Home » საზოგადოება » ინტერნეტში ჩასაფრებული „ონლაინ თაღლითები“ – ვინ უნდა დაიცვას მოტყუებული მყიდველების უფლებები
ინტერნეტში ჩასაფრებული „ონლაინ თაღლითები“ - ვინ უნდა დაიცვას მოტყუებული მყიდველების უფლებები

ინტერნეტში ჩასაფრებული „ონლაინ თაღლითები“ – ვინ უნდა დაიცვას მოტყუებული მყიდველების უფლებები

ნივთების ონლაინ გამოწერა სულ უფრო პოპულარული ხდება. შესაბამისად, იმატა იმ „ფეისბუკ“ გვერდების რაოდენობამაც, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ნივთების შეძენას, სახლიდან გაუსვლელად, თანხის წინასწარი ჩარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობს.
თუმცა, როგორც ჩანს, ბევრი მათგანის უკან თაღლითური სქემა იმალება. იღებენ თანხას, შემდეგ კი მომხმარებლებს შეტყობინებაზეც კი აღარ პასუხობენ.

როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაში განმარტავენ, ასეთ შემთხვევებს შესაბამისი კანონი არეგულირებს, თუმცა მისი აღსრულება სირთულეს წარმოადგენს. ამის მიზეზია ის, რომ მომხმარებელთა დაცვის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო არ არსებობს და მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვა მხოლოდ სასამართლოს გზით შეუძიათ. ეს

უკანასკნელი კი, გარკვეულ თანხასა და დიდი დროს მოითხოვს, რის გამოც, მომხმარებლები დავის დაწყებისგან თავს იკავებენ. 

სამაგიეროდ, ონლაინ შოპინგით დაზარალებული მომხმარებლები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს სოციალური ქსელით უზიარებენ. „ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე მათგანის შემთხვევას გაგაცნობთ:

„ხალხნო! არ ენდოთ „ფეისბუკ“ ონალაინ გამოწერებს. მეც მომატყუეს. ქურთუკი გამოვიწერე. ფული წინასწარ ჩამარიცხინეს, მაგრამ ვერც ქურთუკი მივიღე და არც თანხას მიბრუნებენ. ჩემს შეტყობინებებს საერთოდ აღარ პასუხობენ“,- წერს მომხმარებელი.
„ნივთი გამოვიწერე, თანხა წინასწარ ჩავრიცხე. ნივთი არ ჩამოვიდა, არც თანხას მიბრუნებენ. „ფეისბუკზე“ ვწერდი, მერე ვუკომენტარებდი და საერთოდ დამბლოკეს. არავის ენდოთ!“.

„ფეხსაცმელი გამოვიწერე, მაგრამ როგორც თქვენ გინახიათ,ისე მე! გამოწერისას წინასწარ თანხის ნახევარი ჩამარიცხინეს, მაგრამ არც გადახდილს მიბრუნებენ. საერთად აღარ მეკონტაქტებიან. ვწერ და არ მპასუხობენ. ქართული ონლაინ გამოწერები არ არის სანდო. ყველა თაღლითია!!“
„ესენი არიან თაღლითები. თანხა წინასწარ ჩამარიცხინეს, არც ნივთი ჩამოსულა და არც ფულს მიბრუნებენ. საერთოდ აღარ მპასუხობენ“,-წერს კიდევ ერთი მომხარებელი, რომელიც კომენტარს იმ კონკრეტული გვერდის ფოტოს ურთავს, ვისაც, მისი თქმით, თანხა ჩაურიცხა.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრის“ მომხმარებელის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე „ბიზნესპრესიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი საჩივრებით მოქალაქეები მათაც მიმართავენ, თუმცა არსებული კანონმდებლობით, გამოსავალი მხოლოდ სასამართლოში დავის დაწყებაა.

„დაზარალებული მომხმარებლების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, თუმცა მსგავსი საჩივრებით ჩვენ პერიოდულად მოგვმართავენ. შესაბამისი კანონიც არსებობს, მაგრამ აღსრულების საკითხია რთული. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ასეთ შემთხვევებში მარტივად დაეხმარებოდა მოქალაქეებს. ანუ მომხმარებელმა ბიზნესთან დავა თავად თუ ვერ მოაგვარა, სასამართლოს უნდა მიმართოს, რისგანაც უმრავლესობა თავს იკავებს“,-აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ თვითონ მომხმარებლებიც ყურადღებით იყვნენ, ვიდრე კონკრეტულ ნივთს შეუკვეთავენ და საეჭვო კომპანიებთან ურთიერთობისგან თავი შეიკავონ.

„არის შემთხვევები, როდესაც შუამავალი კომპანიები ყიდიან ამა თუ იმ პროდუქტს და ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას პროდუქტის ხარისხზე და ა.შ. ეს ზოგჯერ, მათ საიტზე პირობებიც წერია, უბრალოდ, გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი არ აქცევს ყურადღებას. ამიტომ, როდესაც ნივთს ონლაინ ვყიდულობთ, პირველ რიგში, კარგად უნდა გავეცნოთ პირობებს და თუკი ის მიუღებელი ან საეჭვოა, უმჯობესია, არ ვისარგებლოთ მათი მომსახურებით“,-აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

რაც შეეხება უშუალოდ კანონს და მისი აღსრულების ეფექტურ მექანიზმს, როგორც მომხმარებელის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, პარლამენტში ახლაც სამუშაო რეჟიმშია კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მომხმარებლების უფლებების დაცვის პროცესი გაცილებით გამარტივდება.

„ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში არსებობს სხვადასხვა ჩანაწერი, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსშია თაღლითობაზე შესაბამისი მუხლები, რომელიც ითვალისწინებს როგორც პატიმრობას, ისე საჯარიმო სანქციას. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.
მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა არსებობდეს, შესაბამისი სააგენტო, რომელიც დაიცავს მომხმარებლის უფლებებს, ბაზარზე ზედამხედველობას განახორციელებს და ა.შ. ძალიან ბევრ ქვეყანაშია მსგავსი სააგენტო, რომელსაც მომხმარებელი მიმართავს და მარტივი საშუალებებით ეხმარებიან. მათ შეუძლიათ მეწარმეს უკანონო პრაქტიკის აღკვეთა დაავალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები გამოიყენონ. ჩვენთან მსგავსი რამ არ არის, თუმცა, დიდი ხანია, რაც კანონი მომხმარებლის უფლებების შესახებ მუშავდება. სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერა და ვერ მიიღო. სწორედ ამ კანონპროქტშია საუბარი შესაბამისი ორგანოს შექმანაზე. იმედია, მომავალ წელს მაინც მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენს ქვეყანას ეს ვალდებულება გააჩნია“,-აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი ორგანო სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება.

წყარო:bpn.ge

Share