Home » ეკონომიკა » იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა
იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა

იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა

2019 წლის იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთის ოკუპირებულმა რეგიონმა მოიხმარა. ამის შესახებ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) 2019 წლის ელექტროენერგიის ბალანსშია აღნიშნული.

კერძოდ, გასულ თვეში „ენგურჰესმა“ და „ვარდნილჰესმა“ ჯამში, 265.056 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აქედან შპს „ენგურჰესმა“ – 216.870 მლნ კვტ/სთ; ხოლო „ვარდნილჰესმა“ – 48.186 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ კი საანგარიშო პერიოდში 254.333 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

როგორც „რეზონანსი“ წერს, 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო მუშაობა შეაჩეროს. ენგურჰესის შესაძლო გაჩერებაზე განცხადებით გამოვიდა ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მხრივ გარკვეული ზომები არ გატარდა, 5 მარტისთვის ენგურჰესის წყალსაცავში წყალი აღარ იქნება და აფხაზეთი დენს ვერ მიიღებს.

როგორც ცნობილია, საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. გაზრდილი მოხმარების ხარჯზე კი ზამთარში ენგურჰესისა დ ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს ხმარდება. ამის გამო გასულ წლებში აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. კერძოდ, მოსახლეობას დღის განმავლობაში – 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშებოდა დენი.

ცნობისთვის, ესკო-ს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში ჯამში, გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 1 011.039 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

Bpn.ge

Share