Home » ბიზნესი » Horeca Management Group – სრული კონსალტინგი სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესისთვის
Horeca Management Group – სრული კონსალტინგი სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესისთვის

Horeca Management Group – სრული კონსალტინგი სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესისთვის

“თუკი სასტუმროებს მოუწევთ გადასახადების გადახდა სეზონურად, ბიზნესიც განვითარდება და ნომრებზეც ფასი შემცირდება”

Horeca Management Group – სრული კონსალტინგი სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესისთვის, პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე

კომპანია Horeca Management Group წარმოადგენს სასტუმროების და რესტორნების მმართველ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ჩამოაყალიბა გუნდი, რომელსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და ახორციელებს მმართველობით ქონსალთინგს საქართველოს მასშტაბით. კომპანია სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე: დაწყებული ობიექტის კონცეფციის შემუშავებიდან, ობიექტის კომერციულ ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე და ასევე შემდგომი მართვის ჩათვლით.

რა პროექტები აქვს დღემდე კომპანიას განხორციელებული, რა არის მათი უპირატესობა, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას სასტუმროების ბიზნესი, რაში სჭირდებათ მათ მთავრობისგან ხელშეწყობა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოში მომსახურების ხარისხი, როგორ უნდა მოვიზიდოთ ქვეყანაში უფრო მაღალშემოსავლიანი ტურისტები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსებს” Horeca Management Group–ის დირექტორი გიორგი პაპიაშვილი ესაუბრა.

– როდის დაარსდა კომპანია Horeca Management Group და რა წარმოადგენს თქვენი საქმიანობის ძირითად სფეროს?

– კომპანია Horeca Management Group დაარსდა 2014 წელს და მასში გაერთიანებულია სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალი კადრები. იმ პერიოდში საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია იყო მზარდი და ყოველწლიურად მატულობდა სასტუმროებზე მოთხოვნა. შესაბამისად, რადგან ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა, წარმოიშვა პროფესიონალი კადრების აუცილებლობაც, აქედან გამომდინარე დაარსდა კომპანია.

ჩვენ ვუწევთ ახალ, დამწყებ სასტუმროებს კონსულტაციას, ვასწავლით როგორი უნდა იყოს სასტუმრო, პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე: დაწყებული ობიექტის კონცეფციის შემუშავებიდან, ობიექტის კომერციულ ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე და ასევე შემდგომი მართვის ჩათვლით.

ვასწავლით, როგორ უნდა მოხდეს მისი სწორი პროექტირება, სწორად აღჭურვა, როგორ უნდა აიყვანონ პერსონალი და ვეხმარებით ამ პერსონალის გადამზადებაშიც. სასტუმრო მიგვყავს გახსნის ეტაპამდე, ყველა დეპარტამენტი გვაქვს გამართული ისე, რომ შეძლონ სტუმრის მიღება, გაუმასპინძლდნენ მას და გაუშვან კმაყოფილი.

თუმცა, გარდა ახალგახსნილი სასტუმროებისა, ვუწევთ საკონსულტაციო მომსახურებას უკვე არსებულ სასტუმროებსაც. მაგალითად, ჩვენი კლიენტები იყვნენ ისეთი სასტუმროები, როგორებიცაა, ,,მარკო პოლო~ გუდაურში, “ლოპოტა სპა რეზორტი” კახეთში და ასე შემდეგ. დავეხმარეთ მათ სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადებაში, ჩავუტარეთ ტრენინგები და სამუშაო პროცესი დავხვეწეთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ და უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

– 2014 წლიდან დღემდე რა პროექტები აქვს გახორციელებული Horeca Management Group-ს და მიმდინარე ეტაპზე რა პროექტებს ახორციელებთ?

– ჩვენი პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, დაახლოებით 20-მდე პროექტი განვახორციელეთ 4 წლის განმავლობაში, ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი სასტუმროები როგორებიცაა: Colosseum Marina Hotel, Golden Palace Batumi Hotel & Casino, Hotel Borjomi Palace & Spa, Lopota Lake Resort & Spa, Snow Plaza Hotel, Gomio Inn,  Corner Inn და ა.შ.

