Home » ეკონომიკა » გზა ევროპისკენ: ეკონომიკური მოლოდინები, რეალობა და პერსპექტივები
გზა ევროპისკენ: ეკონომიკური მოლოდინები, რეალობა და პერსპექტივები

გზა ევროპისკენ: ეკონომიკური მოლოდინები, რეალობა და პერსპექტივები

ლევან ქისტაური, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი,  ეკონომიკური კვლევის ცენტრის პრეზიდენტი

 ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს. ევროპისკენ სწრაფვას და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია და აღნიშნულის მიზეზებზე აქ არ შევჩერდებით.

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაცია და აქედან გამომდინარე არსებული რეალობა, მოსალოდნელი სიკეთე და გამოწვევა იქნება.
2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი ეკონომიკური შემადგენელი – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). საზოგადოება მოიცვა განცდამ, რომ მყისიერად თუ არა უმოკლეს ვადაში მაინც, ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის და ხელის განძრევის გარეშე, ერთის მხრივ ჩვენი საქონელი შევა ევროპულ ბაზარზე, თავისუფლად ვიმოგზაურებთ, ვისწავლით, ვიმუშავებთ ევროპაში, მეორეს მხრივ ევროპიდან წამოვა ფულადი ნაკადები, ინვესტიციები, მასიურად გაიხსნება ახალი საწარმოები, გაიზრდება შემოსავლები და ცხოვრების დონე საშუალო ევროპულს გაუთანაბრდება.

რას გულისხმობს აღნიშნული შეთანხმება (DCFTA) და რას უნდა ველოდოთ მისგან

როგორც ცნობილია, საქართველოს გაფორმებული აქვს სხვა ხელშეკრულებებიც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (მაგალითად დსთ-ს ქვეყნებთან, სუამ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან), მაგრამ მათგან განსხვავებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გულისხმობს საქონლის, მომსახურეობის და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას. რაც შეეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, ეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხია, თუმცა, შრომითი რესურსების (სამუშაო ძალის) თავისუფალი გადაადგილება კიდევ ცალკე თემაა.

მოდით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ერთად გავაანალიზოთ ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და მოსალოდნელი ეფექტი:

პირველ რიგში გადავხედოთ საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) დარგობრივ სტრუქტურას: ჩვენი ეკონომიკის წამყვანი დარგებია მრეწველობა და ვაჭრობა (17-17%), შემდეგ ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11%), სოფლის მეურნეობა და მშენებლობა (დაახლოებით 9-9%), სახელმწიფო მმართველობა (7.6%), ოპერაციები უძრავი ქონებით (6.9%),  ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6%), სხვა დანარჩენ დარგებზე მოდის 15.5%.

აქ მნიშვნელოვანია რომ მრეწველობაში უდიდესი ნაწილი უკავია სამთომომპოვებით მრეწველობას და მას ზრდის ტენდენცია ახასიათებს, ხოლო გადამამუშავებელი მრეწველობის მოცულობა კი დაახლოებით 5-ჯერ (!) ჩამორჩება მას და უკანასკნელი მონაცემებით კლებისკენაა მიმართული.

ახლა ვნახოთ საქართველოს საგადამხდელო და სავაჭრო ბალანსი პარტნიორი ქვეყნების და დარგების ჭრილში:

საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: სპილენძის მადნები, კონცენტრატები, ფეროშენადნობები, სასუქები, თხილი და კაკალი, ღვინო, მინერალური წყალი, ნედლი ნავთობი და ა.შ. ანუ გადამამუშავებელი მრეწველობის ხვედრითი წილი მინიმალურია.

საქართველოს იმპორტის ძირითადი მუხლებია – ნავთობპროდუქტები და აირები, სამკურნალო საშუალებები, ავტომობილები, თამბაქო, სატელეფონო აპარატები, ხორბალი. სხვა დანარჩენ საქონელზე მოდის მთლიანი იმპორტის 62%. სწორედ  ეს ნაწილია ამჯერად ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო, რადგან იგი თითქმის სრულად  შედგება სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციისაგან.

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის საქართველოს ექსპორტის დაახლოებით 30% და იმპორტის 32%, დსთ-ს ქვეყნებზე – ექსპორტის 38% და იმპორტის25%, დანარჩენ ქვეყნებზე – ექსპორტის 32% და იმპორტის 43%.

