Home » ბიზნესი » „ჰესებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის სტრატეგიის მეშვეობით უნდა მოხდეს“
„ჰესებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის სტრატეგიის მეშვეობით უნდა მოხდეს“

„ჰესებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის სტრატეგიის მეშვეობით უნდა მოხდეს“

„ელექტროენერგიის მოხმარება 2020-2030 წლებში სავარაუდოდ გაორმაგდება“

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ჰიდრორესურსები,ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და ამ ფონზე ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტი. როგორ უნდა მოახერხოს ქვეყანამ საჭირო ენერგიის ადგილობრივად გენერირება და რატომ ვერ იყენებს საქართველო სათანადოდ დიდი მოცულობის ჰიდრორესურსებს? საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” სტუმრობისას განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის” აღმასრულებელმა, გიორგი აბრამიშვილმა ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.

– ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რა არის ძირითადი მიზეზი, როს გამოც იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და, ზოგადად, ამ თვალსაზრისით როგორია ტენდენციები?

– ეკონომიკურ ზრდას, შესაბამისად, მოხმარების ზრდაც მოჰყვება, მაგრამ მეორე მხრივ ეს ენერგოდეფიციტიც ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ანუ იზრდება დამოკიდებულებაც მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და არა საბაზრო ეკონომიკაზე აწყობილ მეზობელ ქვეყნებზეც.
დღესდღეობით დახლოებით 13 მილიარდ კილოვატს მოვიხმართ და პესიმისტური, ოპტიმისტური და რეალისტური პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი 2020-2030-ისთვის საშუალოდ 20-დან 26 მილიარდ კილოვატსაათამდე ავა. მეტი სასტუმროები, მეტი კონდიციონერები. ძველი რეალობაა, როცა ზაფხულში ყოველთვის ჭარბი ენერგია გვქონდა და ზამთარში – დეფიციტი. ეს ასე აღარ არის. რამდენიმე წელია თბოსადგურებს ზაფხულის თვეებშიც ვრთავთ. თბოსადგურიც მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას ნიშნავს, რადგან საკუთარი წიაღისეული არ გვაქვს და თბოსადგურისთვის საჭირო ბუნებრივი აირი შემოგვაქვს. მაგრამ, წელს უკვე თბოსადგურების ენერგიაც არ იყო საკმარისი ეს ენერგოდეფიციტი რომ დაგვეფარა და უკვე პირდაპირ იმპორტზეც გადავედით.

– როგორც ვიცით, საქართველო საკმაოდ მდიდარია თავისი ჰიდრორესურსებით. კონკრეტულად რა მოცულობაზეა საუბარი და რა შესაძლო დივიდენდები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას რესურსების რაციონალურმა ათვისებამ?

– დღეს დაახლოებით ათვისებული გვაქვს ჩვენი ჰიდრორესურსების 20%, რაც საკმარისი არ არის. თუ ქვეყანა დარჩენილ 80 პროცენტს აითვისებს, არათუ ენერგოდეფიციტი, არამედ წელიწადში ერთი მილიარდი დოლარის სტაბილური შემოსავალიც ექნება. ეს 80 პროცენტი რომ ავითვისოთ, ჩვენი საკუთარი გენერაცია დაახლოებით 50 მილიარდ კილოვატზე ავა, ანუ ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე პროგნოზირებული მოხმარება იქნება 2020-2030 წლისთვის. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ მოხმარებასაც დავაკმაყოფილებთ და დარჩენილი 25 მილიარდი რომ ექსპორტზე, ვთქვათ, კილოვატი 5 ცენტად გავიტანოთ, ყოველ წელს ერთი მილიარდი დოლარის, ანუ დაახლოებით სამი მილიარდი ლარის შემოსავალი გვექნება ქვეყნაში. ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნისთვის იმისთვის, რომ განახლებადი რესურსის გამოყენებაზე უარი ვთქვათ.

– დღესდღეობით ბევრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეფერხებულია და, ზოგადად, საკმაოდ მძლავრი პროტესტი არსებობს ახალი ჰესების მიმართ. რა არის ამ პროტესტის მიზეზი და მშენებლობის შეფერხების მთავარი ფაქტორი?