ამ ეტაპზე გვაქვს 5 მიმდინარე პროექტი, როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ. საგურამოში ვხსნით დასასვენებელ კომპლექსს, ასევე ქვიშხეთში ვმუშაობთ ახალი სასტუმროს გახსნაზე, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება პატარებზე, მით უმეტეს ადგილმდებაროება იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ზაფხულის პერიოდში ჩამოვიდნენ მშობლები და ბავშვები, დაისვენონ და მიიღონ სიამოვნება ძველ საკურორტო ზონაში, რაც ყველასთვის აუცილებელი და საჭიროა.

თბილისში გვაქვს 2 მიმდინარე პროექტი, ერთ პროექტს ამჟამად ვმართავთ, რომელიც მდებარეობს ვაკეში, სასტუმრო “ატლას აბაშიძე” და ასევე ვართ წარმომადგენლები Swiss-Belhotel International-ის, რომელიც არის საერთაშორისო ბრენდი და დაახლოებით, 150 სასტუმრო აქვს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გავხდით მათი ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში და ამ კუთხითაც ვაპირებთ განვითარებას და შესაბამისად აღნიშნული ბრენდის ქვეშ იგეგმება არაერთი სასტუმროს გახსნა.

ასევე, გვაქვს პროექტი კახეთში, თელავთან ახლოს, რომელიც გაიხსნება 2021 წელს. ეს იქნება 80 ნომრიანი სასტუმრო.

– რატომ Horeca Management Group, რა უპირატესობას მიიღებენ სასტუმროები თუ რესტორნები თქვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში?

Horeca Management Group–ის უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ დამკვეთს სრული სპექტრი – დაწყებული სასტუმროს კონცეფციის შემუშავებიდან, მის გახსნამდე და ამავდროულად შემდგომი მენეჯმენტი.

ვართ ძალიან მოქნილები, არ ვართ შემოფარგლული მხოლოდ დედაქალაქით, პროექტები გვაქვს განხორციელებული, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. თითქმის ყველა რეგიონს მოვიცავთ და შესაბამისად ესეც გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ჩარჩოები და მუშაობის პროცესში ვართ აბსოლუტურად გახსნილები, შესაბამისად საკმაოდ მარტივია ჩვენთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. დამკვეთს ვთავაზობთ სრულ სპექტრს, მომსახურების მთლიან ციკლს, რის მეშვეობითაც დამკვეთს შეუძლია მიიღოს ისეთი მზა პროდუქტი რომელიც, წლების განმავლობაში შემოუტანს საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს და მოგებას.

– როგორც ცნობილია Horeca Management Group-მა სასტუმრო “ატლას აბაშიძე” სულ ახლახანს გახსნა, რა ტიპის სასტუმროა იგი და რა გამოარჩევს მას თბილისის სხვა სასტუმროებისგან?

სასტუმრო “ატლას აბაშიძე” არის ახლად გახსნილი სასტუმრო რომელიც, გავხსენით სულ რაღაც 3 თვის უკან. იგი მაქსიმალურადაა მორგებული საქმიან ადამიანებზე. ძირითადად ჩვენი დამსვენებლები ჩამოდიან ბიზნეს შეხვედრებისთვის. სასტუმროში არის 17 კომფორტაბელური ნომერი, ყველა სტანდარტის დაცვით მოწყობილი.

ასევე, სასტუმროს აქვს თავისი საკონფერენციო დარბაზი, სასადილო ფართი რომელიც საღამოს მუშაობს და აქვს ბარის დატვირთვა. უნდა აღინიშნოს, რომ გახსნის დღიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ახალი სასტუმროს მშენებლობას ოპერასთან, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომლის გახსნაც იგეგმება 2019 წლის ზაფხულში. ნომრების რაოდენობით იგი იქნება პატარა სასტუმრო, მაგრამ უნიკალური თავისი დიზაინით, ადგილმდებარეობითა და სერვისის ხარისხით.

– ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მომსახურება და ფასი არ შეესაბამება ერთმანეთს. მიუხედავათ იმისა რომ, ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ჩვენ მათ დღემდე ვერ ვთავაზობთ იმ მომსახურებას, როგორიც შეიძლება იყოს ევროპის ბევრ ქვეყანაში. რა განაპიროებას ამ ფაქტს და როგორ უნდა დავუახლოვოთ მომსახურება და ფასები მაქსიმალურად ერთმანეთს?

– საქართველო ტურიზმის სფეროში ფაქტობრივად პიონერია, ახლა ვიდგამთ ფეხს ამ მიმართულებით, ახლა ვსწავლობთ სერვისს და მომსახურებას. ვითვისებთ იმას, თუ როგორ უნდა შეეფერებოდეს ფასი და მომსახურეობა ერთმანეთს, აქედან გამომდინარე, ის ხარვეზები რომელიც არსებობს ბაზარზე სავსებით ლოგიკურია, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენ და ამაში ბევრი მენეჯერია უკვე ჩართული, როგორც ჩვენი კომპანიის მხრიდან, ასევე სხვა სასტუმროს მენეჯერები და უკვე ფაქტობრივად ყველა სასტუმროს მართველი თუ მფლობელი ცდილობს, რომ გააუმჯობესოს სერვისი. რა თქმა უნდა, სიტუაციის სრულად გამოსწორებას სჭირდება თაობები. ახალი თაობა თუ არ გაიზარდა, ვერ მივიღებთ გაუმჯობესებულ სერვისს. თუმცა, უნდა აღინიშნოს თავად ხალხიც მიხვდა, რომ ეს სფერო არის ძალიან პერსპექტიული და ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ იმის სურვილს, რომ იმუშაონ სასტუმროში სხვადასხვა პოზიციებზე. რამდენიმე წელიწადში, ალბათ, შესაძლებელი იქნება, რომ მივიდეთ ევროპულ სტანდარტებამდე, ევროპულ სერვისამდე და მივაღწევთ იმას, რომ ჩამოსული სტუმარი იმაზე კმაყოფილი წავიდეს საქართველოდან, ვიდრე დღეს მიდის.

– საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთ წამყვან სფეროდ იქცა, რაც თავისთავად სასტუმროების ბიზნესის განვითარებასაც უწყობს ხელს, თქვენი აზრით რა არის ამ სექტორის უკეთ განვითარებისთვის საჭირო და რამდენად აქვს კიდევ უფრო მეტად განვითარების რესურსი სასტუმროების ბიზნესს საქართველოში?

– პოტენციალი საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან დიდი აქვს. ასათვისებელია ისეთი რეგიონები როგორიც – რაჭა–ლეჩხუმი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი. დღეისათვის ძირითადად დატვირთვა მოდის თბილისზე და ბათუმზე. საკმაოდ გაიზარდა ინტერესი კახეთის მიმართ და იგი ბოლო 1 წელიწადში საკმაოდ ტრენდული გახდა, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე შიდა ტურიზმის მიმართულებით. რესურსი რეალურად ძალიან დიდი გვაქვს და აუცილებლად საჭიროა ამ რესურსის გამოყენება. უნდა იყოს უფრო მეტი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. ფაქტია, რომ ხალხი ამ მიმართულებას სულ უფრო მეტად ითვისებს და ნელ-ნელა ვითარდება, საქმიანობას იწყებენ “გესთ ჰაუსებით”, შემდეგ ხსნიან პატარა სასტუმროებს და მალე მოგვევლიანებიან დიდი სასტუმროების მეპატრონეებადაც, თუ რა თქმა უნდა, სწორად წარმართავენ საკუთარ ბიზნესს.

