Home » ბიზნესი » იმპორტიორები მთავრობას მომავალ წელს სიგარეტზე აქციზის 15-20 თეთრით მატებას სთავაზობენ

იმპორტიორები მთავრობას მომავალ წელს სიგარეტზე აქციზის 15-20 თეთრით მატებას სთავაზობენ

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობას 12 წლიანი გეგმა  შესთავაზეს და ახლა მათ მიერ შეთავაზების განხილვას ელიან.

JTI Caucasus-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივა ხასია აღნიშნავს, რომ ეს  გეგმა სექტორს რისკებს ააცილებს, მათ შორის კონტრაბანდის გაზრდას.

ხასია აღნიშნავს, რომ მომატებული კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნება, თუ მთავრობა აქციზის განაკვეთს მათ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით მოუმატებს. ამ გეგმის მიხედვით კი მომავალ წელს, აქციზის 15-20 თეთრით ზრდა არის გათვალისწინებული.

მთავრობის მიერ წინა წლებში აქციზის მომატებას სიგარეტის რეალიზაციის შემცირება არ გამოუწვევია, თუმცა შეიცვალა სეგმენტების წილი, კერძოდ,  მოსახლეობა უფრო დაბალფასიან თამბაქოზე გადავიდა.

ამასთან, გაძვირებამ ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქცია მოამრავლა. სამომავლოდ, სწორედ, მსგავსი რისკების თავიდან ასაცილებლად ელის თამბაქოს ინდუსტრია მათ მიერ  წარდგენილი აქციზის მატების 12 წლიანი გეგმის დამტკიცებას.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ თამბაქოზე აქციზის გადასახადი სამჯერ გაიზარდა, ფილტრიან სიგარეტზე განაკვეთმა 60 თეთრიდან 1, 1 ლარამდე  მოიმატა, ხოლო უფილტროზე აქციზი 15 თეთრიდან 30 თეთრამდე გაძვირდა.

2015 წლის 1 ივლისიდან კი დაწესდა დამატებითი, ე.წ. ადვალური გადასახადი, რომელიც ამჟამად თამბაქოს საცალო-სარეალიზაციო ფასის 10%-ით  განისაზღვრება. მთლიანობაში აქციზის ზრდამ თამბაქოს პროდუქცია საშუალოდ 20-25%-ით გააძვირა.

თამბაქოს ინდუსტრიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირება არასწორად ხდება, რამაც საბოლოოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა არამხოლოდ კომპანიებსა და ბიუჯეტზე, არამედ მომხმარებელზეც.

წყარო: gbc.ge

Share