 მილიონი ლარი. ეს დახმარება აქამდე 10 ლარი იყო. ახლა კი 50 ლარია. უპირველეს ყოვლისა ეს არის გადასახადების ხარჯზე, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი და სხვა ტიპის გადასახადის ხარჯზე. ასევე გაზრდილია გრანტები. გაზრდილია სესხების დაბრუნებაც. ასევე პრივატიზაციიდან შემოსულობები. სხვადასხვა ტიპის საბიუჯეტო კრედიტები. ეს ყველაფერი ჩამოთვლილი ჯამურად შეადგენს 357 მილიონ ლარს. აი ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ხარჯვითი ნაწილი გავზარდოთ.

– დავუბრუნდეთ პენსიის საკითხს. რატომ ვერ ხერხდება პენსიების გაზრდა 20-20 ლარზე მეტად, რა ობიექტური ახსნა აქვს იმას, რომ მეტად ვერ ხერხდება მისი გაზრდა?

– ბიუჯეტის ამ ნაწილში არის გათვალისწინებული პენსიის 20 ლარით გაზრდა. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ, რაც ასახულია ბიუჯეტშიც. ამისთვის არის ბიუჯეტში 90 მილიონი ლარი მობილიზებული. ამით ქვეყანაში დიდი პროცესი იწყება. ფუნდამენტური რეფორმაა, რაც დანაზოგების უზრუნველყოფას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულ წლებზე არის გაწერილი, ეს უზრუნველყოფილ სიბერეს ნიშნავს. მივესალმებოდი, რომ ეს რეფორმა ბევრად ადრე დაგვეწყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასევე არის სხვადასხვა ტიპის შეღავათები იმ პენსიონერთათვის, რომლებიც მედიკამენტებით სარგებლობენ.

ვფიქრობ, ეს ის თანხები და შესაძლებლობებია, რომელსაც ეს ბიუჯეტი დღეს იძლევა. ჩვენი ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ პენსიის ზრდა მიებას და გარკვეულ კორელაციაში იყოს ეკონომიკის ზრდასთან. ეს არის მთავარი. ეკონომიკის ზრდასთან ერთად პენსიის ზრდაც უნდა მოხდეს და არა ისე, რომ ერთბაშად გაიზარდოს, ვთქვათ 50 ლარით.

– თუმცა, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით შესაძლებელია პენსიის 400 ლარამდე გაზრდა. რამდენად რეალისტურია ეს?

– ეს წარმოუდგენელია. ეს ჩვენმა ოპონენტებმაც აღიარეს, რომ ერთბაშად ამხელა ზრდა პენსიის ვერ მოხდებოდა. ეს უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად და ამას ისინიც აღიარებენ. ამისათვის 1.8 მილიარდი ლარის მობილიზებაა დამატებით საჭირო. საამისოდ მთელი სამინისტროები უნდა გაუქმდეს, ხელფასი არ გაიცეს და ა.შ. რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. სხვათაშორის, ჯანდაცვის კუთხით მინდა გითხრათ, რომ მთელი რიგი პროგრამებია გათვალისწინებული. გარდა ამისა, არის 754 მილიონი ლარი იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ამუშავდეს.

არის იმუნიზაციის პროგრამა თითქმის 23 მილიონით. ჩ ჰეპატიტის პროგრამა, აივ-ინფექცია, ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო პროგრამა, დიალიზის პროგრამა. ჩვენ ასევე ორი საავადმყოფოს მშნებლობის პროგრამა გვაქვს. გვაქვს ასევე სასწრაფო დახმარების და ტრანსპორტირების პროგრამა, თითქმის 45 მილიონიანი პროგრამა. სოფლის ექიმი, რეფერალური მომსახურების პროგრამა, რომელიც 20 მილიონიანია.

ასევე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პუნქტებით არის ბიუჯეტში ის პროგრამები გაწერილი, რომელიც ასევე ათეულობით მილიონ ლარს ითვალისწინებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჯამურად, როგორც გითხარით 5.49 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული სოციალური მიმართულებებისთვის, რაც ბიუჯეტის 47 პროცენტია.

Share