Home » საზოგადოება » „ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისის ხეობაში იგეგმება, საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის არაფერს წარმოადგენს“
„ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისის ხეობაში იგეგმება, საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის არაფერს წარმოადგენს“

„ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისის ხეობაში იგეგმება, საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის არაფერს წარმოადგენს“

პანკისის ხეობაში ხუთ მეგავატიან ჰესს გარემოზე სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ალაზნის პირას საძოვრებს დაკარგავენ, აზრს მოკლებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რევაზ არველაძემ განაცხადა.

„ჰესების მშენებლობას ყველგან რომ მოსახლეობის წინააღმდეგობა შეხვდა, ეს მოსახლეობის გაუთვითცნობიერებულობაა. ნებისმიერი ობიექტი, რაც არ უნდა ააშენო, გარემოზე გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. რაც დიდია ობიექტი, ასეთი გავლენა მით მეტი იქნება.

რაც შეეხება პანკისის მცირე ჰიდროელექტოსადგურს, 5 მეგავატიანს, ჩემი აზრით, მას გარემოზე არ შეიძლება სერიოზული გავლენა მოეხდინა. მოსახლეობის პრეტენზია, რომ ალაზნის პირას საძოვრებს დაკარგავენ, აზრს მოკლებულია. მეორე მიზეზი, თითქოს იქ ტურისტები ჩამოდიან და აღარ ჩამოვლენ, ესეც უსაფუძვლოა.

მიმაჩნია, რომ პირველ რიგში არასწორად მოიქცა დამპროექტებელი და მშენებელი, ამ ჰესის მესაკუთრე. ამ ჰესის მშენებლობა შარშან დაიწყო და მოსახლეობამ შეაჩერა. თითქმის მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია იყო. თითქოს მოსახლეობასთან ყველაფერზე მოლაპარაკებული იყო, მაგრამ თუ მშენებელმა და დამპროექტებელმა იცის, რომ მოლაპარაკებულია და წინააღმდეგობა არ იქნება, ეკონომიკის სამინისტროს რისთვის მიმართავს, რომ პოლიცია გააყოლოს. როდესაც მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია და ქვის სროლა დაიწყო, სპეცდანიშნულების რაზმი შემდეგ გამოიძახეს. ერთადერთი, ვინც სწორად იქცეოდა, ეს სწორედ პოლიცია იყო. ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, სახელმწიფო უნდა ვიყოთ. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“,- აღნიშნა დეპუტატმა.

არველაძის განცხადებით, კონკრეტულად ის ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისის ხეობაში იგეგმება, საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის არაფერს წარმოადგენს.

„ეს ობიექტი საქართველოს ენერგეტიკისთვის არაფერს არ წარმოადგენს. ნულია მისი მნიშვნელობა. ახლა, რომ დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დიდი მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად ეს ობიექტი საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის არაფერი არ არის. ადრე აშენდა „ხადორი “, 24 მეგავატიანი. იქ მართლაც უნიკალური ენდემური ჯიშის ხე – უთხოვარი გაიჭრა. მაშინ არავის ხმა არ ამოუღია“,- განაცხადა არველაძემ.

Share