– ჰიდროსადგურების პროექტების განხორციელებას რეგიონებში ერთი მხრივ გარემოსდამცველების პროტესტი აფერხებს, მეორე მხრივ კი მოსახლეობის, რადგან მას ჰიდრორესურსების ათვისებასთან დაკავშირებული სარგებელი ბოლომდე არ ესმის. მოსახლეობის ნდობის მოპოვება ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის სტრატეგიის მეშვეობით უნდა მოხდეს. სამწუხარო რეალობაა და სერიოზული პრობლემაა სოციალური საკითხი. ერთი მხრივ, ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო სტრატეგია უნდა შემუშავდეს და მოსახლეობასთან კომუნიკაცია ყველა საფეხურზე უნდა გვქონდეს. ცეცხლის ჩაქრობის პრინციპით კი არ უნდა მივუდგეთ, არამედ ყოველ ჯერზე პროექტების სარგებელზე უნდა ვესაუბროთ.

მეორე მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არაერთხელ გვითქვამს, სამწუხაროდ, არსებობს ეჭვები, რომ ის მეზობელი ქვეყნები, რომლებზეც ჩვენი ენერგოდამოკიდებულბა იზრდება, ამ დამოკიდებულების ზრდას ხელს უწყობენ. აქედან გამომდინარე, უკეთესად უნდა ვიმუშაოთ ამ ნაწილშიც, რომ პროვოკაციებს არ ავყვეთ. პირველ რიგში, ჩვენ განახლებად რესურსზე ვსაუბრობთ, ჰიდროს შემთხვევაში. ე.წ. მწვანეებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ჩვენ თბოსადგურების მშენებლობა გადაგვარჩენს. შესაბამისად, მეორე მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულებაზეა აქ საუბარი. ის, რომ თბოსადგურები გარემოსთვის ყველაზე მავნე გენერაციის საშუალებაა, ამაზე დავაც არ არის საჭირო.

– გარემოსდამცველები აქტიურად აჟღერებენ მოსაზრებას, რომ მაქსიმალურად იყოს ათვისებული ალტერნატიული ენერგიის წყაროები. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ამ წყაროების ათვისება და რა ტიპის რისკები ახლავს თან ამ პროცესს?

– ჩვენ, რა თქმა უნდა, ალტერნატიული ენერგიის ყველა წყარო უნდა გამოვიყენოთ, თუმცა არის რამდენიმე წინაპირობა, რის მიხედვითაც ჰიდრორესურსი პირველ პლანზე დგას – პირველია ფასი. იმ თანხის მიხედვით, რასაც სახელმწიფო განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაში დებდა, რომ გადახედოთ ყველა აღმოსავლეთ ევროპულ, ევროპულ თუ პოსტსაბჭოთა სივრცეს, გარდა რუსეთისა და აზერბაიჯანისა, რომელსაც საკუთარი ენერგორესურსი აქვთ, ჩვენ განახლებადში ყევლაზე ნაკლებს ვიხდით. თუ ჩვენ გვინდა, არ გვქონდეს სოციალური პრობლემები, უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიდრორესურსი ყველაზე იაფია. მერე არის ქარის რესურსი და ყველაზე ძვირი მზის ენერგია. მეორე პრობლემა, რასაც ვაწყდებით აქ, ქარის ენერგია და მზის ენერგია ყველაზე ძვირია. გარდა ამისა, ქარის და მზის ენერგია არასტაბილურია და პროგნოზირებაც რთული. მათ მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტი აქვთ. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ამ წყაროებს დაეყრდნოს. რაც მთავარია, სარეზერვო ენერგია უნდა არსებობდეს, როგორიცაა თბოსადგური და ჰიდროების ის ნაწილი, რომელსაც კაშხალი და რეზერვუარი აქვს. კაშხლიანი ჰიდროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა შეგვიძლია, რაც ქარსა და მზეს არ აქვს. ჩვენ ვართ ჰიდროს ქვეყნა. ჩვენი ჰიდრორესურსი მცირეა, მაგრამ ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, თუ მზად ვიქნებით ალტერნატიულ ენერგიებში მეტი ფული გადავიხადოთ, ეს სურათს რადიკალურად არ შეგვიცვლის. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და ენერგოდამოუკდებლობაში ალბათ ეს დიდ გარდატეხას ვერ მოახდენს.

ლიკა მაისურაძე (მომზადდა ბიზნესპარტნიორის მიხედვით)

Share