Home » ახალი ამბები » #იმოგზაურევისოლთანერთად – საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად – საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

საქართველოს ტერიტორია განსაკუთრებულია მრავალფეროვანი ბუნებით. კლიმატური ზონა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, საშუალებას გვაძლევს უნიკალური ფლორითა და ფაუნით გავაოცოთ მთელი მსოფლიო, სწორედ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ზონებისა და უნიკალური ბუნების უკეთ გასაცნობად კომპანია „ვისოლმა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ორდღიანი მედია-ტური ჩაატარა.

მედია-ტურში, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულად ლამაზ ადგილებში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების ანონსირებას ისახავდა მიზნად.

რუსუდან კბილაშვილი, „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი:

„#იმოგზაურევისოლთანერთად – ეს პროექტი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ამ ფორმით კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის სტუმრების ინფორმირებას იმ მდიდარი ბუნებრივი რესურსების და მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაციის შესახებ, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორიების ნახვისას.“

#იმოგზაურევისოლთანერთად პროექტის ფარგლებში, მომზადდა 16 ვიდეო ბლოგი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგებში ნახავთ პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთო-საფეხმავლო ბილიკებს. ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ უსაფრთხო მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

მედია-ტურის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში პრომეთეს მღვიმესა და კოლხეთის ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ. ტურის მონაწილეებს ზუგდიდში, ახლადგახსნილმა ბუტიკ სასტუმრო „ლეთომ“ უმასპინლა. „ლეთოში“ გამართულ გალა-ვახშამზე ტურის მონაწილეებისთვის გათამაშებაც გაიმართა, სადაც გამარჯვებულს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისთვის „ვისოლის“ საწვავი, „ლეთოს“ სასტუმროს ნომრის ჯავშანი და დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ერთწლიანი აბინემენტი გადაეცა. იგივე პრიზები ელის #იმოგზაურევისოლთანერთად პროექტის ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ორთვიანი სოციალური მედია გათამაშების გამარჯვებულებსაც.

გარდა ამისა, “ვისოლ ჯგუფი” ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე “დასვენებისა და მომსახურების ცენტრების” შექმნით, “სმარტსა” და “ვენდისში” ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ეს კი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით, გაცილებით კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორ ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. მღვიმეში 2019 წელს სრულად შეიცვალა განათების სისტემა და ტურისტებს ახლა სრულიად განსხვავებულ გარემოში შეუძლიათ მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმის ბოლო დარბაზში იმართება ლაზერ-შოუც. რაც შეეხება კოლხეთის ეროვნულ პარკს, მედია-ტურის მონაწილეებმა პანტონით გაისეირნეს პალიასტომის ტბის ფიჩორის მონაკვეთზე და მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტერიტორია წელს საქართველოში პირველად, იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.

Share