ანუ, ჩვენი ექსპორტის 62%  და იმპორტის 68% მოდის არაევროკავშირის ქვეყნებზე. ამასთანავე ჩვენს ექსპორტში წამყვანი ადგილი უჭირავს ნედლეულს, ხოლო იმპორტში – მზა პროდუქციას.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2014-2015წწ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე სახეზე გვაქვს ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდის, დსთ-ს ქვეყნებთან კი ვაჭრობის კლების ტენდენცია.

ევროკავშირის ქვეყნებში მდგომარეობა საპირისპიროა. მათ ეკონომიკაში  წამყვანი ადგილი უჭირავს მანქანა მოწყობილობების და დანადგარების წარმოებას (და შესაბამისად ექსპორტს), ქიმიურ მრეწველობას, მსუბუქ მრეწველობას, ფართო მოხმარების სხვა საქონლის წარმოებას, ავტომობილებს და ა.შ.

ასეთ ვითარებაში ერთია სავაჭრო ბარიერების მოხსნა და კვოტები, მეორეა სტანდარტიზაციის საკითხები, მაგრამ მესამე და უმთავრესია ჩვენი ეკონომიკის და ბიზნესის მზაობა. რა პროდუქციას უშვებს საქართველო? რა სასაქონლო ჯგუფებით ვგეგმავთ ევროკავშირის ბაზარზე შესვლას?  რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული საქონელი ფასით და ხარისხით? რამდენად არიან მზად ჩვენი ბიზნესწრეები და  გაგვაჩნია კი ადეკვატური საწარმოო სიმძლავრეები და პროდუქციის მოცულობები?

ასეთ ვითარებაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის და სრულად ამოქმედების კვალობაზე მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია:

– ევროკავშირიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა და სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტის დიდ ნაწილში ჩანაცვლება;

-საქართველოს ეკონომიკის არსებული დარგობრივი სტრუქტურის და მრეწველობის განვითარების არსებული დონის გათვალისწინებით მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ ევროკავშირში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას;

-ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსალოდნელია სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსის სტრუქტურის ცვლილება. მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის და აქედან გამომდინარე მაკროეკონომიკური წნეხის ზრდა.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მოსახლეობა უფრო იგრძნობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სიკეთეს, რაც ჩვენის ვარაუდით გამოხატული იქნება:

– ფართო მოხმარების საქონელზე 5-10% ფასების შემცირებაში;უცხოური კაპიტალის, ტექნოლოგიების და ბიზნესის საქართველოში შემოსვლაში

– დასაქმების ზრდაში

-შრომის ანაზღაურების სავარაუდოდ 15-20%-ით ზრდში;

–  მშპ-ს ზრდის ტემპების დამატებით 2-2.5% ზრდაში;

– სესხზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში (თუმცა ამავდროულად მოგების მარჟის შემცირებაშიც).

ბუნებრივია, რომ ყველა ეს საკითხი ფულად ნაკადებთანაა დაკავშირებული და აისახება როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე საფინანსო სექტორის, მეწარმე სუბიექტების, ბიზნესის და შიდა მეურნეობების ფინანსურ მდგომარეობაზე.

შეთანხმების ფარგლებში საქართველოს აქვს 4 წელი რათა მოახდინოს ქართული საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროკავშირის რეგულაციებთან.

იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირთან ასოცირების მაქსიმალური ეკონომიკური სიკეთე საჭიროა მომზადებული შევხვდეთ შეთანხმების მოთხოვნათა სრულ ამოქმედებას, მაკრო და მიკრო (ცალკეული დარგის, თუ ცალკეული საწარმოს) დონეზე გავაანალიზოთ და  გავთვალოთ მოსალოდნელი გავლენები, ეფექტები, გამოწვევები და განვსაზღვროთ ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა შესაბამისი მიმართულებით.

და ბოლოს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დადებითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ერთიორად გაიზრდება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების (რაზეც მიმდინარეობს მუშაობა) და თურქეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადასინჯვის (ასევე მიმდინარეობს მუშაობა) შემთხვევაში.

Share