Home » საზოგადოება » გზების მშენებლობაში არსებულ ხარვეზებზე და გეგმის შეუსრულებების გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ
გზების მშენებლობაში არსებულ ხარვეზებზე და გეგმის შეუსრულებების გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ

გზების მშენებლობაში არსებულ ხარვეზებზე და გეგმის შეუსრულებების გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ

ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში არსებული პრობლემები წლებია ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია. ქვეყანაში აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო გაააქტიურა რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულმა გზების ხარისხის რეიტინგმა( Global Competitiveness Index 2017-2018) – სადაც საქართველო ისეთი დაბალი ეკონომიკური განვითრების ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა ბოცვანა და ჰონდურასი. 7 ქულიანი სისტემით საქართველოს გზებმა 3,8 ქულა დაიმსახურა და 80-82 ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კომერსანტი დაინტერესდა,  ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებით, თუმცა დღეს მოქმედი, ამ დარგის ოფიციალური წარმომადგენლები გულმოდგინედ ირწმუნებოდნენ, რომ მსოფლიო ოკონომიკური ფორუმის შედეგები ნამდვილად არ არის საგანგაშო და საქართველოს გზებიც სულაც არ არის სავალალო მდგომარეობაში.

თუმცა, გუშინ უკვე თავად ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმაც აღიარა, რომ ქვეყნის გზები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. პარლამენტში გამოსვლისას ცქიტიშვილმა განცხადა, რომ გზების მშენებლობის ნაწილში ჩამორჩენა გვაქვს და ქვეყანაში გზების 35%-მდე კვლავ ცუდ მდგომარეობაშია.

ეს იმ დროს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე გზების ინფრასტრუქტურაში რამდენიმე მილიარდი ლარი დახარჯა.

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებად დასახელებულ მაგისტრალებისა და შიდა გზების მოწყობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი, მილიონობით აშშ დოლარის სესხი კი ქვეყანამ საერთაშორისო ბანკებიდან აიღო. ეს ტენდენცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.

„კომერსანტი“ სვამს კითხვას, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ამდენი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, რატომ დგას ისევ ინფრასტრუქტურული პროექტების დაბალი ტემპის და გზის ხარისხის პრობლემა?

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე სრულად ეთანხმება მაია ცქიტიშვილს და აცხადებს, რომ დღეს გზების მშენებლობაში ჩამორჩენა საკმაოდ სერიოზულია. ტრაპაიძე აცხადებს, რომ ეს ტენდერების სისტემის ბრალია.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროექტირება-მშენებლობის ტენდერებზე, რომელსაც აუცილებლად დაემატება მოვლა-პატრონობის მიმართულებაც.

„ნებისმიერი გზის მშენებლობა უნდა განვიხილოთ როგორც ხანგრძლივ დროში ღირებულება. ახლად აშენებული გზა მინიმუმ 10 წელი რემონტს აღარ უნდა დაექვემდებაროს. ჩაატარონ კვლევა, ახალ გარემონტებულ გზებზე ავტობანების გარდა, სადაც ბეტონია დაგებული, რა ხდება. ცუდი სიტუაციაა. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ვატენდერებთ ფასს და სწორედ ეს ქმნის პრობლემას. ფასი არ არის არასოდეს საბოლოო გადამწყვეტი არცერთ ქვეყანაში. ფასი ხარისხის ადექვატური უნდა იყოს. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ,“-აცხადებს ტრაპაიძე.

გარდა ამისა, საკმაოდ სერიოზულ ხარვეზებს ვხედავთ პროექტირებაში და ამის გადაბრალება სხვადასხვა მისამართით ხდება. ტრაპაიძე კითხვას სვამს -„არსებული ხარვეზების, გეგმის არ შესრულების გამო ვინმემ აგო პასუხი რამეზე?“

ტრაპაიძე განმარტავს,რომ აუცილებელია ქვეყანაში შემოღებულ იქნას გზის გრძელვადიანი ღირებულების ცნება, რადგან გზა ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია და არ შეიძლება მისი ისე გატენდერება, როგორც ვთქვათ, დიზელის მოხმარება, ან ტელეფონის შეძენა.

შედეგად, უნდა გატენდერდეს არა მშენებლობის ღირებულება, არამედ გზის გრძელვადიანი ფასი. ტრაპაიძის განცხადებით, მშენებელს მისივე აშენებული გზა მოვლა-პატრონობაში უნდა გადაეცეს, სწორედ ამის შემდეგ ამაღლდება ხარისხი.

„გაჩნდება მოტივაცია იმისი, რომ რაც მეტად ხარისხიანს და კარგს გააკეთებს, მით ნაკლებს დახარჯავს მის მოვლა-პატრონობაში,“-აცხადებს ტრაპაიძე.

მისივე განცხადებით, ეს მიდგომა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა და ის სატენდერო პირობებში უნდა ჩაიდოს.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, 2013 წლიდან 2018 წლის I კვარტლის ჩათვლით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სულ 1 მილიარდ 616 მილიონი ლარი დაიხარჯა. ხოლო მისი რეაბილიტაციის ფარგლებში 811.319 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა.

commersant.ge

Share