– სასტუმროების ბიზნესისთვის, რამდენად ხდება მთავრობისგან ხელშეწყობა და კიდევ რაში სჭირდება ამ სფეროს უფრო მეტი მხარდაჭერა და უფრო მეტი დახმარება?

– მთავრობის მხრიდან ნამდვილად არის ხელშეწყობა, მაგრამ კარგი იქნება თუ მოხდება გადასახადების გადახედვა, რომელიც ძალიან აწვება სასტუმროების ბიზნესს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სასტუმროები ძირითადად სეზონურია და არასეზონურ პერიოდში, როდესაც ტურისტები ფაქტობრივად არ არიან, მათ მაინც უწევთ ყველა გადასახადის გადახდა.

ეს სერიოზული ტვირთია სასტუმროსთვის, აქედან გამომდინარე იზრდება ფასები ნომრებზე და ვიღებთ საბოლოო ჯამში იმას, რომ სერვისი და ფასი ერთმანეთს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, თუ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო პუნქტების გადახედვა და შემსუბუქება, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ და ხელს შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას.

რაც შეეხება ტურიზმის ადმინისტრაციას, საკმაოდ კარგად არიან ჩართული ქვეყნის პოპულარიზაციაში და თავის მაქსიმუმს აკეთებენ, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ მთელი ჩვენი ჯგუფის სახელით. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს მათთან და ბევრ ღონისძიებაში ხშირად ერთად ვართ ჩართული.

– როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ მართალია ქვეყანაში გვაქვს 5 ვარსკვლავიანი, ძვირადღირებული სასტუმროები, თუმცა 3-4 ვარსკვლავიანი, ანუ საშუალო დონის სასტუმროების ნაკლებობაა, რა განაპირობებს ამ ფაქტს და რაში ხედავთ გამოსავალს?

– ამისთვის საჭიროა იაფი ფული, ანუ იაფი სესხები და მაქსიმალური ხელშეწყობა. ანუ,
თუკი ადამიანები დღეს იწყებენ 5 ნომრიანი “გესთ ჰაუსებით”, კარგი იქნება თავიდანვე 40 ნომრიანი სასტუმროს გახსნის საშუალება ჰქონდეთ, სურვილის შემთხვევაში. იაფი ფული დაგვეხმარება, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი 3–4 ვარსკვლავიანი სასტუმროები.

გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი აპარტამენტი ქირავდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ბათუმში აპარტამენტების რაოდენობა პიკშია და ამას ემატება დაახლოებით 7000 აპარტამენტი 2021 წლამდე, რაც სასტუმროს შემოსავალზე ცუდად აისახება, როდესაც ტურისტი სასტუმროში დარჩენას არჩევს უფრო იაფიან შეთავაზებას, რჩება აპარტამენტში, რომელსაც აქვს თავის სამზარეულო და იკვებება იქვე. ეს ერთის მხრივ საზიანოა სასტუმროსთვის, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია მოსახლეობისთვის.

– ხშირად საუბრობენ, რომ ქვეყანაში გვაკლია მდიდარი ტურისტები, ანუ ტურისტები, რომლებიც ხარჯავენ მაღალ თანხებს და ირჩევენ სასტუმროებს დასაბინავებლად. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოსაზიდად?

– მაღალშემოსავლიანი ტურისტები, რომ მოვიზიდოთ, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო. ამისთვის მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნა არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა განვავითაროთ ის რესურსები რომელიც გვაქვს ქვეყანაში, რაც საინტერესო იქნება როგორც მაღალშემოსავლიანი ასევე მედიუმ კლასის უცხოელი ტურისტისთვის. რაც შეიძლება მეტი სანახაობა, მეტი გასართობი, მეტი მრავალფეროვნების ნახვის საშუალება უნდა მივცეთ მათ. მართალია რაც დღეის მდგომარეობით გვაქვს რაღაც დოზით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

საქართველოში გვაქვს ძალიან კარგი ღვინო, ღვინის ტრადიციები, გვაქვს საინტერესო ისტორია, შეგვიძლია გავაცნოთ ტურისტებს არაერთი ისტორიული ძეგლი, ეკლესიები, მაგრამ ეს არის საკმარისი მაღალშემოსავლიანი ტურსტების მოსაზიდად. მათ უნდა მივცეთ ფულის დახარჯვის საშუალება და საამისოდს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ადგილები თუ არ მოეწყობა, ვერ მივიღებთ სათანადო შედეგს.

