Home » ფინანსები » “ჰუმანითის ეფექტი” “ჰუმანითის დეფექტად” გადაიქცა – გაძვირებული მედიკამენტები თავს არ გვავიწყებს
"ჰუმანითის ეფექტი" "ჰუმანითის დეფექტად" გადაიქცა - გაძვირებული მედიკამენტები თავს არ გვავიწყებს

“ჰუმანითის ეფექტი” “ჰუმანითის დეფექტად” გადაიქცა – გაძვირებული მედიკამენტები თავს არ გვავიწყებს

“ჰუმანითის ეფექტი” “ჰუმანითის დეფექტად” გადაიქცა – გაძვირებული მედიკამენტები თავს არ გვავიწყებს

«ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მედიკამენტების გაიაფების საკითხი დღემდე აქტუალობას არ კარგავს, ვინაიდან ის პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის მოწყვლადი ფენების დანახარჯებთან და ხშირ შემთხვევაში უკიდურესი გაღარიბების მიზეზიც გამხდარა. ამას ადასტურებს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოკვლევა. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მედიკამენტების ბაზრის კონტროლი და ფასების დაწევა ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც სხვადასხვა წარუმატებელი მცდელობებით, ცდილობენ, რომ თავი გაართვას.

ზოგადად, ნებისმიერ პროდუქტზე, მით უმეტეს, თუ მას სოციალური მნიშვნელობაც გააჩნია, ფასების გაიაფების ორი მექანიზმი არსებობს. პირველი, სახელმწიფო ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებლობებით ქმნის კონკურენტულ გარემოს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რომ წარმოება გაიზარდოს ქვეყნის შიგნით და საბაზრო ეკონომიკის ბერკეტებზე დაყრდნობით, კონკურენციის შედეგად გააიაფოს პროდუქტები, ამ შემთხვევაში მედიკამენტები. მეორე გზაა პირდაპირი ჩარევა და ბაზრის მოთამაშეებისთვის კარნახი, თუ რა მოცულობის ფასნამატით უნდა იოპერირონ მათ ბაზარზე, ან დააწესოს ფასნამატის ზედა ჭერი, რომლის მაღლაც თითოეულ მედიკამენტზე რეალოზატორი ვერ გაზრდის ფასს. ეს მეთოდიც არ არის უცხო, და მაგალითად ევროპის ქვეყნებში მსგავსი რეგულაციებია მედიკამენტების ბაზარზე.

საქარველოს მთავრობა, იმის გათვალისწინებით, რომ გაცხადებულია საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა, ცხადია პირდაპირ ჩარევას ვერ ახდენს ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში და ცდილობს პირველი გზით იაროს, ანუ ბაზარზე კონკურენცია გააჩინოს. ამ კუთხით, ყურადღებას იპყრობს უახლოეს წარსულში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განვითარებული მაგალითი, ბაზარზე ახალი მოთამაშის გაჩენისა.

კერძოდ, გადაწყდა, რომ სახელმწიფო ხელშეწყობით, ბაზარზე შემოსულიყო ახალი კომპანია, «ჰუმანითი ჯორჯია», რომელიც პირველ ეტაპზე განახორციელებდა ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტებს იმპორტს და მათ რეალიზაციას არსებულთან შედარებით მინიმუმ 30 %-ით იაფად. ხოლო მეორე ეტაპზე, განახორციელებდა საქართველოში თანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას. «ჰუმანითი ჯორჯიას» ახალდაფუძნებულობასა და მის მიერ რეგისტრირებულ და იმპორტირებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით კითხვები ყველა ეტაპზე ჩნდებოდა. პასუხები დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ იყო მოლოდინი, რომ სახელმწიფო ჩართულობა ამ კითხვებს მოხსნიდა და რეალურად მოხდებოდა ის, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიდოდა ხარისხიანი (თუნდაც ინდური წარმოების) და გაცილებით იაფი ჯენერიკები.

პირველ ეტაპზე, «ჰუმანიტის» აქტივობამ გარკვეული შედეგი გამოიღო  და ბაზარზე არსებული მოთამაშეები აჰყვნენ თამაშის ახალ წესებს – ჰუმანითის პრეპარატები დაუშვეს საკუთარ სააფთიაქო ქსელებში. თუმცა, მალევე საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ იაფი მედიკამენტების იმპორტის და ფარმაცევტული ქარხნის აშენების პროექტების უკან იდგა მილიარდერი ალექსადრე მაშკევიჩი.  ეს მოსაზრება, რომ ამ თემების უკან ყოფილ პრემიერ-მინისტრტთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, სწორედ მაშკევიჩი ფიგურირებდა, მანამდეც არსებობდა.  ამ ფაქტს, მედიაც და ექსპერტული წრეებიც მოზომილი ოპტიმიზმით შეხვდნენ, მათ შორის საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძეც.

საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ ჰუმანითის მიერ იმპორტირებული იაფი მედიკამენტები საცალო ბაზრიდან მალევე გაქრა. საპარტნიორო ფონდის მიერ გამოყოფილია სესხი – 9 მლნ აშშ დოლარის მოცულობით – რაც მოხმარდა სწორედ ამ მედიკამენტების იმპორტს. დამატებით სახსრები ფარმაცევტული საწარმოს ასაშენებლად აღარ გამოიყოფა. ფარმაცევტული ქარხნის იდეა ჩანასახსივე მოკვდა. საგანელიძე თავს იმით იმშვიდებს, რომ სესხი უზრუნველყოფილია ჰუმანითის აქტივებით და პირველი კლასის საბანკო გარანტიით.

ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების გაძვირება ისევ სახეზეა, რასაც პერიოდულად ეროვნული ვალუტის დევალვაციაც უწყობს ხელს, «ჰუმანითი ჯორჯია» საქართველოში აღარავის ახსოვს, თუმცა არ გვავიწყებს თავს გაძვირებული მედიკამენტები.

როგორც ჩანს “ქართული ოცნების” მცდელობები მედიკამენტების ბაზარზე კონკურენტული გარემოს ფორმირების საფუძველზე ფასების დაწევისა, წარუმატებელი აღმოჩნდა, ვნახოთ რას მოიმოქმედებს ამ კუთხით ახალი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ასევე ამ გზით აპირებს სვლას.

ელენე ციგრიაშვილი

Share