Home » ეკონომიკა » იანვარ-მარტში აფხაზებმა ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად წაიღეს
იანვარ-მარტში აფხაზებმა ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად წაიღეს

იანვარ-მარტში აფხაზებმა ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად წაიღეს

ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ფაქტობრივად, მთლიანად აფხაზეთს მიაქვს.

ამაზე მიუთითებს 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსიც, რომლის მიხედვითა ორივე ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% ოკუპირებულ რეგიონს მიეწოდა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება. ზამთრის სეზონზე ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი აფხაზეთს მიაქვს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას აფხაზები მთლიანად უფასოდ იღებენ.

საქართველოს ელექტროენერგიის 2018 წლის ბალანსის მიხედვით, იანვარ-მარტში ენგურჰესისა და ვარდგილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 724.8 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 671,3 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში აფხაზებმა ამ ორი ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% წაიღეს. 2017 წლის იანვარ-დეკემბერშიკი აფხაზეთის რეგიონმა 46.9% წაიღო.

რაც შეეხება თითოეულ თვეს, მონაცემები ასე გამოიყურება: იანვარში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული იქნა 259.1 მლნ კვტ/სთ, თებერვალში – 228.2 მლნ კვტ/სთ, მარტში – 237.4 მლნ კვტ/სთ. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ კი იანვარში შეადგინა – 247.408 მლნ კვტ/სთ, თებერვალში – 216.467 მლნ კვტ/სთ და მარტში – 207.426 მლნ კვტ/სთ.

როგორც ცნობილია, ენგურჰესი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი – საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა აფხაზებს ყოველთვის 40-50%-ზე მეტი დენი მიაქვთ და თანაც მუდმივად უფასოდ.

BPN.GE

Share