– ბევრი კრიტიკოსი ჰყავს ისეთ პროგრამებს როგორიცაა Check in Georgia, სხვადასხვა ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები რის გასამართადაც თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან. თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების გამართვა ქვეყანაში და რამდენად უწყობს იგი ხელს ტურისტების მოზიდვას?

– Check in Georgia წამოწყებას მე პირადად მივესალმები მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ამით შეიძლება დაინტერესდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. რაც შეიძლება მეტი ფესტივალი უნდა ჩატარდეს საქართველოში, რომ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ყველას კარგად ახსოვს ელტონ ჯონის კონცერტი, სადაც არამარტო დსთ–ის ქვეყნებიდან არამედ ევროპის უამრავი ქვეყნიდანაც ჩამოვიდნენ ტურისტები.

ასეთი კონცერტები, ფესტივალები და სპორტული ღონისძიებები აუცილებელია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და ამ კუთხითაც თუ გაგრძელდება მთავრობის ხელშეწყობა და დაფინანსება იქნება ძალიან კარგი.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გაიწეროს გასამართი ღონისძიებების გრაფიკი, როდის რა ღონისძიება ტარდება და მოხდეს მისი აქტიური პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების შემოდინებას საქართველოში, როგორც მაღალი ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე უფრო მნიშვნელოვანია არატურისტულ სეზონზე.

– შიდა ტურიზმი რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად გააქტიურდა იგი ბოლო წლებში, რამდენად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები სასტუმროებით?

– ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა შიდა ტურიზმის მაჩვენებელი და ერთის მხრივ ტრენდულადაც იქცა თბილისიდან 200 კილომეტრის რადიუსით დასასვენებლად გასვლა, თუნდაც 2–3 დღიან “უიქენდზე”. მიდიან ოჯახები, მეგობრები და ატარებენ რამდენიმე დღეს ამა თუ იმ სასტუმროში. ვფიქრობ რომ შიდა ტურიზმის განვითარება, ზოგადად ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

სასტუმროები მხოლოდ გარე ტურისტების მოზიდვაზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებული, მათ უნდა იზრუნონ ადგილობრივი სტუმრების მოზიდვაზეც. ადგილობრივი სტუმარი თუ კმაყოფილი დარჩება მომსახურებით, გამოდის უცხოელი სტუმარი კიდევ უფრო კმაყოფილი იქნება.

– საქართველოს რომელი ქალაქები და რეგიონები მიგაჩნიათ ყველაზე პერსპექტიულად განვითარების კუთხით, რომელსაც დიდი რესურსი აქვს განვითარების?

– საქართველოში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა ქალაქი გავხადოთ ტურისტულად აქტიური, ამის ბუნებრივი რესურსი ნამდვილად გვაქვს. დღეის მდგომარეობით განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება ქუთაისის განვითარება, სადაც არის რამდენიმე სასტუმრო, მაგრამ საჭიროებს კიდევ დამატებას, ვინაიდან იქვეა საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობს, უამრავ ტურისტს იღებს როგორც ტურისტულ ასევე არატურისტულ სეზონში. ასევეა, თელავი სიღნაღი და სხვა. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკმაოდ დიდი რესურსი, რომ მიიზიდოს სხვადასხვა ტიპის ტურისტი. თუ რა თქმა უნდა მთავრობის მხრიდან იქნება თანხების ოპტიმალური გადანაწილება, მივიღებთ საკმაოდ ბევრ, საინტერესო დასასვენებელ და დასათვალიერებელ ლოკაციას.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share